არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ ქალების მიმართ, როგორიც იეჰოვას?

ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ ქალების მიმართ, როგორიც იეჰოვას?

ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ დიდი პატივია, რომ იეჰოვას უამრავი ერთგული დის მხარდამხარ ვემსახურებით. ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ამ მძიმედ მშრომელ დებს. ძმებო, მოგიწოდებთ, რომ მათ რბილად, სამართლიანად და პატივისცემით მოექცეთ. თუმცა აღზრდის, კულტურის და, ზოგადად, არასრულყოფილების გამო შეიძლება ზოგჯერ გაგვიჭირდეს ასე მოქცევა.

ზოგი ისეთ კულტურაში გაიზარდა, სადაც ქალებს პატივს არ სცემენ. აი რას ამბობს ჰანსი, რომელიც ბოლივიაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს: „ზოგს ბავშვობიდან უნერგავდნენ იმ აზრს, რომ კაცები ქალებზე ბევრად მაღლა დგანან, ამიტომ მათ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი უპირატესობის განცდა“. ერთი უხუცესი შენშენი, რომელიც ტაივანში ცხოვრობს, ამბობს: „ჩვენთან ფიქრობენ, რომ ქალი კაცის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. საზოგადოებაში ქალის აზრის გაჟღერებაც კი სამარცხვინოდ ითვლება“. ქალების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ზოგან შეიძლება ასე თვალში საცემი არ იყოს, თუმცა ასეთ საზოგადოებაშიც კი ცუდს არაფერს ხედავდნენ იმაში, რომ მათზე დამამცირებლად იხუმრონ.

საბედნიეროდ, როგორი ფესვგადგმულიც არ უნდა იყოს მამაკაცში ქალებზე უპირატესობის განცდა, მას შეუძლია შეიცვალოს (ეფეს. 4:22—24). ამას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ იეჰოვას მიჰბაძავს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ქალებისადმი, როგორ შეუძლიათ ძმებს მიჰბაძონ მას და უხუცესებმა როგორ უნდა მისცენ სხვა ძმებს კარგი მაგალითი.

ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ ᲐᲥᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲥᲐᲚᲔᲑᲘᲡᲐᲓᲛᲘ?

იეჰოვა ქალების პატივისცემის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ჩვენს ზეციერ მამას ერთნაირად უყვარს თავისი შვილები (იოან. 3:16). ის არ გამოარჩევს ძმებს დებისგან. ვნახოთ, საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა პატივს სცემს ქალებს და უყვარს ისინი.

იეჰოვა მიუკერძოებელია. იეჰოვამ კაციც და ქალიც თავის მსგავსად შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცი ქალზე მეტი ინტელექტით თუ ნიჭიერებით არ გამოირჩევა (დაბ. 1:27). ისინი მის თვალში თანასწორნი არიან (2 მატ. 19:7). მათ ერთნაირად შეუძლიათ ჩასწვდნენ სულიერ საკითხებს და გამოავლინონ ღვთისმოსაწონი თვისებები. იეჰოვა რწმენისთვისაც ერთნაირად აჯილდოებს მათ — ზოგს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების, ზოგს კი ზეცაში მეფედ და მღვდლად მსახურების შესაძლებლობას აძლევს (2 პეტ. 1:1). ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას თვალში ადამიანის ფასს სქესი არ განსაზღვრავს.

იეჰოვა ისმენს მათ ლოცვებს. იეჰოვას გულთან ახლოს მიაქვს ქალების გრძნობები და საფიქრალი. შეგვიძლია გავიხსენოთ რახელი და ხანა, რომელთაც იეჰოვამ სათხოვარი შეუსრულა (დაბ. 30:22; 1 სამ. 1:10, 11, 19, 20). ღვთის შთაგონებით ბიბლიაში ისეთი შემთხვევებიც ჩაიწერა, როცა კაცებმა ყურად იღეს ქალების რჩევა, მაგალითად, აბრაამის, რომელმაც იეჰოვას მითითებით მოუსმინა თავის ცოლ სარას და დავით მეფის, რომელმაც გაითვალისწინა აბიგაილის რჩევა და ისიც კი აღიარა, რომ ის მასთან იეჰოვამ გაგზავნა (დაბ. 21:12—14; 1 სამ. 25:32—35). იესომაც, რომელიც ზეციერი მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო, გაითვალისწინა დედის ნათქვამი (იოან. 2:3—10). ამ მაგალითებიდანაც კარგად ჩანს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იეჰოვა ქალების აზრს.

