არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასი წლის წინ — 1914

ასი წლის წინ — 1914

«გვჯერა, რომ 1914 წელს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, ვემსახუროთ ჭეშმარიტებას, ვიდრე მკის ნებისმიერ წინა წელს», — ასეთი სიტყვები ეწერა 1914 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“. 1914 წელი იყო ის წელი, რომლის დადგომასაც ბიბლიის მკვლევრები ათწლეულების მანძილზე ელოდნენ. ამ წლისთვის ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი სამქადაგებლო საქმეში. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგად 1914 წელს მილიონებმა მოისმინეს ბიბლიური დანაპირები. თუმცა მაშინდელი მსოფლიო სულ სხვა ტალღაზე იყო.

მსოფლიო ძალადობის მორევში ეფლობა

1914 წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებში მუშათა კლასის გაფიცვას სისხლისღვრა მოჰყვა. ამან 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები. გაფიცული მაღაროელები ოჯახებთან ერთად მათი კომპანიის კუთვნილი საცხოვრებელი სახლებიდან გამოასახლეს, რის შემდეგაც კარვებში უწევდათ ცხოვრება. 20 აპრილს კოლორადოში, ქალაქ ლადლოუს მახლობლად მაღაროელთა ბანაკში სროლა ატყდა. ბანაკს ცეცხლი მოედო. განრისხებულმა მაღაროელებმა კომპანიის რამდენიმე დაცვის თანამშრომელი მოკლეს. წესრიგის აღსადგენად სახელმწიფო ჯარის ჩარევა გახდა საჭირო.

ამ პერიოდში ევროპაში გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო. 28 ივნისს 19 წლის ბოსნიელმა სერბმა, გავრილო პრინციპმა, ავსტრიის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მოკლა. ეს მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა; წლის ბოლოს ამ ომმა მთელი ევროპა მოიცვა.

კონგრესებზე ძირითადი აქცენტი ქადაგებაზე კეთდება

იმ დროს, როდესაც მსოფლიო არეულობას მოეცვა, ბიბლიის მკვლევრები ერთმანეთს გულმოდგინე ქადაგებისკენ მოუწოდებდნენ. 1914 წლის 10 აპრილს სამხრეთ აფრიკაში პირველად გაიმართა კონგრესი. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 34-ს მიაღწია. უილიამ ჯონსტონი იხსენებდა: «მართლაც „მცირე სამწყსო“ ვიყავით. კონგრესზე . . . ფაქტობრივად [დამსწრეთა] ნახევარი მოინათლა — 8 ძმა და 8 და. ისინი ზუსტად ისე მოინათლნენ, როგორც უფალმა გვასწავლა». ბოლო დღეს იქ შეკრებილებმა ისაუბრეს, როგორ შეეძლოთ გაეფართოვებინათ სამქადაგებლო საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში. დღეს იქ 90 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „მცირე სამწყსო“ მართლაც წარმატებული აღმოჩნდა.

1914 წლის 28 ივნისს, ერცჰერცოგ ფერდინანდის სიკვდილის დღეს, ბიბლიის მკვლევრები ქალაქ კლინტონში (აიოვა, აშშ) შეიკრიბნენ. 30 ივნისს ალექსანდრე მაკმილანმა ამ კონგრესზე განაცხადა: „თუ გვინდა, რომ ზეციური ჯილდო მივიღოთ, შემართებით უნდა განვაგრძოთ ღვთის ნების შესრულება და მთელ მსოფლიოს უნდა ვაუწყოთ ცნობა მკის შესახებ“.

ფოტოდრამა მილიონების ყურადღებას იპყრობს

1914 წლის 11 იანვარს ნიუ-იორკში „შემოქმედების ფოტოდრამის“ პრემიერა შედგა. ეს ფოტოდრამა შედგებოდა ფერადი მოძრავი სლაიდებისა და კადრებისგან, რომელთაც თან ერთვოდა მუსიკა და ბიბლიური მოხსენებების ფონოგრამები. პრემიერას 5 000 ადამიანი დაესწრო. ადგილების სიმცირის გამო მრავალს უკან გაბრუნება მოუწია.

„შემოქმედების ფოტოდრამა“ 2 წელი მზადდებოდა, მაგრამ როგორც „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა, პრემიერისთვის მისი მომზადება ძლივს მოესწრო. 1914 წლის დასაწყისში ძმებმა კიდევ უფრო დახვეწეს ფოტოდრამა. მაგალითად, მას დასაწყისში დაურთეს ჩარლზ ტეიზ რასელის სიტყვები, სადაც ის მოიხსენიებდა ფილმის დამფინანსებლებს.

გაგიკვირდებათ და, ერთხელ ფოტოდრამის ჩვენება ერთდროულად 80 ქალაქში გაიმართა. 1914 წლის ივლისში მან დიდ ბრიტანეთშიც ჩააღწია. უამრავი ადამიანი ესწრებოდა „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენებას ლონდონსა და გლაზგოში. სექტემბერში მან დანიის, ფინეთის, გერმანიის, შვედეთისა და შვეიცარიის საზღვრებიც გადალახა. ოქტომბერში მისი ჩვენება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც მოეწყო. პირველივე წელს ფოტოდრამა მთლიანობაში 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ფოტოდრამის თითოეული ნაწილი მოძრავი კადრებისა და ასობით ფერადი სლაიდისგან შედგებოდა, რომელსაც თან არაერთი ფონოგრამა ერთვოდა. ფოტოდრამის ასლის გაკეთება ძალიან ძვირი ჯდებოდა; მისი ჩვენება მხოლოდ ამ საქმეში გამოცდილ და-ძმებისგან შემდგარ ჯგუფს შეეძლო. ამიტომ, მთლიანი ფოტოდრამის ჩვენება, უმთავრესად, დიდ ქალაქებში მიმდინარეობდა. მათთვის, ვინც პროვინციებში ცხოვრობდა, ფოტოდრამის სამი შემოკლებული ვერსია დამზადდა. ერთ-ერთი ვერსია იყო „ევრიკადრამა Y“. ის შედგებოდა ფერადი სლაიდებისგან, რომელთაც თან გასდევდა მუსიკა და ბიბლიური მოხსენებები. ასევე დამზადდა „ევრიკადრამა X“ და ფოტოდრამის ძალიან მოკლე, აუდიო ვერსია, ფერადი სლაიდებისა და მოძრავი კადრების გარეშე — „ევრიკადრამა ოჯახებისთვის“. მხოლოდ შეერთებულ შტატებში 1914 წლის ბოლოსთვის „ევრიკადრამის“ გამოშვებიდან, სულ რაღაც, 4 თვეში ის 70 000- ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

