არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

19151947: ზრდის დასაწყისი (ნაწილი 3)

19151947: ზრდის დასაწყისი (ნაწილი 3)

პროვინციებსა და მის საზღვრებს გარეთ

ჭეშმარიტების სიყვარულით ანთებული ფრიტაუნის კრება „მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში“ (საქ. 18:5). ალფრედ ჯოზეფი ყვება: „ნორტონის ფირმის დიდი მოტოციკლეტი მყავდა, რომელსაც ბიბლიური წიგნებით სავსე ყუთს მივაბამდი ხოლმე, ძმა ტომას ან სილვესტერ გრანტს უკან მოვისვამდი და ფრიტაუნის მახლობლად მდებარე სოფლებისა და პატარა ქალაქებისკენ მივემართებოდით. ჩვენი მიზანი იყო, კარგად შეგვესწავლა ეს ტერიტორია, იქ მცხოვრები ხალხის აზრი გაგვეგო და ბიბლიური ლიტერატურა გაგვევრცელებინა“.

1927 წლამდე მაუწყებლები, ძირითადად, ფრიტაუნსა და მის ახლომდებარე ტერიტორიაზე ქადაგებდნენ, რომელსაც „კოლონია“ ეწოდებოდა. 1928 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს, სანამ წვიმის სეზონი დაიწყებოდა, კრების წევრები ავტობუსს ქირაობდნენ და საქადაგებლად პროვინციებში მიდიოდნენ. ვინც ვერ ახერხებდა წასვლას, ფინანსურად უჭერდა მხარს ამ „კამპანიას“, რომელსაც მელბურნ გარბერი ხელმძღვანელობდა. ეს ჯგუფი ქადაგებდა კაილაჰუნის აღმოსავლეთით, ლიბერიის სამხრეთ საზღვართან ახლოს მდებარე პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ყოველი თვის პირველ კვირას ისინი განმეორებით ინახულებდნენ დაინტერესებულებს.

დაახლოებით ამავე პერიოდში ძმა ბრაუნი ვესტინდოეთში გაემგზავრა, საიდანაც ავტომანქანა ჩამოიყვანა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მანქანა სიერა-ლეონეში. მას ხმის გამაძლიერებელი სისტემა იყო ჩამონტაჟებული, რათა ხალხისთვის ყველგან მიეწვდინათ ხმა. ძმა ბრაუნი ავტომანქანას საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში აჩერებდა და ხალხის ყურადღება რომ მიექცია, სასიამოვნო მუსიკას რთავდა. შემდეგ მოკლე მოხსენებას კითხულობდა ან შეკრებილებს მოხსენების ჩანაწერს ასმენინებდა და ბიბლიურ ლიტერატურასაც სთავაზობდა. ადგილობრივმა ხალხმა ძმა ბრაუნის მანქანას, რომელიც მართლაც სენსაცია იყო იმ დროში, „მოლაპარაკე მანქანა“ შეარქვა. ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ამ მანქანის „მოსასმენად“.

მოწმეები გაბედულად ქადაგებენ

შემდეგ ძმა ბრაუნმა მთელი ყურადღება ისეთ ტერიტორიებზე გადაიტანა, რომელზეც მანამდე იეჰოვას მოწმეს ფეხი არასდროს დაუდგამს. ამ ტერიტორიებში შედიოდა დასავლეთ აფრიკის ის ნაწილი, სადაც ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობდა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში ის გაემგზავრა გამბიაში, განაში, ლიბერიასა და ნიგერიაში, რათა იქაც ჩაეტანა სასიხარულო ცნობა. ძმა ბრაუნის ქადაგებით ყველა ქვეყანაში დაინტერესდნენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი ნიგერიელებმა გამოავლინეს. ამიტომ, 1930 წელს ის და მისი ოჯახი ფრიტაუნიდან ლაგოსში გადავიდნენ. ახლა ძმა ბრაუნი ლაგოსიდან უწევდა ხელმძღვანელობას სამქადაგებლო საქმეს დასავლეთ აფრიკაში.

დღეისათვის დასავლეთ აფრიკაში 500 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა

1950 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძმა ბრაუნს იამაიკაზე დაბრუნება მოუწია. აღსანიშნავია, რომ მან დასავლეთ აფრიკაში დიდი მემკვიდრეობა დატოვა. მან და მისმა მეუღლემ 27 წელზე მეტი იმსახურეს ამ ტერიტორიაზე და საკუთარი თვალით იხილეს, როგორ გაიზარდა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი. ერთ დროს იქ, სულ რაღაც, ორი მაუწყებელი იყო, მაგრამ მაშინ, როცა დასავლეთ აფრიკას ტოვებდნენ, უკვე 11 000-ზე მეტი და-ძმა მსახურობდა ამ მხარეში. ისინი თავად გახდნენ იმის მოწმენი, თუ როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად“ (ეს. 60:22). მას შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა და დღეს დასავლეთ აფრიკაში ამ „ძლიერი ხალხის“ რიცხვი 500 000-ზე მეტს ითვლის.

