არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ მსახურობდნენ უცხოტომელები დავითის ჯარში?

ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡ ჯარში არაერთი უცხოტომელი მსახურობდა. მათ შორის იყვნენ ამონელი ცელეკი, ხეთელი ურია და მოაბელი ითმა, აგრეთვე მრავალი ქერეთელი, ფელეთელი და გათელი (2 სამ. 15:18; 1 მატ. 11:39, 41, 46). a გათელები ფილისტიმელები იყვნენ, ხოლო ქერეთელები და ფელეთელები შესაძლოა ფილისტიმელთა მონათესავე ხალხები ყოფილიყვნენ (იეს. 13:2, 3; 1 სამ. 6:17, 18; ეზეკ. 25:16).

რატომ აძლევდა დავითი უცხოტომელებს თავის ჯარში მსახურების უფლებას? იმიტომ რომ ეს ხალხი მისი ერთგულებიც იყვნენ და, რაც მთავარია, იეჰოვასიც. ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში, ქერეთელებსა და ფელეთელებზე ნათქვამია: „ისინი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი მხარში ედგნენ მეფე დავითს“ (The New Interpreter’s Dictionary of the Bible). მაგალითად, როცა მთელმა ისრაელმა ზურგი აქცია დავითს და შფოთის ამტეხ კაცს, შებას, მიემხრო, ქერეთელებმა და ფელეთელებმა დავითს დაუჭირეს მხარი და ამბოხების ჩახშობაშიც დაეხმარნენ (2 სამ. 20:1, 2, 7). მათ მაშინაც უერთგულეს მეფეს, როცა მისმა ვაჟმა ადონიამ ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა. ისინი დაეხმარნენ დავითს, რომ იეჰოვას მიერ არჩეული ტახტის მემკვიდრე, სოლომონი, გაემეფებინა (1 მეფ. 1:24—27, 38, 39).

დავითისთვის თავდადებული კიდევ ერთი უცხოტომელი მებრძოლი იყო გათელი ითაი. როდესაც აბესალომმა ისრაელები მიიმხრო და მეფეს აუჯანყდა, ითაიმ თავის 600 თანამებრძოლთან ერთად მეფის მხარე დაიკავა. დავითმა ითაის უთხრა, რომ ვალდებული არ იყო, მისთვის ებრძოლა, რადგან უცხოტომელი იყო. თუმცა ითაიმ მტკიცედ განუცხადა: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც ჩემი მეფე-ბატონი იქნება, მეც იქ ვიქნები, თუნდაც მოვკვდე!“ (2 სამ. 15:6, 18—21).

ითაი იეჰოვას ცხებული მეფის, დავითის, ერთგული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქერეთელები, ფელეთელები და გათელები უცხოტომელები იყვნენ, ისინი იეჰოვას მიიჩნევდნენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად და მხარს უჭერდნენ მის ცხებულ მეფეს, დავითს. როგორი მადლიერი იქნებოდა დავითი, რომ გვერდში ასეთი ერთგული ხალხი ედგა!

a კანონში ეწერა: „იეჰოვას ხალხში ვერც ამონელი შევა და ვერც — მოაბელი“ (კან. 23:3—6). ეს, როგორც ჩანს, იმას ნიშნავდა, რომ ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვერ გახდებოდნენ. თუმცა ეს კანონი მათ ღვთის ხალხთან ურთიერთობას და მათ შორის ცხოვრებას არ უკრძალავდა (იხილეთ „საკვლევი ცნობარი“, სტატია „ამონელები“, ქვესათაური „ქორწინებაში ისრაელებთან“).