არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ჩემი სისუსტეების წყალობით შევიგრძენი სრულად იეჰოვას ძალა

ჩემი სისუსტეების წყალობით შევიგრძენი სრულად იეჰოვას ძალა

ᲛᲔ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲘ მეუღლე 1985 წელს კოლუმბიაში ჩავედით. მაშინ იქ სრული განუკითხაობა იყო. მთავრობა ქალაქებში ნარკომოვაჭრეებს ებრძოდა, მთებში კი — პარტიზანებს. Მოგვიანებით მედელინში მოგვიწია მსახურება, სადაც ქუჩებს შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. ეს ახალგაზრდები ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ, მფარველობის სანაცვლოდ ხალხს ფულს სძალავდნენ და შეკვეთით მკვლელობებსაც ჩადიოდნენ. ასეთი ცხოვრების წესის გამო, მეტწილად, ისინი ახალგაზრდობაშივე ასრულებდნენ სიცოცხლეს. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდით.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ აღმოვჩნდით უკიდურესი ჩრდილოეთიდან სამხრეთ ამერიკაში და რა გვასწავლა ქრისტიანულ მსახურებაში გატარებულმა წლებმა.

ᲑᲐᲕᲨᲕᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲝᲑᲐ

დავიბადე 1955 წელს. სამ ძმას შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. ის ადგილი, სადაც გავიზარდე, ფინეთის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოსაა. იქ დღეს ქალაქი ვანტაა მდებარეობს.

დედა ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე გახდა იეჰოვას მოწმე. მამა არ იწონებდა მის გადაწყვეტილებას და უკრძალავდა, რომ ჩვენთვის ბიბლიის შესწავლა ჩაეტარებინა და კრებაზე ვეტარებინეთ. ამიტომ დედა ცდილობდა, ყოველთვის გამოეყენებინა ის დრო, როცა მამა გასული იყო და ჩვენთვის ჭეშმარიტების სიყვარული ჩაენერგა.

შვიდი წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, ყოველთვის მეერთგულა იეჰოვასთვის.

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ იეჰოვასთვის მეერთგულა. მახსოვს, სულ რაღაც, 7 წლის ვიყავი, როცა სკოლაში სისხლისგან მომზადებული ტრადიციული ბლინების ჭამაზე უარი ვთქვი. მასწავლებელი ამან ისე გააბრაზა, რომ მოვიდა, ლოყებზე ხელი მომიჭირა, პირი გამიღო და ლუკმას პირში მატენიდა. საბედნიეროდ, მოვახერხე, მისთვის ხელიდან ჩანგალი გამეგდებინებინა.

12 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ამის შემდეგ კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. კრებაში ძმები დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ, რაც სულიერ წინსვლაში დამეხმარა. ყოველდღე ვკითხულობდი ბიბლიას და გულმოდგინედ ვიკვლევდი ჩვენს პუბლიკაციებს. კარგი სულიერი განრიგის წყალობით, 1969 წლის 8 აგვისტოს, 14 წლის ასაკში მოვინათლე.

სკოლის დამთავრებიდან მალევე პიონერად მსახურებას შევუდექი. რამდენიმე კვირაში კი ფინეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პიელავესიში გადავედი, რადგან იქ მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო.

პიელავესიში გავიცანი ერთი გოგონა, სირკა. ის ძალიან თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო. მისმა უბრალოებამაც ძალიან მომხიბლა. სირკა კარგი ცხოვრების მოწყობას კი არ ცდილობდა, არამედ ჩემსავით სურდა, რომ მაქსიმალურად დახარჯულიყო იეჰოვას მსახურებაში. ორივენი მზად ვიყავით, რომ ორგანიზაციისგან მიღებული ნებისმიერი დავალება შეგვესრულებინა. ჩვენ 1974 წლის 23 მარტს დავქორწინდით და თაფლობის თვეში წასვლის ნაცვლად კარტულაში გადავედით. იქ იმაზე დიდი მოთხოვნილება იყო მქადაგებლებზე, ვიდრე პიელავესიში.

