არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

19451990: „მრავალი ადამიანი სიმართლემდე“ მივიდა (დან. 12:3). (ნაწილი 2)

19451990: „მრავალი ადამიანი სიმართლემდე“ მივიდა (დან. 12:3). (ნაწილი 2)

დიდად დააფასეს ღვთის ძღვენი, ქორწინება

სიერა-ლეონეში მსახურების დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ უილიამ ნუშემ შენიშნა, რომ ზოგი მაუწყებელი არ იცავდა იეჰოვას ნორმებს ქორწინებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში იყო — ცხოვრობდნენ ერთად ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. სხვები ადგილობრივ ტრადიციას მიჰყვებოდნენ და მანამ არ ქორწინდებოდნენ, სანამ ქალი არ დაფეხმძიმდებოდა; ფიქრობდნენ, რომ მათი კავშირი ნაყოფიერი იქნებოდა, თუ ბავშვი შეეძინებოდათ.

ამიტომ 1953 წლის მაისში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივმა ოფისმა ყველა კრებას წერილები დაუგზავნა და გასაგებად აუხსნა ბიბლიის თვალსაზრისი ქორწინებასთან დაკავშირებით (დაბ. 2:24; რომ. 13:1; ებრ. 13:4). წყვილებს მიეცათ დრო — ან უნდა დაერეგისტრირებინათ თავიანთი ქორწინება ან გაირიცხებოდნენ კრებიდან (1 კორ. 5:11, 13).

მაუწყებლების უმეტესობა დადებითად გამოეხმაურა ამ მოთხოვნას; მაგრამ კრებაში ზოგი ვერ ხვდებოდა ამ შეზღუდვის აუცილებლობას. სამწუხაროდ, ორ კრებაში მაუწყებლების ნახევარზე მეტმა საერთოდ გაწყვიტა კავშირი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციასთან. იეჰოვამ აკურთხა ისინი, ვინც უერთგულა ღვთის მოთხოვნებს; შედეგად, ისინი უფრო მეტად გააქტიურდნენ მსახურებაში.

ძმებმა იმდენი იწვალეს, რომ ცოტა ხანში მთავრობამ ფრიტაუნის სამეფო დარბაზს სპეციალური სტატუსი მიანიჭა, სადაც წყვილებს ოფიციალურად შეეძლოთ დაერეგისტრირებინა თავიანთი ქორწინება. და აი, 1954 წლის 3 სექტემბერს რამდენიმე იეჰოვას მოწმემ თავისი ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირა ამ სამეფო დარბაზში. მოგვიანებით, მთავრობამ ქვეყნის შვიდ ოლქში რამდენიმე ძმას უფლებამოსილება მიანიჭა, რომ ოფიციალურად დაექორწინებინათ წყვილები. ამან შესაძლებლობა მისცა ბიბლიის შემსწავლელებს, კანონიერად დაქორწინებულიყვნენ და სასიხარულო ცნობის მაუწყებლები გამხდარიყვნენ.

ამ წყვილმა ქორწინება სამეფო დარბაზში დაარეგისტრირა

ბევრმა ბიბლიის შემსწავლელმა, რომელთაც რამდენიმე ცოლი ჰყავდათ, დაიწყეს ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება. სამუელ კუპერი, რომელიც ამჟამად ქალაქ ბონტში ცხოვრობს, იხსენებს: „1957 წელს ჩემს ორ მეუღლესთან ერთად დავიწყე კრებაზე სიარული. მალე თეოკრატიულ სკოლაში ჩავეწერე. ერთ დღესაც დავალება მომცეს თემაზე — ქრისტიანული ქორწინება. თემის მომზადების დროს მივხვდი, რომ ორი ცოლის ყოლა არ იყო სწორი და რომ უმცროს ცოლთან ერთად ვეღარ ვიცხოვრებდი. უმცროსი ცოლისგან ერთი შვილი მყავდა, უფროსი ცოლი კი უშვილო იყო. მაგრამ კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ბიბლიური პრინციპებით უნდა მეცხოვრა და ამიტომ უმცროსი ცოლი მშობლებთან გავუშვი. ამის გამო ბევრი ნათესავი გადავიმტერე. ამ ამბების შემდეგ მე და ჩემს კანონიერ მეუღლეს ხუთი შვილი შეგვეძინა“.

