არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 15

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები

კიდევ უფრო დააფასეთ იეჰოვას ორგანიზაცია!

კიდევ უფრო დააფასეთ იეჰოვას ორგანიზაცია!

„გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, ვინც ღვთის სიტყვა გადმოგცათ“ (ᲔᲑᲠ. 13:7).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ იეჰოვას ორგანიზაცია და ვენდოთ მას.

1. Როგორ ეწეოდათ ორგანიზება იეჰოვას მსახურებს პირველ საუკუნეში?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐ მოელის, რომ მისი მსახურები ორგანიზებულად შეასრულებენ მისგან მიღებულ დავალებებს (1 კორ. 14:33). ერთ-ერთი ასეთი დავალება დედამიწის კიდით კიდემდე სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათ. 24:14). ამ საქმის ხელმძღვანელობა იეჰოვამ იესოს მიანდო და იმ წუთიდან მოყოლებული, რაც ეს საქმე დაევალა, იესოც ყველაფერს აკეთებს, რომ ის ორგანიზებულად სრულდებოდეს. მაგალითად, პირველ საუკუნეში სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული კრებებისთვის საერთო მითითებების მიცემა ხელმძღვანელ საბჭოს ევალებოდა, რომელიც მოციქულებისა და სხვა გამოცდილი უხუცესებისგან შედგებოდა (საქ. 15:2; 16:4). კრებებში ამ მითითებებს და-ძმებს ადგილობრივი უხუცესები გადასცემდნენ. მიღებული ხელმძღვანელობის მიყოლის შედეგი კი ის იყო, რომ „კრებები Რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:5; 14:23).

2. Როგორ ხელმძღვანელობს და როგორ კვებავს თავის ხალხს იეჰოვა 1919 წლის შემდეგ?

2 იეჰოვა დღესაც ხელმძღვანელობს თავის ხალხს. მაგალითად, 1919 წელს მისი ხელმძღვანელობით იესომ სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი დანიშნა სამქადაგებლო საქმისთვის ორგანიზების გასაწევად და თავისი მიმდევრებისთვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად a (ლუკ. 12:42). ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა აკურთხებს ამ ძმების შრომას (ეს. 60:22; 65:13, 14).

3, 4. ა) რატომ არის კარგი ორგანიზებულობა? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 სამქადაგებლო საქმის შესრულებას ვერ შევძლებდით, მას ორგანიზება რომ არ ეწეოდეს (მათ. 28:19, 20). ამის უკეთ დასანახვებლად მოვიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, კრებებს განაწილებული რომ არ ჰქონოდათ სამქადაგებლო ტერიტორიები და ყველას იქ ექადაგა, სადაც მოუნდებოდა. დიდი ალბათობით, ზოგი ტერიტორია არაერთხელ დამუშავდებოდა, ზოგი კი საერთოდ უყურადღებოდ დარჩებოდა. სხვა მაგალითიც ხომ არ გახსენდებათ, რომელიც ორგანიზებულობის აუცილებლობას უსვამს ხაზს?

4 ამ სტატიიდან დავინახავთ, რას აკეთებდა დედამიწაზე ყოფნის დროს იესო და როგორ მიჰყვება დღეს ორგანიზაცია მის მიერ დატოვებულ მაგალითს. იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ და ვენდობით იეჰოვას ორგანიზაციას.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲡ ᲛᲘᲰᲧᲕᲔᲑᲐ

5. როგორ მიჰყვება ორგანიზაცია იესოს ნაკვალევს? (იოანე 8:28).

5 იესომ ზეციერი მამისგან ისწავლა, რა უნდა გაეკეთებინა და რა უნდა ეთქვა. ორგანიზაციაც ცდილობს, ბიბლიის მეშვეობით ჩასწვდეს ღვთის თვალსაზრისს სწორსა და არასწორზე და შემდეგ შესაბამისი მითითებები თუ რჩევები მისცეს ღვთის ხალხს (წაიკითხეთ იოანეს 8:28; 2 ტიმ. 3:16, 17). ის ხშირად გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის კვლევა. რატომ იქნება ჩვენთვის კარგი ამ რჩევის გათვალისწინება?