ნაქირავები სახლი კარტულაში

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲖᲠᲣᲜᲐᲕᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲖᲔ

ჩემი ძმის ნაჩუქარი მანქანა

ქორწინების პირველივე დღიდან საკუთარ თავზე გამოვცადეთ Მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება. მაგალითად, როცა კარტულაში ჩავედით, მანქანა არ გვყავდა. თავიდან ველოსიპედით გადავადგილდებოდით. მაგრამ როცა ზამთარში ყინვებმა დააჭირა, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. თანაც ჩვენი სამქადაგებლო ტერიტორია ძალიან ვრცელი იყო, მაგრამ, რა გვექნა, არც მანქანის საყიდელი ფული გვქონდა.

იმ პერიოდში ჩემი უფროსი ძმა გვესტუმრა. არადა მაშინ მის ჩამოსვლას ნამდვილად არ ველოდით. მან ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა — თავისი მანქანა დაგვიტოვა. თანაც დაზღვევის თანხაც გადახდილი ჰქონდა. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ საწვავის ჩასხმა გვიწევდა. აი ასე მოგვიგვარა იეჰოვამ უმანქანობის პრობლემა.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა აუცილებლად შეასრულებდა თავის პირობას და იზრუნებდა ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე. ჩვენგან მხოლოდ ის მოითხოვებოდა, რომ სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დაგვეყენებინა.

„ᲒᲐᲚᲐᲐᲓᲘ“

ჩემი პიონერული სკოლის კლასელები (1978)

1978 წელს პიონერული სკოლა გავიარეთ, სადაც ჩვენი ერთ-ერთი მასწავლებელი რაიმო კუოკანენი a იყო. მან მოგვიწოდა, რომ „გალაადში“ სწავლა დაგვესახა მიზნად. ჩვენც გადავწყვიტეთ, შევდგომოდით ინგლისური ენის შესწავლას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებდით ამ სკოლის გავლას. თუმცა 1980 წელს ფინეთის ფილიალში მიგვიწვიეს ისე, რომ ვერც კი მოვასწარით განცხადების შევსება. მართალია, „გალაადზე“ უარი უნდა გვეთქვა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, იეჰოვას ხელმძღვანელობას მივყოლოდით. ჩვენც წავედით ბეთელში, თუმცა ინგლისურის სწავლა არ შეგვიწყვეტია, ვინიცობაა, და ოდესმე მაინც მოგვცემოდა „გალაადში“ სწავლის შესაძლებლობა.

რამდენიმე წლის შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ბეთელელებსაც მიეცათ უფლება, შეევსოთ „გალაადში“ სწავლის მსურველთათვის განკუთვნილი განცხადება. ბეთელში მსახურება ძალიან მოგვწონდა, თუმცა გვინდოდა, რომ თუ იეჰოვას ნება იქნებოდა, იქ გვემსახურა, სადაც კიდევ უფრო მეტი საჭიროება იყო. ამიტომ ხელიდან არ გავუშვით ეს შესაძლებლობა. ჩვენდა სასიხარულოდ, 79-ე კლასში მიგვიწვიეს. 1985 წლის სექტემბერში, სკოლის დასრულების შემდეგ კი, კოლუმბიაში გაგვგზავნეს.

ᲛᲘᲡᲘᲝᲜᲔᲠᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

თავიდან კოლუმბიის ფილიალში დაგვნიშნეს. ყველანაირად ვცდილობდი, ბეთელში ჩემი დავალება პირნათლად შემესრულებინა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა. მაშინ, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად, ძმებს ვთხოვე, რომ ჩვენთვის ახალი დავალება მოეცათ. მათაც გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მისიონერებად გაგვგზავნეს ქალაქ ნეივაში.