კიდევ ერთმა დაინტერესებულმა, ონორა კამანომ, რომელიც გვინეის საზღვარზე ცხოვრობდა და რომელსაც სამი ცოლი ჰყავდა, გაუშვა ორი ცოლი და ოფიციალურად დაქორწინდა პირველ მეუღლეზე. ცოტა ხანში მისი კანონიერი მეუღლეც დაინტერესდა ჭეშმარიტებით. მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა ცოლმა, რომელიც, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი იყო მომხდარის გამო, დააფასა ის, რომ ყოფილი მეუღლე ასე მტკიცედ იცავდა ბიბლიურ პრინციპებს. გაგიკვირდებათ და, მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ცოტა ხანში მოინათლა.

იეჰოვას მოწმეებს ისეთი ხალხის რეპუტაცია აქვთ, რომლებიც დიდად აფასებენ ქორწინებას

დღესდღეობით იეჰოვას მოწმეებს სიერა-ლეონესა და გვინეაში ისეთი ხალხის რეპუტაცია აქვთ, რომლებიც დიდად აფასებენ ქორწინებას. მათი დამოკიდებულება ქორწინებისადმი ამკობს და ალამაზებს ღვთის სწავლებებს და განადიდებს ამ დიდებული ინსტიტუტის დამაარსებელს (მათ. 19:4—6; ტიტ. 2:10).

ფრიტაუნი ორად გაიყო

1956 წელს კიდევ ორი მისიონერი, ჩარლზ და რევა ჩაპელები ჩავიდნენ ფრიტაუნში. ჩასვლის დღესვე, როცა მისიონერთა სახლისკენ მიდიოდნენ, გზად გადააწყდნენ დიდ სარეკლამო აბრას, რომელიც იუწყებოდა, რომ „ვილბერფორსის მემორიალ-ჰოლში“ იგეგმებოდა ბიბლიური მოხსენების წაკითხვა. «აბრაზე ეწერა, რომ მომხსენებელი იყო „იეჰოვას მოწმეთა ეკლესიის“ წარმომადგენელი ვინმე კ. ნ. დ. ჯოუნზი», — იხსენებს ჩარლზი.

ზემოაღნიშნული ჯოუნზი თავს ცხებულ ქრისტიანად მიიჩნევდა. იგი იმ ჯგუფს წინამძღოლობდა, რომელიც უკვე წლები იყო, რაც აღარ ეკუთვნოდა ფრიტაუნის კრებას. ის და მისი ჯგუფის წევრები თვლიდნენ, რომ თვითონ იყვნენ „ჭეშმარიტი“ იეჰოვას მოწმეები და მისიონერებსა და ერთგულ და-ძმებს „თვითმარქვიებს“ და „უგუნურ გალაადელებს“ უწოდებდნენ.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა იმ დროს, როდესაც ჯოუნზი და მისი მხარდამჭერები კრებიდან გაირიცხნენ. „ამ ამბავმა გააოგნა ის ძმები, რომლებიც შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ ამ ჯგუფის ქმედებებს, — ამბობს ჩარლზი. — ზოგიერთმა ხმაც კი აიმაღლა ორგანიზაციის წინააღმდეგ. მათ და კიდევ სხვებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ჯოუნზის ჯგუფთან და ცდილობდნენ, ჩაეშალათ კრების და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები. ამ ჯგუფის წევრები კრებაზე ყოველთვის ერთად სხდებოდნენ ერთსა და იმავე ადგილას. მათ ადგილებს განდგომილთა რიგებს ეძახდნენ. გავიდა დრო და უმეტესობამ დატოვა ჭეშმარიტება. თუმცა ზოგი გონს მოეგო და კვლავ გულანთებული მქადაგებელი გახდა“.

მთლიანობაში სიერა-ლეონეში იეჰოვას ხალხის დიდი უმრავლესობა ღვთის ერთგული დარჩა. იცით, რა მოჰყვა ამას შედეგად? თითოეულმა მათგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სულის ძალა. სამხარეო ზედამხედველი, ჰარი არნოტი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ მოინახულა ფრიტაუნი, ასეთ რამეს წერდა: „ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი ნიშანდობლივი ზრდა სიერა-ლეონეში. ამან მომავალი ზრდის იმედი ჩაგვისახა“.

ჭეშმარიტების შუქი კისიენოვან ხალხამდეც აღწევს

სამხარეო ზედამხედველის მონახულებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ჩარლზ ჩაპელმა წერილი მიიღო ერთი ძმისგან, რომელიც მეზობელ ქვეყანაში, ლიბერიაში ცხოვრობდა. ამ ძმას უნდოდა, რომ სიერა-ლეონეში მისი ნათესავებისთვის ექადაგა ვინმეს. ის კისის ტომიდან იყო. ეს ხალხი ველებსა და ტყით დაბურულ მთებში ცხოვრობს სიერა-ლეონეს, ლიბერიასა და გვინეის საზღვრების გადაკვეთაზე. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ამ ხალხის გულში ჭეშმარიტებას ადვილად შეეღწია.