6. რაში გვეხმარება ბიბლიის გამოკვლევა?

6 როცა ბიბლიას ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით ვიკვლევთ, ეს ორგანიზაციისადმი ნდობას გვიმტკიცებს. და ეს იმიტომ, რომ ამ დროს ვხედავთ, როგორ ეთანხმება მიღებული მითითებები ღვთის სიტყვას (რომ. 12:2).

7. რას ქადაგებდა იესო და როგორ მიჰყვება იეჰოვას ორგანიზაცია მის მაგალითს?

7 იესო ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 4:43, 44). მან თავის მოწაფეებსაც დაავალა სამეფოს შესახებ ქადაგება (ლუკ. 9:1, 2; 10:8, 9). დღეს იეჰოვას ორგანიზაციაში ყველა ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას ამ სამეფოს შესახებ იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ და რა პასუხისმგებლობა გვაკისრია.

8. რა პატივი გვხვდა წილად?

8 ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შეგვიძლია ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ვაუწყოთ. ფაქტია, ყველას არ აქვს ამის უფლება. მაგალითად, დედამიწაზე მსახურების დროს იესომ ბოროტ სულებს აუკრძალა მის შესახებ ლაპარაკი (ლუკ. 4:41). დღესაც თუ ვინმეს ღვთის ხალხთან ერთად ქადაგება სურს, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ქადაგების პატივს? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ხელიდან არ გავუშვებთ ღვთის სამეფოს შესახებ ლაპარაკის შესაძლებლობას. იესოს მსგავსად ჩვენც გვინდა, ჩავთესოთ ადამიანთა გულებში ჭეშმარიტების თესლი და მოვრწყათ (მათ. 13:3, 23; 1 კორ. 3:6).

9. რას აკეთებს ორგანიზაცია ღვთის სახელის გასაცხადებლად?

9 იესომ ხალხს ღვთის სახელი ამცნო. მან ზეციერ მამას ლოცვაში ასეთი რამ უთხრა: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოან. 17:26). იეჰოვას ორგანიზაციაც მიჰყვება იესოს მაგალითს და ყველანაირად ცდილობს, ხალხს ღვთის სახელი ამცნოს. მაგალითად, ორგანიზაციამ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი ყველა იმ ადგილას აღადგინა, სადაც მას დედნისეულ ტექსტში ვხვდებოდით. ბიბლიის ეს თარგმანი დღეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, 270-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. დანართებში ა4 და ა5 საფუძვლიანადაა განხილული, თუ რატომ და როგორ მოხდა ღვთის სახელის აღდგენა. აგრეთვე სტატიაში «უნდა გამოიყენებოდეს ღვთის სახელი იეჰოვა „ახალ აღთქმაში“?» ახსნილია, რატომ გვხვდება „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ ღვთის სახელი 237 ადგილას (იხილეთ 2008 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 18—22).

10. რას ვიგებთ მიანმაში მცხოვრები ერთი ქალბატონის სიტყვებიდან?

10 იესოს მსგავსად ჩვენც გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ღვთის სახელი. აი რა რეაქცია ჰქონდა მიანმაში მცხოვრებ ერთ 67 წლის ქალბატონს, როცა გაიგო, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა. ცრემლმორეულმა ჩვენს დას უთხრა: „ცხოვრებაში პირველად გავიგე ღვთის სახელი . . . ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენგან მოვისმინე“. მართლაც ღვთის სახელის გაგება გულმართალი ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲪᲮᲐᲓᲕᲧᲝᲤᲗ, ᲠᲝᲛ ᲕᲐᲤᲐᲡᲔᲑᲗ ᲓᲐ ᲕᲔᲜᲓᲝᲑᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲡ

11. Როგორ ცხადყოფენ უხუცესები, რომ აფასებენ ღვთის ორგანიზაციას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 Როგორ ცხადყოფენ უხუცესები, რომ აფასებენ ღვთის ორგანიზაციას? როცა ორგანიზაციისგან მითითებებს იღებენ, მაგალითად, როგორ ჩაატარონ კრების შეხვედრები, როგორ წარმოთქვან საჯარო ლოცვები და როგორ იზრუნონ სამწყსოზე, უხუცესები ყურადღებით უნდა გაეცნონ ამ მითითებებს და ყველანაირად ეცადონ მათ გათვალისწინებას. ამ შემთხვევაში და-ძმებიც იგრძნობენ იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას.