იეჰოვა ენდობა მათ. მაგალითად, იეჰოვამ ადამთან ერთად ევასაც მიანდო დედამიწაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა (დაბ. 1:28). ეს იმაზე მოწმობს, რომ ევა იეჰოვას თვალში ქმრის თანასწორი იყო, მისი ღირსეული შემავსებელი. იეჰოვა წინასწარმეტყველ ქალებსაც ბევრ რამეს ანდობდა. მაგალითად, დებორასა და ხულდას მან არა მხოლოდ თავისი ხალხისთვის, არამედ მათი წინამძღოლებისთვისაც დაავალა რჩევის მიცემა (მსაჯ. 4:4—9; 2 მეფ. 22:14—20). იეჰოვა დღესაც ბევრ საპასუხისმგებლო საქმეს ანდობს დებს — ისინი ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, მსახურობენ პიონერებად და მისიონერებად, აგრეთვე დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი დარბაზებისა და ფილიალების დაპროექტებაში, მშენებლობასა თუ მოვლა-პატრონობაში. ზოგიც ბეთელში თუ მთარგმნელობით ოფისში მსახურობს. ეს დები იეჰოვას ნების შესასრულებლად დარაზმულ დიდ ლაშქარს ჰგვანან (ფსალმ. 68:11). აშკარაა, იეჰოვა არ ფიქრობს, რომ ისინი სუსტი და ნაკლებუნარიანნი არიან.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐᲗ ᲫᲛᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲑᲐᲫᲕᲐ?

ძმებო, მნიშვნელოვანია, გულწრფელად შეამოწმოთ, სინამდვილეში, რას ფიქრობთ ქალებზე და როგორ ექცევით მათ. თუმცა ამას დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ. როგორც გულმკერდის რენტგენის მეშვეობით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ჩვენს გულში არსებული რაიმე პრობლემა, ისე კარგი მეგობრისა და ღვთის სიტყვის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, უარყოფითი დამოკიდებულება ხომ არ გვაქვს ქალების მიმართ გულის სიღრმეში. კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ?

გაიგეთ მეგობრის აზრი (იგავ. 18:17). კარგი იქნება, თუ ისეთ მეგობარს ჰკითხავთ აზრს, რომელიც გაწონასწორებულია და სხვებს ყოველთვის კარგად ეპყრობა. შეგიძლიათ ასეთი კითხვები დაუსვათ: როგორ ვექცევი დებს? გრძნობენ ჩემგან პატივისცემას? რაში შემიძლია გავუმჯობესდე? იმ შემთხვევაში, თუ მეგობარი რჩევას მოგცემთ, ნუ მოჰყვებით თავის მართლებას, პირიქით, ყველანაირად ეცადეთ, რომ საჭირო ცვლილებები მოახდინოთ.

გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვის სიღრმისეული გამოკვლევა საუკეთესო საშუალებაა, რომ შევამოწმოთ საკუთარი თავი (ებრ. 4:12). მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ ისეთი მამაკაცების შესახებ, რომელთაგან ზოგი პატივს სცემდა ქალებს, ზოგი კი — არა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ საკუთარ თავზე დავფიქრდებით. ბიბლიის სიღრმისეული კვლევა იმაშიც დაგვეხმარება, რომ მთელი ბიბლიის ჭრილში განვიხილოთ, ერთი შეხედვით, დამაბნეველი ბიბლიური მუხლები. მაგალითად, 1 პეტრეს 3:7-ში ქალები „შედარებით სუსტ ჭურჭლად“ a არიან მოხსენიებულნი. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი ინტელექტუალურად ჩამოუვარდებიან მამაკაცებს ან ნაკლებად უნარიანები არიან? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ბიბლიიდან, კერძოდ, გალატელების 3:26—29-დან ვიცით, რომ იეჰოვამ თავისი ძის თანამმართველებად კაცებთან ერთად ქალებიც აირჩია. დიახ, ღვთის სიტყვის სიღრმისეული კვლევა და მეგობართან გულახდილი საუბარი დაგვეხმარება, სათანადო პატივი მივაგოთ დებს.

ᲠᲘᲡᲘ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐᲗ ᲣᲮᲣᲪᲔᲡᲔᲑᲡ?

კრებაში ძმები მოსიყვარულე უხუცესების მაგალითზე დაკვირვებითაც ბევრს სწავლობენ. ამიტომ ვნახოთ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს, პატივისცემით მოეპყრონ დებს და ასე კარგი მაგალითი მისცენ სხვა ძმებს.

ისინი არ ერიდებიან შექებას. ამ მხრივ კარგი მაგალითი უხუცესებს მოციქულმა პავლემ დაუტოვა. რომაელებისთვის მიწერილ თავის წერილში მან ღიად შეაქო რამდენიმე და (რომ. 16:12). წარმოგიდგენიათ, როგორ გაახარებდათ დებს ამის მოსმენა, როცა კრებაში პავლეს წერილს წაიკითხავდნენ! დღესაც უხუცესები აქებენ დებს მათი კარგი თვისებებისა და დაუღალავი შრომისთვის. ამგვარად, დები გრძნობენ, რომ მათ პატივს სცემენ და აფასებენ. უხუცესების სიტყვები შეიძლება ზუსტად ის ბიძგი აღმოჩნდეს დისთვის, რომელიც მსახურების გასაგრძელებლად სჭირდება (იგავ. 15:23).

შეაქეთ

უხუცესებმა გულწრფელად და კონკრეტულად უნდა შეაქონ დები. ერთი დის, ჯესიკას, სიტყვებიდან კარგად ჩანს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ის ამბობს: «რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ძმა დას ეუბნება: „ყოჩაღ“. მაგრამ განსაკუთრებით იმას ვაფასებთ, როცა კონკრეტულ რამეს აღნიშნავენ, მაგალითად იმას, რომ შვილებს კრების შეხვედრებზე ყურადღებით მოსმენას ვაჩვევთ ან კიდევ იმას, რომ კრებაზე წამოსაყვანად დაინტერესებულებს გავუვლით ხოლმე». დიახ, როცა უხუცესები დებს კონკრეტული რამისთვის აქებენ, ისინი თავს საჭიროდ და დაფასებულად გრძნობენ.

ისინი გულისყურით უსმენენ დებს. თავმდაბალ უხუცესებს ესმით, რომ სხვებმაც შეიძლება მიაწოდონ კარგი იდეები. ამიტომ ისინი დების აზრსაც იგებენ და გულისყურით უსმენენ მათ. ეს საქმესაც ადგება და დებსაც ამხნევებს. აი რას ამბობს ერთი უხუცესი ჰერარდო, რომელიც ბეთელში მსახურობს: „ხშირად დებს რაღაც საქმეში ძმებზე უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. ამიტომ ჩემი დავალება უკეთ რომ შევასრულო, მათ ვეკითხები რჩევას“. უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ პიონერი დებისგანაც, რადგან ისინი ძალიან კარგად იცნობენ თავიანთ სამქადაგებლო ტერიტორიას. ერთი უხუცესი ბრაიანი ამბობს: „დებს დიდი წვლილი შეაქვთ ღვთის საქმეში. მათი გამოცდილება ფასდაუდებელია. ასე რომ, ნამდვილად ღირს, ვისწავლოთ მათგან“.

მოუსმინეთ

გონიერი უხუცესი არასდროს წაუყრუებს დის რჩევას. ერთი უხუცესი ძმა ედვარდი ამბობს: „დების აზრის გაგება ძმას სრული სურათის დანახვასა და სხვების გრძნობების გათვალისწინებაში ეხმარება“ (იგავ. 1:5). იმ შემთხვევაშიც კი, თუ უხუცესი ვერ გაითვალისწინებს დის რჩევას, კარგი იქნება, თუ დააფასებს მის გამჭრიახობას და მადლიერებას გამოხატავს გამოთქმული აზრისთვის.

