არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 24

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე

დარჩით იეჰოვას კარავში!

დარჩით იეჰოვას კარავში!

„იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 15:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, და როგორ უნდა მოვეპყროთ მის მეგობრებს.

1. რა მხრივ დაგვეხმარება მე-15 ფსალმუნის განხილვა?

 ᲠᲝᲒᲝᲠᲪ წინა სტატიიდან დავინახეთ, იმისთვის, რომ იეჰოვას კარავში შევიდეთ, აუცილებელია, თავი მივუძღვნათ მას და დავუახლოვდეთ. რა დაგვეხმარება ამაში? ამ კითხვაზე პასუხს მე-15 ფსალმუნიდან (წაიკითხეთ) ვიგებთ, სადაც კონკრეტული რჩევებია მოცემული მათთვის, ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს.

2. სავარაუდოდ, რატომ მოიხსენია დავითმა იეჰოვას კარავი?

2 მე-15 ფსალმუნის დასაწყისში დავითი ასეთ რამეს ამბობს: „იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?“ (ფსალმ. 15:1). მუხლის პირველ ნაწილში მოხსენიებულ „კარავში“ დავითი შესაძლოა გულისხმობდა მოსეს მიერ აგებულ კარავს, რომელიც იმ დროს გაბაონში იდგა. ხოლო მუხლის მეორე ნაწილში მოხსენიებულ „წმინდა მთაში“, სავარაუდოდ, გულისხმობდა გაბაონის სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე სიონის მთას. სწორედ იქ იდგა მეორე კარავი, სადაც შეთანხმების კიდობანი ინახებოდა იმ დრომდე, სანამ ტაძარი აშენდებოდა (2 სამ. 6:17).

3. რატომაა ჩვენთვის საყურადღებო მე-15 ფსალმუნი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

3 ცხადია, ისრაელთა უმეტესობას არ შეეძლო ამ კარვებში მსახურება. თუმცა იეჰოვას სიმბოლურ კარავში სტუმრობა და მასთან მეგობრობა ყველას შეეძლო, ვინც კი მოისურვებდა. ჩვენც სწორედ ეს გვსურს. ამიტომ მოდი მე-15 ფსალმუნიდან გავიგოთ, რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ იეჰოვამ თავის მეგობრებად ჩაგვთვალოს.

დავითის თანამედროვეთ არ გაუჭირდებოდათ იმის წარმოდგენა, რას ნიშნავდა იეჰოვას სიმბოლურ კარავში სტუმრობა (იხილეთ აბზაცი 3).


„ᲕᲘᲜᲪ ᲣᲑᲘᲬᲝᲓ ᲓᲐᲓᲘᲡ, ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔᲡ ᲘᲥᲛᲡ“

4. საიდან ვიცით, რომ ღვთის კარავში დასარჩენად ნათლობა საკმარისი არ არის? (ესაია 48:1).

4 ფსალმუნის 15:2-დან ვიგებთ, რომ იეჰოვა თავის მეგობრად თვლის მათ, ვინც „უბიწოდ დადის“ და „სიმართლეს იქმს“. ორივე ზმნა უწყვეტ პროცესზე მიუთითებს. როდესაც თავს ვუძღვნით იეჰოვას და ვინათლებით, ჩვენ ღვთის გზით სიარულს ვიწყებთ. თუმცა ღვთის კარავში რომ დავრჩეთ, ნათლობა და მის ხალხს შორის ყოფნა საკმარისი არ არის. ასე იყო ისრაელების შემთხვევაშიც: მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი ღვთისადმი მიძღვნილ ერში იბადებოდნენ, ავტომატურად იმას არ ნიშნავდა, რომ მისი კარვის სტუმრები იქნებოდნენ. ამისთვის საჭირო იყო, გაეგოთ, რას ითხოვდა იეჰოვა მათგან და შესაბამისადაც მოქცეულიყვნენ. მაგრამ ამას ყველა არ აკეთებდა, რაზეც ესაიას სიტყვებიც მეტყველებს: „ღმერთს უხმობთ, მაგრამ არა ჭეშმარიტებითა და სიმართლით“ (წაიკითხეთ ესაიას 48:1). თუმცა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რამდენად რეალისტურია, რომ ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, შევძლებთ უბიწოდ სიარულს და სიმართლის ქმნას? საბედნიეროდ, ეს შეუძლებელი არაა, რადგან იეჰოვა ჩვენგან სრულყოფილებას კი არა, მორჩილებას მოითხოვს. მოდი ვნახოთ, რაში ვლინდება მორჩილება.