უხუცესები გვეხმარებიან, ვენდოთ ორგანიზაციისგან მიღებულ ხელმძღვანელობას (იხილეთ აბზაცი 11). b


12. ა) რატომ უნდა ვითანამშრომლოთ პასუხისმგებელ ძმებთან? (ებრაელები 13:7, 17). ბ) რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ძმების კარგ თვისებებზე?

12 წაიკითხეთ ებრაელების 13:7, 17. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დავემორჩილოთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია და მზად ვიყოთ უხუცესებისგან მიღებული ნებისმიერი მითითების გასათვალისწინებლად. თუ ასე მოვიქცევით, გავუადვილებთ მათ თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებას. ფაქტია, მორჩილება ყოველთვის ადვილი არაა, რადგან ეს ძმები არასრულყოფილები არიან. თუმცა, თუ ყურადღებას მათ უარყოფით თვისებებზე გავამახვილებთ, ამით ჩვენი მტრების წისქვილზე დავასხამთ წყალს. რატომ ვამბობთ ამას? თუ ძმებში მხოლოდ ცუდს დავინახავთ, შეიძლება ორგანიზაციისადმი ნდობაც შეგვერყეს. სწორედ ამას ცდილობენ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც. მოდი გავიგოთ, კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი და ჩვენ რა დაგვეხმარება, რომ მათი პროპაგანდის გავლენაში არ მოვექცეთ.

ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲛᲐ ᲨᲔᲒᲘᲠᲧᲘᲝᲗ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡᲐᲓᲛᲘ ᲜᲓᲝᲑᲐ

13. Როგორ ულახავენ რეპუტაციას ღვთის ორგანიზაციას მოწინააღმდეგეები?

13 ჩვენი მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რომ ღვთის ორგანიზაცია უარყოფითად წარმოაჩინონ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი თავისი მსახურებისგან ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს მოელის. ამასთანავე, მოითხოვს, რომ კრებიდან გაირიცხოს ის, ვინც არ იშლის უწმინდურების ჩადენას (1 კორ. 5:11—13; 6:9, 10). თუმცა იმის გამო, რომ ამ მითითებას ვითვალისწინებთ, მოწინააღმდეგეები სისასტიკეში, არატოლერანტულობასა და ხალხის სიძულვილში გვადანაშაულებენ.

14. ვინ დგას ორგანიზაციის შესახებ გავრცელებული სიცრუის მიღმა?

14 გახსოვდეთ, ვინ დგას სიცრუის მიღმა. ბიბლიაში სატანა ეშმაკს „სიცრუის მამა“ ეწოდება (იოან. 8:44; დაბ. 3:1—5). ამიტომ არ გვიკვირს, რომ ის ყველანაირად ცდილობს, ჩვენი მოწინააღმდეგეების მეშვეობით იეჰოვას ორგანიზაციაზე სიცრუე გაავრცელოს. მოდი გავიგოთ, როგორ ავრცელებდა ის სიცრუეს პირველ საუკუნეში.

15. Როგორ ექცეოდნენ რელიგიური წინამძღოლები იესოსა და მის მიმდევრებს?

15 იესო სრულყოფილი იყო და მრავალ სასწაულს ახდენდა. მიუხედავად ამისა, სატანამ მასზე არაერთი სიცრუე გაავრცელა. მაგალითად, რელიგიური წინამძღოლები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ იესო „დემონთა მმართველის ძალით“ დევნიდა დემონებს (მარ. 3:22). ხოლო როცა ასამართლებდნენ, იესოს ღვთის გმობაში დასდეს ბრალი და ხალხიც წააქეზეს, რომ მისი სიკვდილი მოეთხოვათ (მათ. 27:20). მოგვიანებით იუდეველებმა ქრისტეს მიმდევრების წინააღმდეგაც განაწყვეს ხალხი (საქ. 14:2, 19). საქმეების 14:2-თან დაკავშირებით 1998 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ იუდეველები მხოლოდ თავად კი არ უარყოფდნენ სასიხარულო ცნობას, არამედ ცილისწამებასაც მიმართავდნენ, რათა უცხოტომელებიც აემხედრებინათ ქრისტიანების წინააღმდეგ.

