არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

19151947: ზრდის დასაწყისი (ნაწილი 2)

19151947: ზრდის დასაწყისი (ნაწილი 2)

საქმეში „გლადიატორები“ ერთვებიან

ფრიტაუნის სამღვდელოება გულზე სკდებოდა და აღშფოთებას ვერ მალავდა, როდესაც ხედავდა, როგორი ინტერესით უსმენდა მათი მრევლი ძმა ბრაუნის ქადაგებებს. 1923 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა: „სამღვდელოება თავდაცვაზე გადავიდა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ პრესის მეშვეობით გაილაშქრა. ძმა ბრაუნმა არაერთი საპასუხო წერილი გამოაქვეყნა და მათ შორის ერთგვარი დებატები გაიმართა“. საბოლოოდ, სამღვდელოება ჩაჩუმდა და ყველამ დაინახა, რომ ისინი ტყუოდნენ. საბედნიეროდ, ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ბევრის ყურამდე მიაღწია. სასიხარულო იყო ისიც, რომ გაზეთის ბევრმა მკითხველმა ბიბლიური ლიტერატურა მოითხოვა. სამღვდელოებას კი უნდოდა ღვთის ხალხის დადუმება, მაგრამ იეჰოვამ „მათვე დაუბრუნა მათივე სიავე“ (ფსალმ. 94:21—23).

სამღვდელოების დასაცავად საქმეში „გლადიატორებად“ წოდებული ახალგაზრდების ჯგუფი ჩაერთო. ისინი მთელ რიგ შეხვედრებს მართავდნენ, სადაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ სამეფოს ცნობის მქადაგებლებს, რომელთაც „რასელისტებს“ უწოდებდნენ. საპასუხოდ, ძმა ბრაუნმა ისინი საჯაროდ გამოიწვია დებატებში. „გლადიატორებმა“ უარი განაცხადეს ამ გამოწვევაზე და მკაცრად უსაყვედურეს იმ გაზეთის რედაქტორს, რომელმაც ძმა ბრაუნს ამგვარი სტატიების გამოქვეყნების უფლება მისცა. მათ ძმა ბრაუნს თავიანთ შეხვედრებზე დასწრებაც კი აუკრძალეს. მის ნაცვლად ალფრედ ჯოზეფი ესწრებოდა ამ შეხვედრებს.

შეხვედრები ფრიტაუნის სახელგანთქმულ მეთოდისტურ ეკლესიაში იმართებოდა. ალფრედი იხსენებს: „ერთხელ, როცა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, საკითხი წამოვჭერი იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამებოდა ბიბლიას ანგლიკანური ეკლესიის მოძღვრებები — სამების დოგმატი თუ სხვა სწავლებები. ბოლოს ისე მოხდა, რომ თავმჯდომარემ აუდიტორიას აღარ მისცა კითხვების დასმის უფლება“.

ამ შეხვედრას ესწრებოდა ერთი „გლადიატორი“, სასულიერო სემინარიის სტუდენტი მელბურნ გარბერი, რომელსაც ადრე მოსმენილი ჰქონდა „ბიბლიის ბრაუნის“ ქადაგება. ეს სწორედ ის ახალგაზრდა იყო, რომელმაც აღიარა: „მისტერ ბრაუნმა კარგად იცის თავისი ბიბლია!“. ყველაფრის ღრმად გაანალიზების შემდეგ გარბერი დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მან ძმა ბრაუნს ისიც კი სთხოვა, რომ მისთვის ბიბლია ესწავლებინა. ძმა ბრაუნმა ის თავის სახლში ყოველკვირეულ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე დაპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ გარბერს ოჯახმა ზურგი აქცია, სწრაფად გაიზარდა სულიერად და ბიბლიის სხვა რამდენიმე შემსწავლელთან ერთად მალევე მოინათლა.

ღვთის დაუძინებელ მტერს, სატანას სურდა, გასაქანი არ მიეცა სამქადაგებლო საქმისთვის, მაგრამ მან სრული მარცხი განიცადა. გამართლდა ქალაქ ფრიტაუნის მერის სიტყვები, რომელმაც ერთ დროს „გლადიატორებს“ ბიბლიური ენით უთხრა: „თუ ეს საქმე ადამიანებისგან არის, ჩაიშლება, მაგრამ თუ ღვთისგანაა, თქვენ ვერ შეაჩერებთ მას!“ (საქ. 5:38, 39).

