არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

„საგუშაგო კოშკის კაცი“

ჯეიმს კორომა

„საგუშაგო კოშკის კაცი“
  • დაიბადა: 1966 წ.

  • მოინათლა: 1990 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მსახურობდა კურიერად სამოქალაქო ომის დროს.

ქალაქ ფრიტაუნში 1997 წელს ამბოხებულებსა და სახელმწიფო ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ამ დროს გადავწყვიტე, მოხალისე კურიერად მემსახურა და გვინეაში, ქალაქ კონაკრიში, ჩვენი დროებითი ოფისისთვის ფრიტაუნიდან ინფორმაცია მიმეწოდებინა.

ერთხელ ქალაქის ავტოსადგურზე ავტობუსში ავედი. ჩემთან ერთად სხვა მამაკაცებიც მგზავრობდნენ. შორიდან სროლის ხმა გვესმოდა; ძალიან გვეშინოდა. ქალაქის ქუჩებზე რომ გავდიოდით, ჩვენ ირგვლივ სროლა ატყდა. მძღოლმა ავტობუსი უკან დახია და სხვა გზით წაგვიყვანა. მალე ამბოხებულთა შეიარაღებულმა ჯგუფმა გაგვაჩერა და ავტობუსიდან ჩამოსვლა გვიბრძანა. დაგვკითხეს და გაგვიშვეს. ცოტა ხანში ჯარისკაცების კიდევ ერთმა ჯგუფმა გაგვაჩერა. ერთ-ერთი მგზავრი მათი მეთაურის ნაცნობი აღმოჩნდა და ამჯერადაც გაგვიშვეს. ქალაქიდან რომ გავდიოდით, ამბოხებულთა მესამე ჯგუფს გადავეყარეთ. დაკითხვის შემდეგ მათაც მოგვცეს გზის გაგრძელების უფლება. ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე კიდევ არაერთ დაბრკოლებას შევხვდით; მხოლოდ საღამო ხანს ჩავაღწიეთ კონაკრიში.

ამგვარი „მარშრუტების“ დროს ჩვენს ოფისში ლიტერატურის ყუთები, საოფისე ნივთები, დოკუმენტები და პირველადი დახმარების საგნები და სხვა საჭირო ნივთები ჩამქონდა ხოლმე. მეტწილად მანქანით და მიკროავტობუსით ვმგზავრობდი. ხანდახან მებარგულებსაც ვთხოვდი დახმარებას და ტროპიკული ტყეებისა და მდინარეების გავლით კანოეთიც გადამქონდა ლიტერატურა.

ერთხელ ფრიტაუნიდან კონაკრიში მიკროავტობუსით რომ მივდიოდი, საზღვარზე ამბოხებულებმა გაგვაჩერეს. ერთმა ჩემს ბარგს მოჰკრა თვალი და დაეჭვებულმა დაკითხვა დამიწყო. ამ დროს ჯარისკაცებს შორის ყოფილი თანასკოლელი შევნიშნე. საშიში გამომეტყველების გამო ჯარისკაცებს მისთვის „დაუნდობელი“ შეურქმევიათ. ვინც დაკითხვას მიწყობდა, ვუთხარი რომ „დაუნდობელის“ სანახავად ვიყავი მისული და თან დავუძახე ყოფილ თანასკოლელს. მან მაშინვე მიცნო და სწრაფი ნაბიჯით გამოემართა ჩემკენ. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ იმდენად გაგვახარა, რომ ერთმანეთს თბილად გადავეხვიეთ. შემდეგ მკითხა:

— რამე პრობლემა ხომ არა გაქვს?

— გვინეაში მინდა გადასვლა, — ვუპასუხე.

მან დაუყოვნებლივ უბრძანა ჯარისკაცებს, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შემოწმების გარეშე გავეშვით.

ამ დღიდან მოყოლებული ყოველთვის, როდესაც ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მაჩერებდნენ, ჩემი თანასკოლელის წყალობით უპრობლემოდ მიშვებდნენ. ჯარისკაცებს ხშირად ვუტოვებდი ჟურნალებს. მათ ძალიან მოსწონდათ ჩვენი ლიტერატურა. მალე მეტსახელიც კი შემარქვეს: „საგუშაგო კოშკის კაცი“.