არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

19912001: „გაჭირვების ღუმელში“ გამოწრთობილნი (ეს. 48:10). (ნაწილი 1)

19912001: „გაჭირვების ღუმელში“ გამოწრთობილნი (ეს. 48:10). (ნაწილი 1)

სამოქალაქო ომი

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სირთულეებმა მთელ დასავლეთ აფრიკაში არეულობა გამოიწვია. ომისგან გაპარტახებული ლიბერიიდან გამოქცეულმა ხალხმა სიერა-ლეონეს შეაფარა თავი. ლტოლვილი და-ძმები ფილიალმა სამეფო დარბაზებში შეასახლა; ადგილობრივი მოწმეები დიდი სიყვარულით ზრუნავდნენ მათზე.

მართალია, სასაცილოდ არავის ჰქონდა საქმე, მაგრამ სახალისო მომენტები მაინც ბევრი იყო. იზოლდე ლორენცი, რომელიც წლებია მისიონერად მსახურობს, ასეთ რამეს იხსენებს: «ერთხელ ერთმა ჩვენმა ძმამ თავისი პატარა ბიჭი საჭმლის გასაცხელებლად გაგზავნა. იმ დროს ჩვენს და-ძმებს სამეფო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი სპეციალური ადგილი, სადაც ცეცხლს ანთებდნენ და ზედ საჭმელს აცხელებდნენ. უკან დაბრუნებულმა ბიჭუნამ მამიკოს განუცხადა, რომ იმ დღეს სადილის გარეშე დარჩებოდნენ. მამამ ჰკითხა: „რაშია შვილო საქმე?“. „რაში და, დღეს კინაღამ ლომმა შემჭამა, მაგრამ იეჰოვამ გადამარჩინა“, — უპასუხა ბიჭუნამ. როგორც აღმოჩნდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, მას უშველებელი გერმანული ნაგაზი, ლობო გადადგომია წინ. ლობომ ჩვენი ბიჭუნა ძალიან შეაშინა, არადა ამ უწყინარ ძაღლს უბრალოდ თამაში უნდოდა. ელდანაცემი პატარა, რომელსაც ხელში საჭმლით სავსე ქვაბი ეჭირა, ადგილზე გაშეშდა, ლობოს კი ეგონა საჭმელს მაწვდისო და გემრიელად შეექცა „კუთვნილ ულუფას“».

1991 წლის 23 მარტს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ამჯერად სიერა-ლეონეშიც იფეთქა. დაპირისპირება 11-წლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ამბოხებულთა დაჯგუფებამ, რომელიც „გაერთიანებული რევოლუციური ფრონტის“ სახელით იყო ცნობილი, კაილაჰუნამდე და კოინდუმდე მიაღწია. მოსახლეობის უმეტესობას ქვეყნის დატოვება და გვინეაში გაქცევა მოუწია. ლტოლვილებს შორის დაახლოებით 120 იეჰოვას მოწმეც იყო. ზოგიერთმა ლიბერიელმა მოწმემ კი, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო თავგზა ჰქონდათ არეული, ამ დროს თავი სიერა-ლეონეს შეაფარა.

„ფრიტაუნის ბეთელში რამდენიმე თვის მანძილზე არ წყდებოდა ქანცგაწყვეტილი, ღონემიხდილი და დამშეული მოწმეების ნაკადი, — იხსენებს ბილი ქაუენი, ფილიალის იმდროინდელი კოორდინატორი. — ბევრი მათგანი არნახული სისასტიკის მსხვერპლი გახდა; შიმშილისგან რომ არ მომკვდარიყვნენ, ბალახსაც კი ჭამდნენ. მათ დაუყოვნებლივ მივეცით საჭმელი და ტანსაცმელი; თანაც მარტო მათზე კი არა, მათ დაინტერესებულებსა და ნათესავებზეც ვიზრუნეთ. ადგილობრივმა მოწმეებმა დათრგუნულ და-ძმებს არა მხოლოდ სახლის კარი, არამედ გულის კარიც ფართოდ გაუღეს. თავის მხრივ, ეს ლტოლვილი და-ძმებიც უმალვე ჩაებნენ ქადაგებაში და დიდ დახმარებას უწევდნენ აქაურ კრებებს. გავიდა დრო და თითქმის ყველა მათგანი დაუბრუნდა სამშობლოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ძალიან გაგვაძლიერეს“.

