არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 19

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 22 ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

Როგორ გაასამართლებს იეჰოვა ადამიანებს ახლო მომავალში?

Როგორ გაასამართლებს იეჰოვა ადამიანებს ახლო მომავალში?

[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“ (2 ᲞᲔᲢ. 3:9).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ეს სტატია დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვა ახლო მომავალში ადამიანებს აბსოლუტურად სამართლიანად გაასამართლებს.

1. რატომ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ?

 ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲐᲓ ჩვენ მთელი რიგი ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულების მოწმენი ვხდებით. მაგალითად, ვხედავთ, როგორ ეცილებიან ერთმანეთს მსოფლიო ბატონობისთვის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები (დან. 11:40). სასიხარულო ცნობის ქადაგება არნახულ მასშტაბებს აღწევს და მას მილიონობით ადამიანი ეხმაურება (ეს. 60:22; მათ. 24:14). გარდა ამისა, „ერთგული და გონიერი მონა“ დროულად გვაწვდის უხვ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45—47). თამამად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ.

2. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და რა უნდა გვესმოდეს კარგად?

2 იეჰოვა დღითი დღე უფრო მეტ ნათელს ჰფენს იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განვითარდეს (იგავ. 4:18; დან. 2:28). ამიტომ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ როცა „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, ჩვენ ყველაფერი გვეცოდინება, რაც იმ ურთულეს პერიოდში ერთგულებისა და ერთობის შესანარჩუნებლად იქნება საჭირო. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ყოველთვის ყველა დეტალი არ გვეცოდინება. ამ სტატიაში თავიდან იმაზე ვიმსჯელებთ, თუ რას ვამბობდით აქამდე ზოგიერთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს, და რატომ გახდა საჭირო, შეგვეცვალა თვალსაზრისი. შემდეგ იმას განვიხილავთ, თუ დანამდვილებით რა ვიცით მომავლისა და იეჰოვას პიროვნების შესახებ.

ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲕᲘᲪᲘᲗ

3. რას ვამბობდით წარსულში მათზე, ვინც „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე არ დაიკავებდა იეჰოვას მხარეს? ახსენით.

3 ადრე ვამბობდით, რომ „დიდი გასაჭირის“ დაწყების შემდეგ ვეღარავინ შეძლებდა იეჰოვას მხარის დაკავებას და, შესაბამისად, ვერც არმაგედონში გადარჩებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ წარღვნასა და მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ვფიქრობდით, რომ როგორც წარღვნის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაკეტა იეჰოვამ კიდობნის კარი, ისე „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე „ჩაუკეტავდა კარს“ სატანის ქვეყნიერებას და აღარავის მისცემდა გადარჩენის შანსს (მათ. 24:37—39).

4. რატომ აღარ ვფიქრობთ, რომ ნოეს დროს მომხდარ მოვლენებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს?

4 დღეს უკვე აღარ ვფიქრობთ, რომ ნოეს დროს მომხდარ მოვლენებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს, რადგან სინამდვილეში ბიბლია ამ აზრს მხარს არ უჭერს. a ფაქტია, იესომ ნოეს დრო ჩვენს დროს შეადარა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ წარღვნასთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგალითად კიდობნის კარის დაკეტვას, რაიმე წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ამ მონათხრობიდან მაინც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

5. ა) რას აკეთებდა ნოე წარღვნამდე? (ებრაელები 11:7; 1 პეტრე 3:20). ბ) რისი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს?

5 როდესაც იეჰოვამ წარღვნის შესახებ გააფრთხილა ნოე, ის ერწმუნა მას და კიდობნის შენებას შეუდგა (წაიკითხეთ ებრაელების 11:7; 1 პეტრეს 3:20). მსგავსად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს სასიხარულო ცნობას ისმენენ, უნდა ერწმუნონ მას და შეიცვალონ (საქ. 3:17—20). აღსანიშნავია ისიც, რომ კიდობნის მშენებლობის გარდა ნოე ქადაგებდა კიდეც, რის გამოც მოციქულმა პეტრემ მას „სიმართლის მქადაგებელი“ უწოდა (2 პეტ. 2:5). ფაქტია, ნოე ყველანაირად ეცდებოდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგა, მაგრამ, როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, შეძლო თუ არა მან წარღვნამდე ყველას ყურამდე მიეწვდინა ხმა. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, რომ მთელ მსოფლიოში ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ აღსასრულის დადგომამდე შევძლებთ ყველას გავაგებინოთ ის. რატომ ვფიქრობთ ასე?