აკრძალვის მიუხედავად ბოლომდე ერთგულნი

მეორე მსოფლიო ომის დროს სიერა-ლეონედან მრავალი გაიწვიეს ომში, მაგრამ იეჰოვას მოწმეებმა მტკიცე პოზიცია დაიკავეს და უარი თქვეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე (მიქ. 4:3; იოან. 18:36). ბრიტანელმა სახელმწიფო მოხელეებმა მათ დეზერტირობაში დასდეს ბრალი, მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანეს და მათი ლიტერატურა აკრძალეს. საბაჟოს თანამშრომლებმა ფრიტაუნში იეჰოვას მოწმეებისთვის გაგზავნილი ლიტერატურაც კი დაწვეს. ზოგი ძმა იმის გამო დააკავეს, რომ აკრძალული ლიტერატურა აღმოუჩინეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. *

აკრძალვის მიუხედავად, უშიშარი მოწმეები განაგრძობდნენ ქადაგებას. პოლინ ქოლი იხსენებს: «ერთი ძმა იმ გემზე მუშაობდა ოფიციანტად, რომელიც ქვეყანაში ხშირად შემოდიოდა. ეს სწორედ ის ძმა იყო, რომელიც ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ახალი ნომრებით გვამარაგებდა. ჩვენ თავად ვბეჭდავდით კრების შეხვედრებისთვის ჟურნალის დამატებით ეგზემპლარებს და პატარა ბროშურებს ბიბლიურ თემებზე, რომლებსაც ხალხს ვურიგებდით. ამავდროულად, ძმები საჯარო მოხსენებებით გამოდიოდნენ და რუტერფორდის მოხსენებების ჩანაწერებსაც ასმენინებდნენ მოსახლეობას, ძირითადად დაშორებულ სოფლებში».

აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა მათ მიერ წამოწყებული საქმე. დიდი ხნის უხუცესი და სპეციალური პიონერი, ჯეიმზ ჯარეტი, ყვება: «ომის დროს, ქვისმჭრელად რომ ვმუშაობდი, ერთმა ასაკოვანმა დამ მომცა ბროშურა „ლტოლვილები“. რადგან ფრიტაუნში უამრავი ლტოლვილი ცხოვრობდა, სათაურმა ძალიან დამაინტერესა. იმავე ღამეს წავიკითხე ბროშურა და მივხვდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. მომდევნო დილით ეს და მოვძებნე და ჩემი სამი ძმისთვისაც გამოვართვი ბროშურები. საბოლოოდ, ოთხივენი იეჰოვას მოწმეები გავხდით».

1945 წელს, ომი რომ დამთავრდა, ფრიტაუნის კრებაში 32 მაუწყებელი იყო. ომის პერიოდში ამ მაუწყებლებმა არ შეწყვიტეს აქტიური მსახურება და ბოლომდე უერთგულეს იეჰოვას. ისინი ომის შემდეგაც მზად იყვნენ, კვლავაც შემართებით ემსახურათ.

სპეციალური კამპანია

1945 წლის 29 აგვისტოს ფრიტაუნის კრებაში ყოველკვირეულ სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილეს თემა, რომელიც ეხებოდა ახალ კამპანიას. ამ კამპანიის შესახებ 1944 წლის დეკემბრის „ინფორმატორში“ (ამჟამად „ჩვენი სამეფო მსახურება“) გაკეთდა განცხადება. თითოეულ კრებას უნდა მოეწვია ხალხი ოთხ საჯარო მოხსენებაზე, რომელიც „ყველა ქალაქსა თუ სოფელში“ წარმოითქმებოდა. 18 წლის ან მათზე უფროსი ასაკის ძმებს, რომლებიც თეოკრატიული მსახურების სკოლაში კარგად გამოდიოდნენ დავალებებით, ერთსაათიანი მოხსენებები უნდა წაეკითხათ. ოთხი ასეთი შეხვედრის შემდეგ ძმები აყალიბებდნენ ჯგუფებს და თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში მსურველთ უკვე შეეძლოთ ბიბლია შეესწავლათ.

როგორ გამოეხმაურნენ მაუწყებლები ამ ახალ მითითებას? მოდი, ცოტა ხნით ძველ ფრიტაუნში გადავინაცვლოთ და იმდროინდელ კრების სამსახურებრივ შეხვედრას დავესწროთ:

— თქვენი აზრით, როგორ შეხვდება ხალხი ამ ახალ კამპანიას? — ასეთი კითხვით მიმართა კრების თავმჯდომარემ და-ძმებს.

— არა მგონია, აქაურებმაც ისე კარგად მიიღონ ეს სიახლე, როგორც ამერიკელებმა, — პასუხობს ერთი ძმა.

— მეც ასე ვფიქრობ, — ეთანხმება მეორე.

— იქნებ ღირდეს, რომ ვცადოთ?! — ამბობს მესამე.

— მაგრამ ეს არ იქნება ადვილი! — დასძენს მეოთხე.

— ჩვენ უნდა მივყვეთ იმ მითითებებს, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაცია გვაძლევს! — ომახიანად ამბობს მეხუთე.

— მეეჭვება, ამან ჩვენთან გაამართლოს, — ეჭვნარევი ხმით პასუხობს მეექვსე.

— და მაინც, ჩვენ უნდა მივყვეთ იმ მითითებას, რომელიც „ინფორმატორში“ ეწერა! — ამბობს ბოლოს ერთი და.

ისინი ასეც მოიქცნენ. ეს კამპანია ძმებმა ფრიტაუნიდან დაიწყეს, გაუყვნენ სანაპიროს და ჩავიდნენ ქალაქ ბოში, საიდანაც გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ პლატოზე მდებარე ქალაქ კაბალასკენ აიღეს. ისინი შეხვედრებს ატარებდნენ საკლასო ოთახებში, ბაზრებსა თუ სახლებში. ამ საქმიანობამ კრების წევრები კიდევ უფრო აანთო, „იეჰოვას სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა“ (საქ. 12:24).

და მაინც, მაუწყებლებს სჭირდებოდათ მეტი თეოკრატიული განათლება. როგორც შემდეგში დავინახავთ, იეჰოვამ ამაზეც იზრუნა.

^ აბზ. 10 აკრძალვა 1948 წელს მოიხსნა.