სიერა-ლეონეში თერთმეტი წლის მანძილზე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა

„გაგვამხნევეთ და დაგვაიმედეთ!“

სამხრეთ გვინეის ლტოლვილთა ბანაკში ფილიალმა გაგზავნა საკვები, მედიკამენტები, ჭურჭელი, სამშენებლო იარაღები და მასალები; ამასთანავე, დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, რომელიც ფრანგმა და-ძმებმა დიდი სიყვარულით გაიღეს იქაურებისთვის. ერთი ძმა იხსენებს: „სიხარულისგან ჩემმა შვილებმა ცეკვა-თამაში დაიწყეს და იეჰოვას ათას მადლობას უხდიდნენ. ცოტა ხანში უკვე გამოწკეპილები დადიოდნენ კრებაზე“. ზოგმა გულწრფელად თქვა, რომ ასეთი კარგი ტანსაცმელი ცხოვრებაში არასდროს სცმია.

თუმცა, ამ მიუსაფარ ხალხს მარტო მატერიალური დახმარება ვერას უშველიდა. ერთხელ იესომ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). ამიტომ ფილიალმა ბიბლიური ლიტერატურა გაგზავნა ამ მხარეში და ორგანიზება გაუწია სარაიონო და საოლქო კონგრესების რეგულარულად ჩატარებას. გაიგზავნენ აგრეთვე პიონერები და მიმომსვლელი ზედამხედველები.

ერთხელ კოინდუს (გვინეა) სარაიონო ზედამხედველი ანდრე ბეტი ეწვია. იქ ის შეხვდა ლტოლვილთა ბანაკის ზედამხედველს, რომელმაც სთხოვა ანდრეს, ბანაკში ბიბლიური მოხსენება წაეკითხა. ანდრეს მოხსენება, „იეჰოვას შეაფარეთ თავი“, მე-18 ფსალმუნზე იყო დაფუძნებული. მოხსენების მოსასმენად დაახლოებით 50 კაცი შეიკრიბა. როცა ანდრემ გამოსვლა დაამთავრა, ერთი ასაკოვანი ქალი ფეხზე წამოდგა და უთხრა: „თქვენ იცით, როგორ გაგვახარეთ?! ბრინჯი კი გვაქვს, მაგრამ ეს პრობლემებს ვერ გვიგვარებს. აი, ბიბლია კი, ნამდვილად გვეხმარება, ღვთის იმედი გვქონდეს. მართლა მთელი გულით გიხდით მადლობას, ასე რომ გაგვამხნევეთ და დაგვაიმედეთ!“.

როცა გუეკედოში (გვინეა) მისიონერები უილიამ და კლაუდია სლოტერები ჩავიდნენ, ადგილობრივი კრება, რომელშიც 100-ზე მეტი ლტოლვილი და-ძმა მსახურობდა, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, სულით აენთო (რომ. 12:11). უილიამი იხსენებს: „ბევრი ახალგაზრდა ძმა მიიწევდა სულიერად წინ. თუ თეოკრატიულ სკოლაში დავალება ცდებოდა, სულ მცირე, 10-15 ძმა იყო მზად, სახელდახელოდ მოემზადებინა დავალება. ყველანი გულმოდგინედ იყვნენ ჩართულნი ქადაგების საქმეში. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით სპეციალური პიონერი და მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა“.

მშენებლობა გაგანია ომის დროს

სამოქალაქო ომის დაწყებიდან მალევე ძმებმა ფრიტაუნში, ჩვენს ოფისთან ახლოს, უილკინსონის ქუჩის №133-ში შეიძინეს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. «გვინდოდა, ახალი ბეთელის სახლი აგვეშენებინა, მაგრამ ქვეყანაში ომი იყო გაჩაღებული, — იხსენებს ალფრედ განი. — იმ დროს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ლოიდ ბერი გვეწვია და ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. „ჩვენ თუ ომს და არეულობას დავუწყეთ ყურება, წინ ვერასოდეს წავალთ“, — გვითხრა მან. მისმა სიტყვებმა დიდი ბიძგი მოგვცა და საქმეს შევუდექით».

ასობით და-ძმა ჩაება პროექტში; დაახლოებით 50 მოხალისე 12 სხვადასხვა ქვეყნიდან იყო, დანარჩენები კი — ადგილობრივი კრებებიდან. მშენებლობა 1991 წლის მაისში დაიწყო. „გამვლელ-გამომვლელს ყველას უკვირდა, როგორი ხარისხიანი მასალით ვაგებდით შენობას. რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდათ, შენობის კარკასი ხომ აბსოლუტურად განსხვავებულად იყო აგებული, — გვიყვება ტომ ბელი, მშენებლობის ზედამხედველი. — თუმცა ხალხს ყველაზე მეტად ის აოცებდა, თეთრკანიანი უცხოელები და ადგილობრივი შავკანიანები ასე ხალისიანად რომ მუშაობდნენ ერთად“.

