არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

უღიმღამო და შავბნელი ცხოვრება იეჰოვამ საოცრად გამილამაზა

ჯეი კემპბელი

უღიმღამო და შავბნელი ცხოვრება იეჰოვამ საოცრად გამილამაზა
  • დაიბადა: 1966 წ.

  • მოინათლა: 1986 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პოლიომიელიტით დაავადებულმა პიონერად მსახურება დაიწყო.

დედასთან ერთად ფრიტაუნში ერთ ღარიბ უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან ხეიბარი ვარ და ყოველთვის მრცხვენოდა ხალხში გამოჩენის. 18 წლის ისე გავხდი, რომ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ეზოს გარეთ გასული.

სწორედ 18 წლისა ვიყავი, როდესაც ჩვენთან იეჰოვას მოწმე მისიონერი, პოლინ ლანდისი მოვიდა და ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. ვუთხარი, რომ წერა-კითხვა არ ვიცოდი. ამიტომ შევთანხმდით, რომ ბიბლიასთან ერთად წერა-კითხვასაც მასწავლიდა.

ბიბლიიდან ნასწავლმა ენით აუწერელი სიხარული მომანიჭა. ერთ დღესაც პოლინს ვუთხარი, რომ კრებაზე დასწრება მინდოდა. კრების შეხვედრა ერთი ქუჩის იქით, ერთ-ერთ ოჯახში ტარდებოდა. „ხის ნაჭრებს დავეყრდნობი და ისე წამოვალ“, — ვთხოვე ჩემს მასწავლებელს.

პოლინმა რომ მომაკითხა კრებაზე წასაყვანად, დედაჩემი და მეზობლები შეშინებულები მიყურებდნენ. ხის ნაჭრები მიწაზე დავდე, ხელებით დავეყრდენი და ეზოში გავედი. ამ დროს მეზობლებმა პოლინს დაუყვირეს: „ნუ აძალებ! ადრეც სცადა სიარული, მაგრამ ვერ შეძლო!“.

— გინდა წამოსვლა? — მკითხა პოლინმა.

— კი, მინდა, — ვუპასუხე მე.

სანამ ჭიშკრამდე მივიდოდი, მეზობლებს ხმა არ ამოუღიათ; მაგრამ, როგორც კი ეზოდან გავედი, სიხარულით ტაში შემოჰკრეს.

არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი კრების შეხვედრა. ისე მომეწონა, რომ ცოტა ხანში სამეფო დარბაზში წასვლაც გადავწყვიტე. ამისთვის ქუჩის ბოლომდე უნდა ჩავსულიყავი, შემდეგ ტაქსით მემგზავრა, ბოლოს კი ძმებს ციცაბო მთაზე ხელით უნდა ავეყვანე. ხშირად სამეფო დარბაზში ტანსაცმლის გამოცვლა მიწევდა, რადგან სველი და ტალახში ამოსვრილი ვიყავი. მოგვიანებით, შვეიცარიიდან ერთმა დამ ინვალიდის სავარძელი გამომიგზავნა, რისი წყალობითაც უკვე თავისუფლად შემეძლო გადაადგილება.

ხშირად ვკითხულობდი ინვალიდი და-ძმების ისტორიებს. ეს იმდენად დადებითად მოქმედებდა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, მეტი გამეკეთებინა იეჰოვასთვის. 1988 წელს პიონერად მსახურება დავიწყე. ძალიან მინდოდა, რომ ოჯახის რომელიმე წევრთან და ერთ მეზობელთან მაინც დამეწყო შესწავლა, რისთვისაც იეჰოვას მხურვალედ ვთხოვდი ლოცვაში. მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე ჩემს ორ დისშვილთან და ერთ ქალთან, რომელსაც ქუჩაში ვუქადაგე. ეს აშკარად ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო.

ახლა ხელებშიც აღარ მაქვს ძალა და დამოუკიდებლად ინვალიდის სავარძლითაც ვეღარ ვახერხებ გადაადგილებას. ამას ისიც ემატება, რომ გამუდმებით მტანჯავს ტკივილები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ როდესაც ხალხს ღვთის შესახებ ვესაუბრები, თითქოს ტკივილი სადღაც ქრება. სიხარული, რომელიც ამ საქმეს სდევს თან, უსაზღვროდ დიდ ძალას მაძლევს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი უღიმღამო და შავბნელი ცხოვრება იეჰოვამ საოცრად გაალამაზა.