6, 7. რატომ ვფიქრობთ, რომ აღსასრულის დადგომამდე ვერ შევძლებთ ყველასთან ქადაგებას?

6 როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს ეუწყებოდა (მათ. 24:14). ეს იმას ნიშნავს, რომ სამქადაგებლო საქმიანობა ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწევდა. ფაქტია, დღეს ეს ასეც ხდება. ჩვენს ვებგვერდზე jw.org პუბლიკაციები 1 000-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, დღეს მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას სასიხარულო ცნობის მოსმენა საკუთარ ენაზე შეუძლია.

7 თუმცა იესომ ისიც თქვა, რომ მისი მოწაფეები „კაცის ძის მოსვლამდე“ ვერ მოასწრებდნენ „ქალაქების შემოვლას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველას ვერ უქადაგებდნენ, ვიდრე ის ადამიანთა გასასამართლებლად მოვიდოდა (მათ. 10:23; 25:31—33). ეს ლოგიკურიცაა, რადგან დღეს მილიონობით ადამიანი ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო თავისუფლად ვერ ვქადაგებთ. ამასთანავე, მსოფლიო მოსახლეობა ყოველდღიურად სწრაფი ტემპით იზრდება. ასე რომ, ჩვენ კი ყველანაირ ძალისხმევას მოვახმართ „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ ქადაგებას, მაგრამ აღსასრულის დადგომამდე ყველა ადამიანის ყურამდე ვერ მივაწვდენთ სასიხარულო ცნობას (გამოცხ. 14:6).

8. რა კითხვა შეიძლება დაგვებადოს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

8 ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება კითხვა: როგორ გაასამართლებენ იეჰოვა და მის მიერ დანიშნული მოსამართლე იესო მათ, ვისაც „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე არ მიეცემათ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა? (იოან. 5:19, 22, 27; საქ. 17:31). ამ კითხვაზე პასუხისთვის იეჰოვას ჯერ არ მოუფენია ნათელი. თუმცა ისიც გვესმის, რომ არც არის ვალდებული, ასე მოიქცეს. და მაინც, ჩვენ დანამდვილებით ვიცით ის, რაც ამ სტატიის წამყვანი მუხლშია ნათქვამი: „[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9; 1 ტიმ. 2:4).

როგორ გაასამართლებს იეჰოვა მათ, ვისაც „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე არ მიეცემათ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა? (იხილეთ აბზაცი 8) c


9. რას ვიგებთ ბიბლიიდან?

9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს უმართლოებს, რომელთაც არ ჰქონდათ სასიხარულო ცნობის მოსმენის და ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა (საქ. 24:15; ლუკ. 23:42, 43). რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას ამის ფონზე?

10. რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას?

10 უნდა ვიფიქროთ, რომ არავინ აღდგება მკვდრეთით მათგან, ვინც „დიდი გასაჭირის“ დაწყების შემდეგ დაიღუპება? ბიბლია ადამიანთა მხოლოდ ერთ კატეგორიაზე ამბობს გადაჭრით, რომ ისინი არ აღდგებიან — ესენი იქნებიან იეჰოვას მტრები, რომლებსაც მისი ზეციერი ლაშქარი არმაგედონის ომში გაანადგურებს (2 თეს. 1:6—10). თუმცა შეიძლება, რომ მკვდრეთით აღმდგარ უმართლოთა შორის ისინიც იყვნენ, ვინც „დიდი გასაჭირის“ დაწყების შემდეგ სხვადასხვა მიზეზის, მაგალითად, ავადმყოფობის, სიბერის თუ უბედური შემთხვევის გამო დაიღუპნენ? (ეკლ. 9:11; ზაქ. 14:13). ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲕᲘᲪᲘᲗ

11. რაზე იქნება დამოკიდებული არმაგედონის დროს ადამიანთა გადარჩენა?