5. საიდან ჩანს, რომ მორჩილები ვართ?

5 იმისთვის, რომ იეჰოვამ „უბიწოდ მავალ“ და „სიმართლის მქმნელ“ ადამიანებად ჩაგვთვალოს, მხოლოდ კრების შეხვედრებზე დასწრება საკმარისი არაა (1 სამ. 15:22). სინამდვილეში, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერში უნდა ჩანდეს, რომ იეჰოვას ვემორჩილებით. ასე უნდა მოვიქცეთ მაშინაც, როცა მარტოები ვართ და მაშინაც, როცა საქმე, ერთი შეხედვით, წვრილმან საკითხებს ეხება (იგავ. 3:6; ეკლ. 12:13, 14). ამგვარად დავუმტკიცებთ იეჰოვას, რომ გვიყვარს ის, და მასაც უფრო მეტად შევაყვარებთ თავს (იოან. 14:23; 1 იოან. 5:3).

6. რა მნიშვნელოვან აზრს ესმება ხაზი ებრაელების 6:10—12-ში?

6 წაიკითხეთ ებრაელების 6:10—12. როგორც ამ მუხლებიდან ვხედავთ, იეჰოვა ძალიან აფასებს ყველაფერს, რაც მისთვის გაგვიკეთებია. თუმცა მის კარავში რომ დავრჩეთ, კვლავაც მთელი გულით უნდა ვემსახუროთ მას. და „თუ არ დავიღლებით“, ის მარადიულად ჩვენი მეგობარი იქნება (გალ. 6:9).

„ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐᲡ ᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝᲑᲡ ᲒᲣᲚᲨᲘ“

7. რა იგულისხმება სიტყვებში „ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“?

7 ფსალმუნის 15:2-დან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვას კარავში მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც „ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“. თუმცა აქ მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომ ადამიანი ყოველმხრივ პატიოსანი იყოს (ებრ. 13:18). ამ მოთხოვნის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „იეჰოვას სძულს მზაკვარი კაცი, მართლებთან კი მეგობრობს“ (იგავ. 3:32).

8. რა უნდა იყოს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი?

8 მზაკვარი ადამიანი საზოგადოებაში ღვთის მორჩილის ნიღაბს ირგებს, თუმცა როცა მარტო რჩება, რასაც უნდა, იმას აკეთებს (ეს. 29:13). თავიდან მან შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვას ყველა ნორმის დაცვა აუცილებელი არ არის, და ზოგიერთ საკითხში მორჩილება მისთვის უმნიშვნელო გახდეს (იაკ. 1:5—8). ხოლო თუ მალევე არ მოიმკის თავისი ურჩობის შედეგებს, შეიძლება უფრო ღრმადაც შეტოპოს. ფაქტია, ასეთი ადამიანი თავს მოიტყუებს, რადგან მისი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მიუღებელი იქნება (ეკლ. 8:11). ამიტომ ვისაც გვინდა, რომ „ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ გულში“, მზაკვრულად არასდროს მოვიქცევით და ყოველმხრივ პატიოსნები ვიქნებით.

9. რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო ნათანაელთან იესოს შეხვედრა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

9 ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანს წრფელი გული ჰქონდეს, კარგად ჩანს ერთი შემთხვევიდან. როცა ფილიპემ იესოს ნათანაელი მიუყვანა გასაცნობად, მისი დანახვისთანავე იესომ ასეთი რამ თქვა: „აი უთვალთმაქცო კაცი, ისრაელის ღირსეული შთამომავალი!“ (იოან. 1:47). ფაქტია, იესოს არცერთი მოწაფის გულწრფელობაში არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ის აღაფრთოვანა იმან, რომ ნათანაელში ხელოვნურობის ნატამალიც არ იყო. რა საოცარია, რომ ამ კაცმა, რომელიც ჩვენსავით არასრულყოფილი იყო, ასეთი განსაკუთრებული შეფასება მიიღო. ეჭვგარეშეა, თითოეულს გვსურს, იესომ ჩვენზეც იგივე თქვას, რაც ნათანაელზე!

ფილიპემ იესოს თავისი მეგობარი ნათანაელი გააცნო, რომელსაც იესომ „უთვალთმაქცო კაცი“ უწოდა. თქვენზეც იმავეს იტყოდა იესო? (იხილეთ აბზაცი 9)


10. რატომ უნდა გავაკონტროლოთ, რას ვამბობთ? (იაკობი 1:26).

