არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

19451990: „მრავალი ადამიანი სიმართლემდე“ მივიდა (დან. 12:3). (ნაწილი 4)

19451990: „მრავალი ადამიანი სიმართლემდე“ მივიდა (დან. 12:3). (ნაწილი 4)

წერა-კითხვის კურსები

მილტონ ჰენშელმა, როცა 1963 წლის დასაწყისში მეორედ მოინახულა სიერა-ლეონე, ოფისში ძმებს ურჩია, უფრო მეტი ძალისხმევა მოეხმარათ იმისთვის, რომ ხალხისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ.

ზოგი კრება წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს ინგლისურ ენაზე ატარებდა. მაგრამ ძმა ჰენშელის სტუმრობის შემდეგ გადაწყვიტეს, იქაურებისთვის მშობლიურ ენაზე ესწავლებინათ წერა-კითხვა. ზოგი კრება ამ კურსებს ორ-სამ ენაზე ატარებდა. ეს ღონისძიება იმდენად აიტაცეს და-ძმებმა, რომ ქვეყანაში მაუწყებელთა მესამედი ამ კურსებზე ჩაეწერა.

1966 წელს ლიბერიაში ძმებმა კისი ენაზე შეადგინეს კითხვის შემსწავლელი დასურათებული სახელმძღვანელო. ის ლიბერიის ხელისუფლების მესვეურებს წარუდგინეს, რომლებიც იმდენად მოიხიბლნენ ამ სახელმძღვანელოთი, რომ გადაწყვიტეს, ბროშურის სახით გამოეცათ და უფასოდ დაერიგებინათ ხალხისთვის გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში. ეს სახელმძღვანელო ასობით კისიენოვან ადამიანს დაეხმარა წერა-კითხვის შესწავლაში. მოგვიანებით, სხვა ადგილობრივ ენებზეც გამოიცა ის.

სიე მსახურების ანგარიშებს მეტად ორიგინალურად, შავი და წითელი თოკის გამოყენებით „იწერდა“.

ზემოაღნიშნული კურსები ხალხს მხოლოდ წერა-კითხვის შესწავლაში კი არა, სულიერ ზრდაშიც ეხმარებოდა. საინტერესოა 50 წლის მოუნათლავი მაუწყებლის, სიე ნგალას შემთხვევა. სიემ არ იცოდა წერა-კითხვა. ამიტომ, მსახურების ანგარიშებს მეტად ორიგინალურად იწერდა. მას ჰქონდა ორი თოკი, შავი და წითელი. როდესაც ერთ საათს იქადაგებდა, შავ თოკზე ერთ ნასკვს აკეთებდა, განმეორებითი მონახულების „ჩასაწერად“ კი წითელ თოკს იყენებდა. მას შემდეგ, რაც სიემ წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები გაიარა, ანგარიშების ჩასაწერად მეტად აღარ სჭირდებოდა თოკები. ამ კურსის წყალობით იგი უკეთესი მქადაგებელი და უკეთესი მასწავლებელი გახდა. საბოლოოდ, მან იმდენად წაიწია წინ სულიერად, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

სიერა-ლეონესა და გვინეაში ბევრი კრება დღემდე ატარებს წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს. სიერა-ლეონეში ერთმა სახელმწიფო მოხელემ ოფისში მომსახურე ძმებს უთხრა: „მინდა შეგაქოთ! თქვენ ნამდვილად ღირებულ საქმეს აკეთებთ — ჩვენს ხალხს წერა-კითხვას ასწავლით და ბიბლიურ განათლებასაც აძლევთ“.

„ქვებიც აღაღადდნენ“

დრო გადიოდა და უფრო და უფრო მეტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი სწავლობდა წერა-კითხვას. შესაბამისად, გაიზარდა პუბლიკაციების თარგმნის საჭიროებაც. ბევრ ადგილობრივ ენაზე საერთოდ არ არსებობდა ლიტერატურა ან თუ არსებობდა — ძალიან მწირი. სიერა-ლეონეში ისინი, ვისაც განათლება ჰქონდა მიღებული, ლიტერატურას ინგლისურ ენაზე კითხულობდნენ, გვინეაში კი — ფრანგულზე. წამოიჭრა მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: რა იყო საჭირო საიმისოდ, რომ ამ ხალხების მშობლიურ ენაზე გამოცემულიყო პუბლიკაციები?