ისინი სხვადასხვა საქმისთვის ამზადებენ დებს. გონიერი უხუცესები შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან, რომ დები სხვადასხვა საქმისთვის მოამზადონ. მაგალითად, მათ შეუძლიათ აუხსნან დებს, როგორ ჩაატარონ სამქადაგებლო შეხვედრები იმ შემთხვევაში, თუ მონათლული ძმა არ იქნება. აგრეთვე შეუძლიათ ასწავლონ სხვადასხვა დანადგარისა თუ სამუშაო იარაღის გამოყენება, რათა დებმაც დაუჭირონ მხარი თეოკრატული შენობების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობას. ზედამხედველები ბეთელშიც ამზადებენ დებს სხვადასხვა საქმის შესასრულებლად, რათა შეძლონ ისეთ განყოფილებებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა: ტექმომსახურება, შესყიდვები, ბუღალტერია, კომპიუტერული განყოფილება თუ სხვა. როცა უხუცესები დებს უშურველად უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, ცხადყოფენ, რომ ენდობიან მათ და ეჭვი არ ეპარებათ მათ შესაძლებლობებში.

ასწავლეთ

დები უზომოდ ემადლიერებიან უხუცესებს, რომელთაც სხვადასხვა საქმე ასწავლეს. მაგალითად, ერთი და ჯენიფერი აღნიშნავს: „როდესაც ერთი დარბაზის მშენებლობაზე ვმსახურობდი, ზედამხედველმა დეტალურად ამიხსნა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მას არც შემდგომში რჩებოდა მხედველობიდან ჩემ მიერ შესრულებული საქმე და ყოველთვის მაქებდა. ერთი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა, რადგან ვგრძნობდი, რომ მაფასებდა და მენდობოდა“. თავის მხრივ, ეს დებიც უზიარებენ სხვებს მიღებულ გამოცდილებას. მაგალითად, ზოგი და სტიქიით დაზარალებულ თანაქრისტიანებს ასწავლის, როგორ შეაკეთონ თავიანთი სახლები. ზოგიც, ვინც გარკვეული მომზადება გაიარა საჯარო სივრცეებში საქადაგებლად, ახლა უკვე სხვა დებს ეხმარება, დაიხვეწონ მსახურების ამ სფეროში.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲔᲥᲪᲔᲗ ᲓᲔᲑᲡ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘᲕᲘᲗ?

იეჰოვას მსგავსად ჩვენც ძალიან გვიყვარს ჩვენი ძვირფასი დები და მათ ოჯახის წევრებივით ვექცევით (1 ტიმ. 5:1, 2). გვეამაყება, რომ მათ მხარდამხარ ვმსახურობთ და გვიხარია, რომ ისინიც გრძნობენ ჩვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას. ერთი და ვანესა ამბობს: „უზომოდ ვემადლიერები იეჰოვას, რომ თავის ორგანიზაციაში გამაერთიანა და ისეთი ძმები მაჩუქა, რომლებიც არასდროს იშურებენ ჩემთვის თბილ სიტყვებს“. ერთი ტაივანელი და აღნიშნავს: „გული იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ მადლიერებით მევსება, როცა ვხედავ, როგორ პატივს გვცემენ და გვიფრთხილდებიან ქალებს. ამაზე ფიქრი რწმენას მიმტკიცებს და კიდევ უფრო ვაფასებ, რომ იეჰოვას ხალხს შორის ვარ“.

წარმოიდგინეთ, როგორ უხარებს გულს იეჰოვას იმის დანახვა, რომ ქრისტიანულ კრებაში ძმებს დების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც თავად მას (იგავ. 27:11). შოტლანდიაში მცხოვრები ერთი უხუცესი ბენჯამინი აღნიშნავს: „ქვეყნიერებაში ქალები ხშირად გრძნობენ მამაკაცების მხრიდან უპატივცემულობას. ამიტომ, როცა დარბაზში შემოდიან, გვინდა, რომ მათ იგრძნონ განსხვავება“. მოდი ყველა ვეცადოთ, რომ მივბაძოთ იეჰოვას და სიყვარულითა და პატივისცემით მოვეპყროთ ჩვენს ძვირფას დებს, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ (რომ. 12:10).

a იმის გასაგებად, თუ რა იგულისხმება „შედარებით სუსტ ჭურჭელში“, იხილეთ 2006 წლის 15 მაისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „სუსტი ჭურჭლის ღირებულება“ და 2005 წლის 1 მარტის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „გონივრული ხელმძღვანელობა დაქორწინებული წყვილებისთვის“.