არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

ალმასზე გაცილებით ძვირფასი

ტამბა ჯოსია

ალმასზე გაცილებით ძვირფასი
  • დაიბადა: 1948 წ.

  • მოინათლა: 1972 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჭეშმარიტების გაგებამდე ალმასის საბადოში მუშაობდა. დღეს სიერა-ლეონეს ფილიალის კომიტეტის წევრია.

ათას ცხრაას სამოცდაათ წელს კენემას ჩრდილოეთით, ტონგოს ველებზე, ალმასით მდიდარ ტერიტორიაზე, ბრიტანული კომპანიის საბადოში ვმუშაობდი. თავისუფალ დროსაც ალმასებს ვეძებდი. როცა ვიპოვიდი, ლამაზად გამოვეწყობოდი და კენემაში მივდიოდი, სადაც ნაპოვნ ქვებს ვყიდდი და აღებული ფულით კარგად ვერთობოდი.

1972 წელს იეჰოვას მოწმეებს შევხვდი და მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ხუთ თვეში მზად ვიყავი მოსანათლად. მოახლოებულ საოლქო კონგრესზე ნათლობას ვგეგმავდი, შვებულების დღეები კი საერთოდ აღარ მქონდა, ამიტომ თანამშრომელს ვთხოვე იმ დღეებში ჩემ მაგივრად ემუშავა. ის დამთანხმდა, ოღონდ იმ პირობით, თუ ერთი კვირის ხელფასს მივცემდი. წამითაც არ დავფიქრებულვარ, რადგან ნათლობა ჩემთვის გაცილებით ძვირფასი იყო, ვიდრე ფული. კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ მან აღარ გამომართვა ფული და მითხრა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ღვთის მსახურება მართლაც საუკეთესო არჩევანი იყო. ექვსი თვის შემდეგ დავტოვე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რადგან მინდოდა სპეციალურ პიონერად მემსახურა და მეტი განძი მომეგროვებინა ზეცაში (მათ. 6:19, 20).

მას შემდეგ, 18 წლის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სპეციალურ პიონერად და სარაიონო ზედამხედველად ვმსახურობდი. ამ პერიოდში დავქორწინდი ქრისტიანაზე, რომელიც დღემდე მხარში მიდგას. ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი სასიხარულო მოვლენა ჩვენი ქალიშვილის, ლინეტის დაბადება იყო.

ერთ დროს ალმასებს დავეძებდი, მაგრამ ალმასზე გაცილებით ძვირფასი, სულიერი განძი ვიპოვე

მაშინ, როდესაც სიერა-ლეონეში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, მე და ქრისტიანა ქალაქ ბოში პიონერებად ვმსახურობდით. ეს ადგილიც ალმასის საბადოებით განთქმულ მხარეში მდებარეობს. ამ ქალაქში მრავალი ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანი, ასე ვთქვათ, სულიერი ალმასი ვიპოვეთ. ოთხ წელიწადში ჩვენი კრება 60 პროცენტით გაიზარდა. ქალაქ ბოში ახლა სამი კრებაა.

2002 წელს სიერა-ლეონეს ფილიალის კომიტეტის წევრად დამნიშნეს. დღემდე მეუღლესთან ერთად ბეთელთან ახლოს ვცხოვრობ. მე ბეთელში ვმსახურობ, ქრისტიანა კი სპეციალური პიონერია. ლინეტიც ბეთელში, მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურობს და კრიო ენაზე თარგმნის ლიტერატურას.

ერთ დროს ალმასებს დავეძებდი, მაგრამ ალმასზე გაცილებით ძვირფასი, სულიერი განძი ვიპოვე. ბედნიერი ვარ, რომ იეჰოვას საგანძურს 18 „სულიერი ალმასი“ შევმატე. ჩემს ცხოვრებაში ღვთის კურთხევებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!