წიგნების დამტარებლები და მოხალისეები აქტიურად ქადაგებენ

მართალია, ამ სიახლეს, ფოტოდრამას, ბევრი აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ ბიბლიის მკვლევრები მიხვდნენ, რომ უმთავრესი ყურადღება ქადაგების სხვა მეთოდებისთვის უნდა დაეთმოთ. წერილში, რომლითაც ჩარლზ ტეიზ რასელი წიგნების დამტარებლებს (ამჟამად პიონერები) მიმართავდა, ასეთი რამ ეწერა: „ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, ყველაზე წარმატებულია მკის პერიოდში. ამიტომ, არ გვინდა, რომ წიგნების დამტარებლები მთლიანად ფოტოდრამის ჩვენებაზე გადაერთოთ . . . ამ საქმეს თქვენსავით უფლის ერთგული სხვა და-ძმები . . . შეასრულებენ“.

1914 წლის იანვარში წიგნების დამტარებლების რაოდენობა 850 იყო. ერთი წლის განმავლობაში ამ გულმოდგინე მქადაგებლებმა გაავრცელეს 700 000-ზე მეტი წიგნი, სახელწოდებით „საღვთო წერილის გამოკვლევა“. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ დიდ ყურადღებას უთმობდა წიგნების დამტარებლებს და მკითხველებს მოუწოდებდა: „გაამხნევეთ ისინი, რადგან ღვთის ამ ერთგულ მსახურთა გზა ყოველთვის ია-ვარდით არ არის მოფენილი“.

სხვა ბიბლიის მკვლევრები კი ბუკლეტებს ავრცელებდნენ სხვადასხვა ენაზე. 1914 წელს მათ გაავრცელეს 47 მილიონზე მეტი ბუკლეტი, მათ შორის „ბიბლიის მკვლევრების ყოველთვიური ბუკლეტი“.

აღსანიშნავია, რომ ბიბლიის მკვლევართა საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ისინი ყველგან მსახურობდნენ; მათ შეხვედრებზე დასწრება უფასო იყო. ქრისტიანული სამყაროს ერთი სასულიერო პირი ჩიოდა: „ძალიან მალე ხალხი შესაწირავების აკრეფას ცოდვად ჩათვლის და რა გვეშველება?! პასტორი რასელი სახელს გვიტეხს“.

უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასასრული

ბიბლიის მკვლევრებს სჯეროდათ, რომ ლუკას 21:24-ში მოხსენიებული „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ დაახლოებით 1914 წლის 1 ოქტომბრისთვის დასრულდებოდა. ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად მღელვარებაც მატულობდა. ზოგ ბიბლიის მკვლევარს „აღრიცხვის ბარათიც“ კი ჰქონდა, სადაც ყოველ განვლილ დღეს აღნიშნავდა. მრავალი ელოდა, რომ ამ დღეს, როგორც თავად აცხადებდნენ, „ფარდის მიღმა“ ანუ ზეცაში უნდა წასულიყვნენ.

1914 წლის 2 ოქტომბერს, დილით, ძმა რასელი ბეთელის სასადილო ოთახში შევიდა და განაცხადა: „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდა; მათი მეფეების დღეები დათვლილია!“. ბევრისთვის ეს სიტყვები ნაცნობი იყო, რადგან ის ეფუძნებოდა 171-ე სიმღერას წიგნიდან „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის სადიდებლები“. 1879 წლიდან მოყოლებული ბიბლიის მკვლევრები მღეროდნენ სიმღერას „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები სრულდება“, მაგრამ ახლა, როცა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ უკვე დასრულებული იყო, ამ სიმღერის შესრულება აღარ იქნებოდა მართებული (ლუკ. 21:24). მოგვიანებით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სიმღერების წიგნში შეიტანეს.

ზოგი იეჰოვას მოწმე იყენებდა „აღრიცხვის ბარათს“, სახელწოდებით „სიკვდილამდე ერთგული დარჩი“

დაახლოებით 1914 წლის ბოლოსკენ ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა. ბიბლიის მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ მათ თავიანთი საქმე უკვე შესრულებული ჰქონდათ. ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ წინ შემოწმება და გაცხრილვა ელოდათ. 1915 წლის მუხლი, „შეგიძლიათ შესვათ ჩემი სასმისი?“, მათეს 20:22-ს ეფუძნებოდა. „სასმისში“ იესო გულისხმობდა იმ განსაცდელებს, რომლებსაც სიკვდილამდე შეხვდებოდა. ბიბლიის მკვლევრებსაც არაერთი განსაცდელი ელოდათ, რომელთაგანაც ზოგი ორგანიზაციის შიგნით იჩენდა თავს, ზოგიც — გარეთ. ეს განსაცდელები გამოააშკარავებდა, იყვნენ თუ არა ისინი იეჰოვას ერთგულნი.