11 ახლა იმაზე დავფიქრდეთ, რა ვიცით მომავალში მოსახდენ მოვლენებთან დაკავშირებით. მაგალითად, ვიცით, რომ ქრისტე ადამიანებს იმის მიხედვით გაასამართლებს, თუ როგორ ექცეოდნენ მის ცხებულ ძმებს (მათ. 25:40). ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი ცხებული ქრისტიანი „დიდი გასაჭირის“ დროსაც იქნება დედამიწაზე და რომ მათი ზეცაში შეკრება მხოლოდ არმაგედონამდე ცოტა ხნით ადრე მოხდება. რატომ არის ეს საგულისხმო? რაკი ქრისტეს ძმები ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებიან, შეიძლება გულმართალ ადამიანებს კვლავაც მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მხარი დაუჭირონ მათ მინდობილი საქმის შესრულებაში (მათ. 25:31, 32; გამოცხ. 12:17). მოდი ახლა მომავალში მოსახდენ კიდევ ერთ მოვლენაზე ვისაუბროთ და ვნახოთ, როგორ უკავშირდება ზემოთქმულს.

12, 13. რა შეიძლება მოჰყვეს „დიდი ბაბილონის“ განადგურებას? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

12 როცა „დიდი ბაბილონი“ განადგურდება, ზოგს შეიძლება გაახსენდეს, რომ იეჰოვას მოწმეები ამ მოვლენის შესახებ წლები საუბრობდნენ. შეიძლება ამან მათში გარდატეხა მოახდინოს და იმის სურვილი გაუჩინოს, რომ იეჰოვას მხარე დაიკავონ? (გამოცხ. 17:5; ეზეკ. 33:33).

13 მსგავსი რამ მოხდა მაშინ, როცა მოსემ ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა. როგორც ვიცით, მათ „უამრავი ჭრელი ხალხი“ გაჰყვა. შესაძლოა იეჰოვა მათ მას შემდეგ ირწმუნეს, რაც დაინახეს, როგორ სრულდებოდა მოსეს მიერ ნათქვამი სიტყვები და სასჯელი სასჯელზე ატყდებოდათ (გამ. 12:38). თუ „დიდი ბაბილონის“ განადგურების შემდეგ მოვლენები მსგავსად განვითარდება, ხომ არ ვიფიქრებთ, რომ ეს უსამართლობაა და პროტესტის გრძნობა ხომ არ გაგვიჩნდება? ცხადია, არა. ჩვენ ხომ გულმოწყალე, თანამგრძნობ და სულგრძელ ღმერთს ვბაძავთ, რომელიც „გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). b

როცა „დიდი ბაბილონი“ განადგურდება, ზოგს შეიძლება გაახსენდეს, რომ იეჰოვას მოწმეები ამ მოვლენის შესახებ წლები საუბრობდნენ (იხილეთ აბზაცები 12, 13). d


14, 15. რაზე არ იქნება დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა? ახსენით (ფსალმუნი 33:4, 5).

14 შესაძლოა თქვენც გაგიგიათ, რომ ახლობლის სიკვდილის შემდეგ, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, ვინმეს უთქვამს, მგონი, ჯობდა კიდეც, ასე რომ მოხდა, ახლა აღდგომის შანსი მაინც აქვსო. ფაქტია, ამის მთქმელს ძალიან უყვარს თავისი ახლობელი და ამიტომაც ამბობს ამას. თუმცა არის კი ადამიანის გადარჩენა იმაზე დამოკიდებული, „დიდ გასაჭირამდე“ დაიღუპება თუ არა? რა თქმა უნდა, არა. ეჭვი არასდროს შეგეპაროთ იმაში, რომ „მთელი დედამიწის მოსამართლე“ უსამართლოდ არასდროს მოიქცევა (დაბ. 18:25; წაიკითხეთ ფსალმუნის 33:4, 5).