1997 წლის 19 აპრილს მრავალეროვანი და მრავალენოვანი საზოგადოება შეიკრიბა ფილიალის მიძღვნის პროგრამის მოსასმენად. შეხვედრამ ბრწყინვალედ ჩაირა. თუმცა, სულ რაღაც, ერთ თვეში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა; ხუთწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ გაერთიანებულმა რევოლუციურმა ფრონტმა იერიში ფრიტაუნზეც მიიტანა.

ფილიალის მშენებლობა; ფილიალი დღეს (ფრიტაუნი)

ფრიტაუნში ომმა იფეთქა

ფრიტაუნი არეულობამ მოიცვა. ქალაქში გაერთიანებული რევოლუციური ფრონტის ათასობით თმაგაწეწილი და წითელლენტწაკრული მებრძოლი დათარეშობდა. ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ და ძარცვავდნენ ხალხს, ქალებს აუპატიურებდნენ. „ირგვლივ სრული ქაოსი იყო, — იხსენებს ალფრედ განი. — ქვეყნიდან თითქმის ყველა მისიონერი გაიყვანეს. ბოლოს ქალაქი სამმა წყვილმა, მე და კატერინმა, ბილმა და სანდრა ქაუენებმა და ჯიმი და ჯოის ჰოლანდებმა, დავტოვეთ.

წასვლამდე ადგილობრივ ბეთელელებთან ერთად ვილოცეთ, რომლებიც ფრიტაუნში დარჩენას აპირებდნენ, და დაუყოვნებლივ გავემართეთ იმ ადგილისკენ, საიდანაც ჩვენი ევაკუირება უნდა მომხდარიყო. გზაზე 20-მდე საშიში გარეგნობის გალეშილი ამბოხებული ჯარისკაცი გადაგვეღობა. როცა ჟურნალები და ფული შევთავაზეთ, უპრობლემოდ გაგვატარეს. ჩვენ სხვა 1 000-ზე მეტ ევაკუირებულ ადამიანთან ერთად მივადექით საზღვარს, სადაც შეერთებული შტატების დანაყოფები იყო განლაგებული. იქ სამხედრო ვერტმფრენებში ჩაგვსხეს და ამერიკის სამხედრო ხომალდებზე გადაგვიყვანეს. მოგვიანებით ჩვენი გემის კაპიტანმა გვითხრა, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია, რაც ვიეტნამის ომის შემდეგ განხორციელებულა. მომდევნო დღეს ვერტმფრენით კონაკრიში (გვინეა) გადაგვაფრინეს. დროებით ჩვენი ოფისი იქაც ფუნქციონირებდა“.

ევაკუირებულთა შორის ალფრედი და კატერინე განებიც იყვნენ

მისიონერები სულმოუთქმელად ელოდნენ სიახლეებს ფრიტაუნიდან. ბოლოს მიიღეს წერილი, რომელიც ასე იწყებოდა: «ქალაქში არსებული ქაოსის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვავრცელებთ ბუკლეტს, სათაურით „ცნობა სამეფოს შესახებ №35 — ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“. ხალხი ძალიან კარგად გვისმენს, ამბოხებულებმაც კი დაიწყეს შესწავლები. გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავაც მუხლჩაუხრელად ვიქადაგოთ».

ერთი ძმა, ჯონათან მბომა, რომელიც სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, იხსენებს: „ფრიტაუნში სპეციალური ერთდღიანი კონგრესიც კი ჩავატარეთ. იმდენად კარგი პროგრამა იყო, რომ გადავწყვიტეთ, კონგრესები ბოსა და კენემაშიც ჩაგვეტარებინა. სწორედ ამ მიზნით გავემგზავრე ამ ომგამოვლილ ქალაქებში, სადაც ჩვენი მრავალჭირნახული ძმები მთელი გულით მადლობდნენ იეჰოვას ასეთი უხვი სულიერი საზრდოსთვის.

საგულისხმოა, რომ 1997 წლის მიწურულს ფრიტაუნში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ — ფრიტაუნის ეროვნულ სტადიონზე საოლქო კონგრესი ჩატარდა. კონგრესის ბოლო დღეს თავს ამბოხებული ჯარისკაცები წამოგვადგნენ და გვიბრძანეს, დაგვეტოვებინა სტადიონი. ვევედრებოდით, მოეცათ ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ პროგრამა დაგვესრულებინა. კარგა ხნის შემდეგ ძლივს დავითანხმეთ. ამ კონგრესს დაახლოებით 1 000 კაცი დაესწრო და 27 მოინათლა. კონგრესის პროგრამით აღფრთოვანებული ზოგი ძმა ქალაქ ბოში მეტად სახიფათო გზაზე წასვლასაც კი არ მოერიდა, პროგრამა კიდევ ერთხელ რომ მოესმინა. ეს მართლაც განსაკუთრებული კონგრესები იყო!“.