ქადაგება ყოველთვის ძალიან მიყვარდა. სანამ დავქორწინდებოდი, ზოგჯერ დილიდან დაღამებამდეც ვმსახურობდი ხოლმე. დაქორწინების შემდეგ მე და სირკაც მთელ დღეებს მსახურებაში ვატარებდით. ზოგჯერ დაშორებულ ტერიტორიაზე ქადაგების დროს მანქანაში ვათევდით ღამეს, გზაზე რომ არ დაგვეკარგა დრო და მეორე დღეს ადრიანად შევდგომოდით მსახურებას.

ამიტომ ძალიან გაგვიხარდა, რომ კვლავ შეგვეძლო აქტიურად ჩავრთულიყავით სამქადაგებლო საქმეში და ძველებური შემართებით გვემსახურა. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებოდა ჩვენი კრება. გვაბედნიერებდა ისიც, რომ გვერდით მოსიყვარულე და მადლიერი და-ძმები გვყავდა.

ᲚᲝᲪᲕᲘᲡ ᲫᲐᲚᲐ

ნეივის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქებში არცერთი იეჰოვას მოწმე არ ცხოვრობდა. მაგრამ პარტიზანული დაპირისპირებების გამო ჩვენთვის, ჩასულებისთვის, იქ ქადაგება უსაფრთხო არ იყო. მაფიქრებდა, როგორ მიგვეწვდინა მათთვის ხმა და იეჰოვას ვთხოვდი, რომ ვინმე იქაური მისი მსახური გამხდარიყო. მაგრამ როგორ გახდებოდა, თუ ჯერ ჩვენს ქალაქში არ გადმოვიდოდა?! ასე რომ, ვლოცულობდი, ვინმე იქიდან ჩვენს ქალაქში გადმოსულიყო საცხოვრებლად, აქ გაეგო ჭეშმარიტება, მონათლულიყო და სულიერად ისე გაზრდილიყო, რომ უკან დაბრუნებულიყო საქადაგებლად. რა ვიცოდი, რომ იეჰოვას გაცილებით უკეთესი რამ ჰქონდა მოფიქრებული.

მალე შესწავლა დავიწყე ერთ ახალგაზრდასთან, ფერნანდო გონსალესთან, რომელიც ერთ-ერთი ახლომდებარე ქალაქის, ალხესირასის, მაცხოვრებელი იყო. ის ყოველკვირა ნეივაში სამუშაოდ ჩამოდიოდა. ფერნანდო შესწავლას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა — ყოველთვის ემზადებოდა და კრების შეხვედრებსაც არ აცდენდა. თანაც ყოველკვირა, როცა სახლში ბრუნდებოდა, შეკრებდა ხალხს და ბიბლიიდან ნასწავლს უყვებოდა.

ფერნანდოსთან ერთად 1993 წელს

ფერნანდო შესწავლის დაწყებიდან ექვს თვეში, 1990 წლის იანვარში, მოინათლა და მალევე პიონერად მსახურებას შეუდგა. ამიტომ ფილიალში ძმებმა გადაწყვიტეს, რომ საშიში აღარ იქნებოდა ალხესირასში სპეციალური პიონერების გაგზავნა. სულ რაღაც, ორ წელიწადში, 1992 წლის თებერვალში, ამ ქალაქში კრება ჩამოყალიბდა.

თუმცა ფერნანდო მხოლოდ მშობლიურ ქალაქში როდი ქადაგებდა. დაქორწინების შემდეგ ის და მისი მეუღლე ოლგა იმ მხარეში მდებარე სხვა ქალაქში, სან-ვისენტე-დელ-კახუანში, გადავიდნენ. მათი დახმარებით იქაც ჩამოყალიბდა კრება. 2002 წელს ფერნანდო სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა. ის და ოლგა დღემდე აგრძელებენ მიმოსვლით მსახურებას.

