არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ მეორდება ბიბლიაში სხვადასხვა აზრი თუ ფრაზა?

ᲖᲝᲒᲯᲔᲠ ბიბლიის დამწერები ერთსა და იმავე ფრაზას სიტყვასიტყვით იმეორებდნენ. ქვემოთ განვიხილავთ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი.

დრო. ძველად ისრაელთა უმეტესობას არ ჰქონდა კანონის პირადი ასლი. კანონში ჩაწერილს ისინი, ძირითადად, მაშინ ისმენდნენ, როცა მთელი ერი თაყვანსაცემად კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში იკრიბებოდა (კან. 31:10—12). ასეთ გარემოში ნამდვილად არ იქნებოდა მარტივი ყველაფრის ყურადღებით მოსმენა, მით უმეტეს, რომ მათ საათობით უწევდათ ფეხზე დგომა (ნეემ. 8:2, 3, 7). ამიტომ მთავარი აზრების გამეორება ხალხს გაუადვილებდა მათ დამახსოვრებას და ცხოვრებაში გამოყენებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ იქნებოდა, როცა საქმე ღვთის მიერ დადგენილ წესებსა და სამართალს ეხებოდა (ლევ. 18:4—22; კან. 5:1).

ტექსტის ხასიათი. ბიბლიის ზოგიერთი წიგნი თუ მონაკვეთი პოეტური ხასიათისაა, მაგალითად, ფსალმუნები, ქებათა ქება, გოდება და ა.შ. მათ გალობდნენ კიდეც. მთავარი აზრის ხაზგასასმელად ზოგიერთ ასეთ საგალობელს მისამღერიც ჰქონდა, რაც მსმენელს მათ დამახსოვრებას გაუადვილებდა. ყურადღება მიაქციეთ, როგორაა გამოყენებული ეს ხერხი ფსალმუნის 115:9—11-ში: „ისრაელო, მიენდე იეჰოვას — შენი მშველელი და ფარია იგი! აარონის შთამომავლებო, მიენდეთ იეჰოვას — თქვენი მშველელი და ფარია იგი! იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას — თქვენი მშველელი და ფარია იგი!“. ფაქტია, ერთი და იმავე ფრაზის გამეორება მგალობლებს დაეხმარებოდა, არ დავიწყებოდათ ეს უმნიშვნელოვანესი აზრები.

მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმა. ბიბლიის დამწერები ზოგჯერ მნიშვნელოვან აზრებს რამდენჯერმე იმეორებდნენ. მაგალითად, როცა იეჰოვამ ისრაელებს სისხლის ჭამის ამკრძალავი კანონი მისცა, მან მოსეს რამდენჯერმე გაამეორებინა ამ აკრძალვის მიზეზი. ამგვარად, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სისხლი სიცოცხლეს ასიმბოლოებდა (ლევ. 17:11, 14). ის, რომ ღვთისთვის ყოვლად მიუღებელი იყო ნებისმიერი სახით სისხლის გამოყენება, პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომაც ხაზგასმით აღნიშნა (საქ. 15:20, 29).

ზემოთქმულიდან გამომდინარე არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას სურდა, ბიბლიური ფრაზების გამეორება რიტუალად ქცეულიყო. ამაზე მოწმობს იესოს შემდეგი სიტყვებიც: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად“ (მათ. 6:7). დიახ, ლოცვის დროს არ უნდა გავიმეოროთ ერთი და იგივე სიტყვები, თუმცა ცუდი არაფერია იმაში და, პირიქით, კარგიც იქნება, თუ არ შევწყვეტთ ისეთ საკითხებზე ლოცვას, როგორებიც იესომ ლოცვის ნიმუშში მოიხსენია (მათ. 6:9—13; 7:7—11).

აშკარად დავინახეთ, რომ ბიბლიის დამწერები ერთსა და იმავე ფრაზას ან აზრს გარკვეული მიზნით იმეორებდნენ და, რომ ეს იყო სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ჩვენი დიდებული მოძღვარი იეჰოვა იყენებდა (ეს. 48:17, 18).