არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

ერთ დროს ჯარისკაცი, ახლა ღმერთის კაცი

ერთ დროს ჯარისკაცი, ახლა ღმერთის კაცი

სადღაც 16 წლისა ვიყავი, აჯანყებულ ჯარისკაცებთან ერთად რომ ჩავები ბრძოლაში, ოღონდ ეს ჩემი ნებით არ გამიკეთებია, ჯარისკაცებმა მაიძულეს. შეიძლება ითქვას, ნარკოტიკები და სასმელი არ გვაკლდა; ამიტომ, ხშირად ბრძოლის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი მაქვს გაკეთებული და დღეს ამ ყველაფერს მართლა მთელი გულით ვნანობ.

ერთხელ ჩვენს ყაზარმაში ერთი ასაკოვანი იეჰოვას მოწმე მოვიდა და ჯარისკაცებს გვიქადაგა. ამ კაცის იქ გამოჩენა გასაკვირი იყო, რადგან ხალხს ძალიან ეშინოდა ჩვენი და ვძულდით. მე და ამ გაბედულმა სტუმარმა კარგად ვისაუბრეთ. კრების შეხვედრაზე რომ დამპატიჟა, უარი არ მითქვამს. ნამდვილად აღარ მახსოვს, რა ილაპარაკეს კრებაზე, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, როგორ თბილად მიმიღეს.

ომი უფრო და უფრო მძვინვარებდა, რის გამოც იეჰოვას მოწმეებთან ვერანაირად ვეღარ ვახერხებდი დაკავშირებას. ამ პერიოდში სერიოზულად დავიჭერი და სამკურნალოდ ისეთ დაწესებულებაში გამგზავნეს, რომელიც ამბოხებულთა ხელში იყო. ძალიან არ მინდოდა უკან დაბრუნება. საბედნიეროდ, ომის დასრულებამდე თავი დავაღწიე იქაურობას და ისეთ ტერიტორიაზე გადავედი, რომელსაც სამთავრობო ჯარები აკონტროლებდნენ; ჩავერთე ყოფილი სამხედრო პირების განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამაში.

წყალივით მჭირდებოდა სულიერი დახმარება. ამიტომ ორმოცდაათიანელების შეხვედრებზე დავიწყე სიარული, თუმცა მათ ვერ გაამართლეს ჩემი მოლოდინი. ძალიან დამწყდა გული, როცა გავიგე, რომ ისინი ზურგს უკან თურმე „სატანას“ მეძახდნენ. ამის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ძებნას შევუდექი. როგორც კი ვიპოვე, მაშინვე დავიწყე ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე სიარული. ერთხელ ძმებს ჩემი წარსულის შესახებ მოვუყევი. მათ დაინახეს, როგორ მაწვა გულზე ლოდად დარდი და იესოს სიტყვებით მანუგეშეს: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ . . . მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“ (მათ. 9:12, 13).

ეს სიტყვები გულზე მალამოსავით დამედო. იმ ძმას, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, ჩემი ბებუთი ვანახე და ვუთხარი: „ამ ბებუთს შურისმაძიებლებისგან თავის დასაცავად ვინახავდი. მაგრამ ახლა, როცა გავიგე, როგორ ვუყვარვარ იეჰოვას და იესოს, რაღაში მჭირდება ეს ცივი იარაღი“.

ყველა სიკეთესთან ერთად ძმებმა წერა-კითხვაც მასწავლეს. გავიდა დრო და მოვინათლე; მალე პიონერად დავიწყე მსახურება. ხანდახან ყოფილ ამბოხებულებსაც ვხვდები და ჭეშმარიტებაზეც ვსაუბრობთ. ისინი დიდ პატივს მცემენ, ასე სუფთად და ლამაზად რომ ვცხოვრობ. ერთი პერიოდი ბიბლიას იმ ამბოხებულსაც კი ვასწავლიდი, რომელიც ერთ დროს ჩემს ოცეულში ადიუტანტად მსახურობდა.

ჯერ კიდევ მებრძოლი ვიყავი, როცა სამი ბიჭის მამა გავხდი. ჭეშმარიტება რომ გავიგე, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ისინიც რამენაირად სწორ გზაზე დამეყენებინა. საბედნიეროდ, ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და დღეს ჩემი ორი ბიჭი იეჰოვას ემსახურება — უმცროსი მოუნათლავი მაუწყებელია, უფროსი კი ხშირად დამხმარე პიონერად მსახურობს.