16. რა უნდა გვახსოვდეს, როცა ორგანიზაციის შესახებ სიცრუეს ავრცელებენ?

16 სატანას დღემდე „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხ. 12:9). ასე რომ, თუ ორგანიზაციის ან ხელმძღვანელი ძმების შესახებ რაიმე უარყოფით ინფორმაციას გაიგებთ, გახსოვდეთ, რომ მსგავსი რამ პირველ საუკუნეშიც ხდებოდა. მეტიც, ნაწინასწარმეტყველებიც იყო, რომ ღვთის ხალხი დევნას შეხვდებოდა და მათ ყოველგვარ უმსგავსობას დააბრალებდნენ (მათ. 5:11, 12). თუმცა გავრცელებული სიცრუის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვინ დგას მის მიღმა და შესაბამისი ზომებიც მივიღოთ თავის დასაცავად. მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგვიძლია.

17. რა დაგვეხმარება, არ მოვტყუვდეთ? (2 ტიმოთე 1:13; იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „როგორ მოვიქცეთ, როცა სიცრუეს ვისმენთ?“).

17 ყურს ნუ ათხოვებთ სიცრუეს. პავლემ ნათელი მითითებები მისცა ქრისტიანებს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, როცა სიცრუეს მოისმენდნენ. მან ტიმოთეს ასეთი რამ მისწერა: „[უბრძანე] ზოგიერთებს, . . ყური არ დაუგდონ ზღაპრებს“ (1 ტიმ. 1:3, 4; 4:7). მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: Როცა ბავშვი ხედავს, რომ ძირს რაღაც აგდია, შეიძლება აიღოს და პირში ჩაიდოს, თანაც ისე, რომ ვერც კი გაიაზროს საფრთხე. მაგრამ უფროსი ასე არ მოიქცევა, რადგან კარგად ესმის, რატომაა ეს საშიში. ჩვენც კარგად გვესმის, ვინ დგას სიცრუის მიღმა, ამიტომ არასდროს ვუგდებთ ყურს სატანის მიერ მოგონილ „ზღაპრებს“. პირიქით, ყველანაირად ვცდილობთ, „ჯანსაღ მოძღვრებას“ ჩავეჭიდოთ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:13).

18. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ და ვენდობით იეჰოვას ორგანიზაციას?

18 ამ სტატიაში განვიხილეთ სამი მხარე, რაშიც ორგანიზაცია იესოს ჰბაძავს. ეცადეთ, ბიბლიის შესწავლის დროს სხვა მხარეებიც დაინახოთ. გარდა ამისა, და-ძმებსაც დაეხმარეთ, რომ უფრო მეტად დააფასონ და ენდონ ღვთის ორგანიზაციას. და რაც მთავარია, ერთგულად ემსახურეთ იეჰოვას და ნუ ჩამოშორდებით ორგანიზაციას, რომელსაც ის თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. ამგვარად ცხადყოფთ, რომ ენდობით და აფასებთ მას (ფსალმ. 37:28). მოდი არასდროს დაგვავიწყდეს, რამხელა პატივია იეჰოვას ხალხს შორის ყოფნა.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • როგორ მიჰყვება ორგანიზაცია იესოს მაგალითს?

  • რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ და ვენდობით ღვთის ორგანიზაციას?

  • როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სიცრუეს მოვისმენთ?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით

a იხილეთ წიგნი „წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!“, ჩარჩო „რატომ 1919?“, გვ. 102, 103.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესები განიხილავენ მითითებებს სტენდით მსახურებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველი მაუწყებლებს ამ მითითებებს უზიარებს და ეუბნება, რომ კედელთან დადგნენ.