„ბრაუნების რელიგია“

1923 წლის მაისის დასაწყისში ძმა ბრაუნმა დეპეშა გაუგზავნა ლონდონის ფილიალს და სთხოვა, უფრო მეტი ლიტერატურა გაეგზავნათ მისთვის. მალე 5 000 წიგნი მიიღო, რასაც სხვა გზავნილებიც მოჰყვა. ის განაგრძობდა საჯარო შეხვედრების ჩატარებას, რამაც ათასობით ადამიანი მიიზიდა.

იმავე წელს „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა: „საქმემ [სიერა-ლეონეში] იმდენად სწრაფად წაიწია წინ, რომ ძმა ბრაუნმა დახმარება ითხოვა. მის დასახმარებლად უინიპეგიდან კლოდ ბრაუნი გაემგზავრა, რომელიც წარმოშობით ვესტინდოეთიდანაა“.

კლოდ ბრაუნი სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებელი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს, ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების გამო, მას კანადისა და ინგლისის ციხეებში მოუწია ყოფნა, სადაც სასტიკად ექცეოდნენ. მან სიერა-ლეონეში ოთხი წელი იმსახურა და არაერთი იქაური და-ძმა განამტკიცა.

ერთი ჩვენი და პოლინ ქოლი იხსენებს: „ერთხელ, 1925 წელს, მოსანათლად რომ ვემზადებოდი, ძმა კლოდი შეეცადა, დაენახვებინა ჩემთვის, რამდენად სერიოზული ნაბიჯი უნდა გადამედგა“.

— დაო პოლინ, ნამდვილად გესმის, რაც „საღვთო წერილის გამოკვლევიდან“ ისწავლე? — მკითხა მან. — არ გვინდა, დროთა განმავლობაში ჭეშმარიტება იმის გამო მიატოვო, რომ ბოლომდე ვერ ჩასწვდი ბიბლიურ სწავლებებს.

— ძმაო კლოდ, — მივუგე. — „საღვთო წერილის გამოკვლევა“ არაერთხელ წავიკითხე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ.

პოლინ ქოლი

პოლინი იეჰოვას 60 წელზე მეტი ხნის მანძილზე ემსახურებოდა და ამ დროის უმეტესი ნაწილი სპეციალური პიონერი იყო. მან თავისი მიწიერი ცხოვრება 1988 წელს დაასრულა.

უილიამი, იგივე „ბიბლიის ბრაუნი“, აქტიურად ეხმარებოდა სხვებს, ისეთი ჩვევების განვითარებაში, რაც სულიერად განამტკიცებდა მათ. ალფრედ ჯოზეფი იხსენებს: «თუ დილით ძმა ბრაუნს შევხვდებოდი, ის ჯერ მომიკითხავდა, შემდეგ კი აუცილებლად დაინტერესდებოდა, მახსოვდა თუ არა ყოველდღიური მუხლი. თუ პასუხს ვერ გავცემდი, მიხსნიდა, რატომ იყო მნიშვნელოვანი, ყოველთვის მხსომებოდა თითოეული დღის მუხლი წიგნიდან „ყოველდღიური მანანა“ (ამჟამად ჰქვია „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“). მას შემდეგ სახლიდან ისე არ გამოვიდოდი, რომ არ წამეკითხა ყოველდღიური მუხლი; ასე რომ, თუ სადმე ძმა ბრაუნს გადავეყრებოდი, ის ვერ შეძლებდა ჩემს „ჩაჭრას“. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ მიწყობდა ძმა ბრაუნი ასეთ „დაკითხვებს“, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს ჩემსავე სასიკეთოდ იყო».

საბოლოოდ, წამოწყებულმა საქმემ კარგი ნაყოფი გამოიღო. 1923 წელს 14 ადამიანი მოინათლა და ქალაქ ფრიტაუნში კრება ჩამოყალიბდა. ჯორჯ ბრაუნი ერთ-ერთი ახალმონათლული იყო, რომლის სახითაც კრებას ბრაუნების გვარის მესამე წარმომადგენელი შეემატა. სამივე ბრაუნი თავიანთ ოჯახებთან ერთად იმდენად გულმოდგინედ მსახურობდა, რომ ფრიტაუნის მაცხოვრებელმა ბიბლიის მკვლევართა რელიგიას „ბრაუნების რელიგია“ შეარქვეს.