10 ფსალმუნის 15:3-დან მოყოლებული აქცენტი იმაზე გადადის, თუ როგორ ვეპყრობით სხვებს. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას კარავში ის რჩება, ვინც „ცილს არავის სწამებს თავისი ენით, ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს და თავის მეგობარზე აუგს არ ამბობს“. ასეთი საუბრები და-ძმებზე ძალიან ცუდად აისახება. თანაც ეს იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს და მის კარავში დარჩენის ღირსად აღარ ჩავითვლებით (წაიკითხეთ იაკობის 1:26).

11. რა არის ცილისწამება და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი?

11 მე-3 მუხლის დასაწყისში დავითი ცილისწამებაზე საუბრობს. რა იგულისხმება ამაში? ცილისწამება ვინმეზე მიზანმიმართულად სიცრუის თქმაა, რაც მას რეპუტაციას შეულახავდა. თუ ადამიანი არ იშლის ცილისწამებას, ის კრებიდან გაირიცხება (იერ. 17:10).

12, 13. როდის შეიძლება უნებლიეთ სხვებზე აუგი ვთქვათ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

12 ფსალმუნმომღერალი შემდეგ ამბობს, რომ იეჰოვას სტუმარი „ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს და თავის მეგობარზე აუგს არ ამბობს“. რა იგულისხმება ამ სიტყვებში?

13 ზოგიერთ სიტუაციაში სხვებზე საუბარმა შეიძლება უნებლიეთ უარყოფითი სახე მიიღოს და ისე გამოვიდეს, რომ მათზე „აუგს ვამბობთ“. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სამი პირობითი სიტუაცია: 1) და პიონერად მსახურებას წყვეტს, 2) ცოლ-ქმარი ბეთელიდან მიდის, 3) ძმა აღარ მსახურობს მომსახურედ ან უხუცესად. ასეთ სიტუაციებში ნამდვილად არ იქნება სწორი, რომ საკუთარი დასკვნები გამოვიტანოთ და სხვებთან ვისაუბროთ, მით უმეტეს, რომ შეიძლება ბევრი ფაქტი არც ვიცოდეთ. ასე რომ, თუ იეჰოვას კარავში დარჩენა გვინდა, ყველანაირად უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი საუბარი.

სხვებზე უარყოფითი ინფორმაციის გავრცელება მარტივია, თანაც ასეთი საუბარი შეიძლება ცილისწამებაში გადაიზარდოს (იხილეთ აბზაცები 12, 13).


„ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲝᲨᲘᲨᲔᲑᲡ ᲞᲐᲢᲘᲕᲡ ᲡᲪᲔᲛᲡ“

14. ვინ უნდა უარყოს იეჰოვას მეგობარმა? ახსენით.

14 ფსალმუნის 15:4-ში ნათქვამია, რომ იეჰოვას მეგობარი „უარყოფს ყველა უვარგისს“. Როგორ უნდა გავიგოთ, ვინ შედის ამ კატეგორიაში? ფაქტია, არასრულყოფილი ადამიანები ვერ შევაფასებთ სხვებს ობიექტურად, რადგან ჩვენზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. მაგალითად, ზოგი ადამიანი ბუნებრივად გვიზიდავს, ზოგი კი გვაღიზიანებს. ერთადერთი, ვისაც ადამიანის ობიექტურად შეფასება შეუძლია, იეჰოვაა. მაშ, ვის მიიჩნევს ის „უვარგისად“? ესენი არიან მოუნანიებელი შემცოდველები, ისინი, ვინც პატივს არ სცემენ ჩვენს შეხედულებებსა და ქრისტიანულ ფასეულობებს და ვინც ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას (იგავ. 13:20; 1 კორ. 5:11).

15. როგორ შეგვიძლია პატივი ვცეთ იეჰოვას მოშიშებს?

15 ფსალმუნის 15:4-დან ჩანს, რომ იეჰოვას მოშიშებს პატივს უნდა ვცემდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირად ვეცადოთ, სიკეთე გავუკეთოთ მათ (რომ. 12:10). კონკრეტულად როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ერთ-ერთ მხარეზე ამავე მუხლის მეორე ნაწილი ამახვილებს ყურადღებას, საიდანაც ვიგებთ, რომ იეჰოვას სტუმარი „არ ცვლის დანაპირებს, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს“. მაგალითად, ის ყოველთვის უერთგულებს ქორწინების აღთქმას, ხოლო თუ შვილები ჰყავს, არასდროს გატეხს მათთვის მიცემულ პირობას. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, ამიტომ არ გვინდა, გავტეხოთ სხვებისთვის მიცემული სიტყვა. ეს ხომ მათ დიდ ტკივილს მიაყენებს (მათ. 5:37).