15 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადამიანი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სასიხარულო ცნობას ვერ მოისმენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ მიეცემა გადარჩენის შესაძლებლობა. წარმოუდგენელია, იეჰოვამ ავტომატურად მიაკრას „თხის“ იარლიყი ასეთ ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს (მათ. 25:46). ჩვენ თუ გვაღელვებს მათი მომავალი, მით უმეტეს, იეჰოვას. თანაც ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმართავს ის მოვლენებს „დიდი გასაჭირის“ დროს. შესაძლოა ზოგ ასეთ ადამიანს იმის შესაძლებლობაც მიეცეს, რომ გაიცნოს ზეციერი მამა და ირწმუნოს ის. და როცა იეჰოვა თავის სახელს განწმენდს, ისიც იმ ადამიანებს შორის იყოს, რომლებიც მის მხარეს იქნებიან (ეზეკ. 38:16).

როცა „დიდი ბაბილონი“ განადგურდება, შეიძლება ამ მოვლენამ ზოგში გარდატეხა მოახდინოს

16. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ადამიანთა გასამართლებისას სამართლიანი და გულმოწყალე იქნება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი ზეციერი მამა თითოეული ადამიანის გასამართლებისას აბსოლუტურად სამართლიანი და გულმოწყალე იქნება? (იაკ. 2:13). მთელი ბიბლია სწორედ იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვასთვის ყველა ძალიან ძვირფასია. მარადიული სიცოცხლის იმედი რომ გვქონოდა, მან თავისი ძეც კი არ დაინანა ჩვენთვის (იოან. 3:16). იეჰოვა თავის მიწიერ შვილებზე მშობელივით სათუთად ზრუნავს, რაც თავადაც არაერთხელ გამოგვიცდია (ეს. 49:15). თანაც თითოეულ ადამიანს პირადად იცნობს, ყველა დეტალი იცის მის შესახებ და რომც მოკვდეს, მას ისეთივე ნიშან-თვისებებითა და მოგონებებით აღადგენს, როგორიც სიკვდილამდე ჰქონდა (მათ. 10:29—31).

დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა თითოეული ადამიანის გასამართლებისას აბსოლუტურად სამართლიანი და გულმოწყალე იქნება (იხილეთ აბზაცი 16).


17. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

17 ამ საკითხების უკეთ განხილვამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ სამქადაგებლო საქმე გადაუდებელია. შემდეგ სტატიაში სწორედ ამაზე ვიმსჯელებთ და იმაზეც ვისაუბრებთ, რა აღგვძრავს, კვლავაც დაუღალავად ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 76 რას გრძნობ, რას განიცდი?

a იმის გასაგებად, თუ რა დაედო საფუძვლად ამ ცვლილებას, იხილეთ 2015 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ასე იყო მოსაწონი შენთვის“, გვ. 7—11.

b მაშინ, როცა ერთა კოალიცია ღვთის ხალხს დაესხმება თავს, ისინიც გამოიცდებიან, ვინც „დიდი ბაბილონის“ განადგურების შემდეგ შემოგვიერთდება.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: სურათებზე ნაჩვენებია, რატომ შეიძლება ზოგმა ვერ მოისმინოს სასიხარულო ცნობა: 1) ახალგაზრდა ქალი არაქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ქადაგება საშიშია; 2) ცოლ-ქმარი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია; 3) კაცი მიუვალ ადგილას ცხოვრობს, რის გამოც მქადაგებლები მასთან ვერ მიდიან.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა ქალს, რომელმაც დატოვა კრება, ახსენდება, რაც „დიდი ბაბილონის“ განადგურების შესახებ ჰქონდა მოსმენილი. მასში გარდატეხა ხდება და იეჰოვას მოწმე მშობლებთან ბრუნდება. თუ მსგავსი რამ მოხდება, ჩვენი გულმოწყალე და თანამგრძნობი მამის მსგავსად ჩვენც გავიხარებთ, რომ „დაკარგული ცხვარი“ დაბრუნდა.