ამ შემთხვევამ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ვილოცოთ ჩვენთვის მონდობილ საქმეზე. იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია, თანაც „სამკლის ბატონი“ ის არის (მათ. 9:38).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲡᲐᲪ ᲐᲦᲒᲕᲘᲫᲠᲐᲕᲡ ᲓᲐ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲫᲐᲚᲐᲡᲐᲪ ᲒᲕᲐᲫᲚᲔᲕᲡ

1990 წელს მიმოსვლით მსახურებას შევუდექით. ჩვენი პირველი რაიონი დედაქალაქ ბოგოტაში იყო. მე და სირკა ამ დავალებამ ცოტა არ იყოს შეგვაშინა. რა უნდა გაგვეკეთებინა დიდ ქალაქში არაფრით გამორჩეულ ამ ორ უბრალო ადამიანს. თუმცა ჩვენს თავზე გამოვცადეთ ფილიპელების 2:13-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ“.

Მოგვიანებით კრებებს მედელინში ვინახულებდით, იმ ქალაქში, რომელიც ზემოთ ვახსენე. იქ ხალხი ისე იყო შეჩვეული სისხლიან გარჩევებს, რომ უკვე რეაქციაც აღარ ჰქონდათ. მახსოვს, ერთხელ ბიბლიის შესწავლას ვატარებდი, როცა გარეთ სროლა ატყდა. უკვე ძირს გაწოლას ვაპირებდი, როცა მივიხედ-მოვიხედე და დავინახე, რომ ბიბლიის შემსწავლელი წარბშეუხრელად აგრძელებდა აბზაცის კითხვას. კითხვა რომ ჩაამთავრა, მომიბოდიშა და გარეთ გავიდა. ცოტა ხანში თავის ორ ბიჭუნასთან ერთად უკან დაბრუნდა და მშვიდად მითხრა, ბოდიში, შენი დატოვება რომ მომიწია, ბავშვები უნდა შემომეყვანაო.

მსგავსი შემთხვევები სხვა დროსაც გვქონდა. ერთხელ კარდაკარ მსახურების დროს დავინახე, რომ სირკა ჩემკენ გაფითრებული მორბოდა. მითხრა, ვიღაცამ მესროლაო. ძალიან შევშინდი, მაგრამ მერე მივხვდით, რომ თავდამსხმელი სირკას კი არა, მის გვერდით გამვლელს ესროდა.

დროთა განმავლობაში უკვე ასეთი სიტუაციები პანიკაში აღარ გვაგდებდა. Როცა ვხედავდით, რომ ადგილობრივი და-ძმები ყველაფრის მიუხედავად აგრძელებდნენ იეჰოვას მსახურებას, ეს ჩვენც გვმატებდა ძალას. მივხვდით, რომ იეჰოვა ჩვენც ამოგვიდგებოდა მხარში. ამასთანავე, ვითვალისწინებდით ადგილობრივი უხუცესების რჩევებს და სიფრთხილესაც ვიჩენდით, დანარჩენი კი იეჰოვასთვის გვქონდა მინდობილი.

ჩვენ კი ყველგან ჩხუბი და დავიდარაბა „გველანდებოდა“, მაგრამ ყოველთვის ასე მძიმედაც არ იყო საქმე. მახსოვს, ერთხელ დაინტერესებულთან ვიყავი და გარედან ისეთი ხმები შემოდიოდა, მეგონა, ორი ქალი ერთმანეთს უკიოდა. სულაც არ მინდოდა, ჩხუბის მოწმე გავმხდარიყავი, მაგრამ მობინადრემ ეზოში გასვლაზე დამიყოლია. ეს რა ვნახე! თურმე „ჩხუბისთავები“ ქალები კი არა, თუთიყუშები ყოფილან, რომლებიც მეზობლების ხმას აჯავრებდნენ.

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ

1997 წელს მსახურებაში დახელოვნების სკოლის b ინსტრუქტორად დავინიშნე. თეოკრატიულ სკოლებში სწავლა ძალიან მომწონდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღესაც თავად მომიწევდა სხვების სწავლება!