თუმცა იყო ერთი პრობლემა — კისის ტომის ხალხში ძალიან ცოტამ იცოდა წერა-კითხვა. ამიტომ ძმებმა კოინდუში წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს გაუწიეს ორგანიზება და იქაურებს ძირითად ბიბლიურ სწავლებებს ასწავლიდნენ. კურსებმა ბევრი ადამიანი დააინტერესა. „ცოტა ხანში 5 მაუწყებელი შეგვემატა; სულ მალე 50-ნი გავხდით, — იხსენებს ჩარლზი. — იმდენი ხალხი მოდიოდა, რომ ცოტა ეჭვიც კი მეპარებოდა მათ გულწრფელობაში. მაგრამ, საბედნიეროდ, ვცდებოდი. თითქმის ყველა მათგანი ღვთის ერთგული და დაუღალავი მსახური გახდა“.

მსახურებაზე შეყვარებულმა ამ მაუწყებლებმა ქალაქ კოინდუსა და მის შემოგარენში ყველგან გაავრცელეს სასიხარულო ცნობა და ბოლოს მეზობელ გვინეამდეც კი ჩავიდნენ. მთაგორიან მხარეებში საათობით დადიოდნენ და ყველგან ქადაგებდნენ, სადაც კი ადამიანი გაიჭაჭანებდა. „ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ ტრანსპორტის ხმაც კი გვენატრებოდა“, — იხსენებს ელეაზარ ოვუდუვე, რომელიც იმ პერიოდში სარაიონო ზედამხედველი იყო.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მუხლჩაუხრელი მქადაგებლების დარგულსა და მორწყულს იეჰოვა ღმერთი ზრდიდა (1 კორ. 3:7). ერთხელ ერთ უსინათლო ახალგაზრდა კაცს იმდენად მოეწონა მოწმეების საუბარი და იმდენად აღაფრთოვანა ჭეშმარიტებამ, რომ თავიდან ბოლომდე ზეპირად ისწავლა 32-გვერდიანი ბროშურა „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა“. საბოლოოდ, მოინათლა და მოგვიანებით, როცა უკვე თავად უწევდა ბიბლიის შესწავლების ჩატარება, თავისუფლად იხსენებდა ამ ბროშურიდან ნებისმიერ აბზაცს; ამის შემხედვარე ხალხი გაოცებას ვერ მალავდა. მოხდა კიდევ ასეთი შემთხვევა, რომ ერთმა სმენადაქვეითებულმა ქალბატონმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. ის იმდენად შეიცვალა, რომ მის რძალსაც გაუჩნდა კრებებზე დასწრების სურვილი; თქვენ წარმოიდგინეთ, ის ათ კილომეტრს გადიოდა ფეხით იმისათვის, რომ შეხვედრის ადგილამდე მისულიყო.

ქადაგების საქმე კისიენოვან რეგიონში არნახულ მასშტაბებს აღწევდა. ერთი მეორეს მიყოლებით ყალიბდებოდა კრებები; 30-მა და-ძმამ პიონერობა დაიწყო. შეიძლება გაოცდეთ და, ქალაქის მთავარი გამგებელიც კი დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით; მან სამეფო დარბაზის ასაშენებლად ჩვენებს მიწის ნაკვეთი აჩუქა. ერთხელ ქალაქ კაილაჰუნში სარაიონო კონგრესს 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ამის შემდეგ მალევე იქაც ჩამოყალიბდა კრება. ცოტა ხანში სიერა-ლეონეში იეჰოვას მოწმეების ნახევარს სწორედ კისიენოვანი ხალხი შეადგენდა; არადა ეს ტომი მოსახლეობის 2 პროცენტზე ნაკლები იყო ქვეყანაში.

თუმცა, აქვე მოდი ისიც ვთქვათ, რომ ყველას არ უხაროდა ჩვენების წარმატება, განსაკუთრებით ამ ტომის რელიგიურ წინამძღოლებს; შურისგან გულზე სკდებოდნენ. იმდენად ღიზიანდებოდნენ, რომ გადაწყვიტეს, მოესპოთ იმ ხალხის სახსენებელი, ვინც ასე დიდ საფრთხეს უქმნიდა მათ ძალაუფლებას. ასე რომ, წამოიჭრა მეტად საინტერესო კითხვა: როდის და რა სახით ამოქმედდებოდნენ ეს გაბოროტებული ბელადები?