16. კიდევ რაში ჩანს, რომ პატივს ვცემთ იეჰოვას მეგობრებს?

16 იეჰოვას მეგობრებისადმი პატივისცემას იმ შემთხვევაშიც გამოვხატავთ, თუ მივბაძავთ იეჰოვას და სტუმართმოყვარეები და ხელგაშლილები ვიქნებით (რომ. 12:13). კარგი იქნება, მხოლოდ კრებითა და მსახურებით არ შემოვიფარგლოთ და თანაქრისტიანებთან ერთად თავისუფალი დროც გავატაროთ. ამგვარად მათაც მეტად დავუახლოვდებით და იეჰოვასაც.

ᲜᲣ ᲨᲔᲘᲧᲕᲐᲠᲔᲑᲗ ᲤᲣᲚᲡ

17. რატომ მოიხსენიებს დავითი მე-15 ფსალმუნში ფულს?

17 ფსალმუნის 15:5-ში იეჰოვას სტუმარზე კიდევ ერთი რამ არის ნათქვამი: „ფულს სარგებლით არ გასცემს და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ“. რატომ შემოიტანა დავითმა ფულის თემა ასეთ პატარა ფსალმუნში? იმიტომ რომ, თუ ფული შეგვიყვარდება, დიდი ალბათობით, და-ძმებისა და იეჰოვას სიყვარული გაგვინელდება (1 ტიმ. 6:10). ბიბლიიდან ვიგებთ, სადამდე მიიყვანა ზოგი ფულის სიყვარულმა — ზოგი გაჭირვებულებს სარგებლით აძლევდა სესხს, ზოგი მოსამართლე კი ქრთამს იღებდა და სამართალს ამრუდებდა. ცხადია, იეჰოვასთვის ასეთი საქციელი საძულველი იყო (ეზეკ. 22:12).

18. რა კითხვებზე ღირს დაფიქრება? (ებრაელები 13:5).

18 ჩვენთვის უდიდესი პატივია იეჰოვას კარავში სტუმრობა. ამიტომ ღირს, შევამოწმოთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ. დაფიქრდით: ხშირად ხომ არ ვფიქრობ ფულზე და რაიმეს შეძენაზე? ხომ არ ვაგვიანებ ნასესხები ფულის დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ, რომ მგონია, მევალეს ისედაც ბევრი აქვს? თუ სხვებთან შედარებით მეტი ფული მაქვს, ხომ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო მათზე მაღლა ვდგავარ, და ხომ არ მიჭირს, ვიყო ხელგაშლილი? თუ რომელიმე თანაქრისტიანი შეძლებულია, მატერიალისტის იარლიყს ხომ არ ვაკრავ? ხომ არ ვცდილობ, მხოლოდ მათ დავუმეგობრდე, ვისაც მეტი ფული აქვს? თუ ყველანაირად ვეცდებით, ფულის სიყვარულის გარეშე ვიცხოვროთ, შევძლებთ იეჰოვას კარავში დარჩენას და ისიც, თავისი დაპირებისამებრ, იზრუნებს ჩვენზე (წაიკითხეთ ებრაელების 13:5).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲣᲧᲕᲐᲠᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘ

19. რატომ სურს იეჰოვას, რომ მისი მეგობრები გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ?

19 მე-15 ფსალმუნის ბოლო სიტყვებიდან ჩანს, საერთოდ რატომ სურს იეჰოვას, რომ გარკვეულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდეთ. აქ ვკითხულობთ: „ასე მოქმედი მტკიცედ იდგება“ (ფსალმ. 15:5). დიახ, იეჰოვას ჩვენი ბედნიერება სურს და მითითებებსაც იმიტომ გვაძლევს, რომ ცხოვრებაში ხელი მოგვემართოს და დაცული ვიყოთ (ეს. 48:17).

20. როგორი მომავალი ელით იეჰოვას სტუმრებს?

20 იეჰოვას სტუმრებს წინ არაჩვეულებრივი მომავალი ელით. ცხებული ქრისტიანები ღვთის ზეციერ სამყოფელში დამკვიდრდებიან (იოან. 14:2). ხოლო ისინი, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, საკუთარი თვალით იხილავენ გამოცხადების 21:3-ში ჩაწერილი დაპირების შესრულებას. მართლაც რამხელა პატივია, რომ იეჰოვამ მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა და თავის კარავში მარადიულად სტუმრობის შესაძლებლობა მოგვცა!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 39 მოვიპოვოთ კარგი სახელი ღვთის თვალში