Მოგვიანებით რაღაც პერიოდი საოლქო ზედამხედველადაც ვმსახურობდი. თუმცა მას შემდეგ, რაც მსახურების ეს ფორმა გააუქმეს, მე სარაიონო მსახურებას დავუბრუნდი. უკვე 30 წელზე მეტი ხანია, თეოკრატიული სკოლების ინსტრუქტორად და მიმომსვლელ ზედამხედველად ვმსახურობ, რაც დიდ სიხარულს მანიჭებს. თუმცა ამ წლებმა დამანახვა, რომ ბევრ რამეზე მქონია სამუშაო.

საკმაოდ მტკიცე ხასიათი მაქვს, რაც დამეხმარა, ბევრ სირთულეს გავმკლავებოდი. თუმცა როცა ვხედავდი, რომ კრებებში რაღაც ისე არ კეთდებოდა, ზედმეტი მომდიოდა ხოლმე. მაგალითად, ზოგჯერ ძმებს მოვუწოდებდი, რომ სიყვარულით მოპყრობოდნენ და-ძმებს და არ ყოფილიყვნენ მეტისმეტად მომთხოვნები, მაგრამ პარადოქსი ის იყო, რომ იმ მომენტში თავად არ ვიქცეოდი ასე (რომ. 7:21—23).

ჩემი სისუსტეების გამო ზოგჯერ საშინელი გულგატეხილობა მეუფლებოდა (რომ. 7:24). ერთხელ იეჰოვას ისიც კი ვუთხარი, რომ ჯობდა, თავი დამენებებინა მისიონერული მსახურებისთვის და ფინეთში დავბრუნებულიყავი. თუმცა იმ საღამოს კრების შეხვედრაზე ისეთი აზრები მოვისმინე, რომლებმაც დამარწმუნა, რომ უნდა გამეგრძელებინა მსახურება და საკუთარ თავზე მუშაობა. დღემდე გული მიჩუყდება, როცა მახსენდება, როგორ უპასუხა იმ დღეს იეჰოვამ ჩემს ლოცვას. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მეხმარება სისუსტეებთან ბრძოლაში.

ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲡ ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲘᲗ ᲕᲣᲧᲣᲠᲔᲑ

მე და სირკას გული იეჰოვასადმი მადლიერებით გვევსება, როცა ვფიქრობთ, რომ მისი წყალობით თითქმის მთელი ცხოვრება სრული დროით მსახურება შევძელით. იმისთვისაც ვემადლიერები იეჰოვას, რომ ასეთი მოსიყვარულე და ერთგული ცოლი მაჩუქა.

მალე 70 წლის გავხდები, რაც იმას ნიშნავს, რომ დავასრულებ ინსტრუქტორად და მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურებას. თუმცა ეს გულს არ მიტეხს, რადგან მესმის, რომ იეჰოვას განსადიდებლად წინა ხაზებში ყოფნა არაა საჭირო. მისთვის მთავარი ის არის, რომ მოკრძალებულად გავაგრძელოთ მის წინაშე სიარული და გული სიყვარულითა და მადლიერებით გვიძგერდეს (მიქ. 6:8; მარ. 12:32—34).

როცა განვლილ წლებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ სხვადასხვა დავალება იმიტომ არ მიმიღია, რომ განსაკუთრებული ვიყავი ან სხვებს რამით ვჯობდი. უბრალოდ იეჰოვამ წყალობა არ დაიშურა ჩემთვის და ჩემი სისუსტეების მიუხედავად ნდობა გამომიცხდა. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამ დავალებებს მისი დახმარების გარეშე ვერასდროს შევასრულებდი. ამიტომ თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ სწორედ ჩემი სისუსტეების წყალობით შევიგრძენი სრულად იეჰოვას ძალა (2 კორ. 12:9).

a რაიმო კუოკანენის ბიოგრაფია, „მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა“, დაიბეჭდა 2006 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“.

b ეს სკოლა სამეფოს მახარობელთა სკოლამ ჩაანაცვლა.