1959 წელს „გალაადის“ ორმა კურსდამთავრებულმა ერთი ბუკლეტი და ერთი ბროშურა გადათარგმნა მენდე ენაზე, მაგრამ მისი გავრცელება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მოხერხდა. ათი წლის შემდეგ კისი ენაზე გადაითარგმნა ბროშურები „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ და „ცხოვრება სამართლიანი ახალი ქვეყნიერების იმედად“. მთლიანობაში ამ ბროშურების დაახლოებით 30 000 ეგზემპლარი გავრცელდა; მას ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლადაც იყენებდნენ.

1975 წელს ფილიალში კისი ენაზე „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიების ბეჭდვა დაიწყეს. ამ ფაქტს მაუწყებლები დიდი ოვაციებით შეხვდნენ! ერთმა ძმამ დაწერა: «იეჰოვა ჩვენთვის საოცრებებს ახდენს! არც ერთ ჩვენგანს არ გვივლია სკოლაში. იმ ქვებივით ვიყავით, ლაპარაკი რომ არ შეუძლიათ. მაგრამ ეს იყო ადრე, ახლა ჩვენ გვაქვს „საგუშაგო კოშკი“ კისი ენაზე და შეგვიძლია იეჰოვას დიდებულ საქმეებზე ვილაპარაკოთ» (ლუკ. 19:40). მალე კისი ენაზე სხვა პუბლიკაციებიც გამოიცა.

დღემდე მოსახლეობის დიდი ნაწილი სიერა-ლეონესა და გვინეაში კვლავ ინგლისურად ან ფრანგულად კითხულობს ჩვენს პუბლიკაციებს; კრებები მეტწილად ამ ენებზე ტარდება. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ადგილობრივ ენებზე პუბლიკაცების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამჟამად ბიბლიური ლიტერატურა გამოიცემა კისი, კრიო, მანინკაკან, მენდე, პულარ, სუსუ და გუერზე ენებზე. ბროშურები „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ და „მოუსმინეთ ღმერთს“ ყველა ამ ენაზეა ხელმისაწვდომი. ეს ადვილად გასაგები სასწავლო სახელმძღვანელოები ბევრ ისეთ ადამიანს ეხმარება, ვისაც კითხვა უჭირს; ამ ბროშურების დახმარებით ისინი ადვილად სწვდებიან და იგებენ ბიბლიის შესანიშნავ ცნობას.

ფილიალის მშენებლობა

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ძმები გამალებით ეძებდნენ ფრიტაუნში ნაკვეთს ფილიალის ასაშენებლად. ბოლოს, 1965 წელს მათ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, უილკინსონის ქუჩაზე შეიძინეს ადგილი, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებდა.

ძმებს ასეთი გეგმა ჰქონდათ: უნდა აშენებულიყო ერთი დიდი და ლამაზი შენობა, სადაც განთავსდებოდა სამეფო დარბაზი, მისიონერთა სახლი და ოფისები. და აი, მშენებლობაც დაიწყო. უილკინსონის ქუჩა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა, მანქანებით იყო გადატვირთული. ჩვენს და-ძმებს არაერთხელ შეუმჩნევიათ, ხშირად როგორ ანელებდნენ ხოლმე მძღოლები სვლას და როგორ აკვირდებოდნენ ჭიანჭველებივით მოფუსფუსე მშენებლებს. შენობის მიძღვნა 1967 წლის 19 აგვისტოს მოხდა. მიძღვნის პროგრამას 300-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და რამდენიმე ასაკოვანი და-ძმა, რომლებიც 1923 წელს „ბიბლიის ბრაუნმა“ მონათლა.

ფრიტაუნში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი, სადაც განთავსებულია მისიონერთა სახლიც (1965—1997)

სწორედ ამ ფილიალმა განაპირობა ის, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის მიმართ ბევრი დადებითად განეწყო. გარდა ამისა, ეს ერთგვარი პასუხიც იყო სასულიერო პირების კრიტიკაზე, რომელთა აზრითაც, იეჰოვას მოწმეები მალე აიკრავდნენ გუდა-ნაბადს და გადაიხვეწებოდნენ სიერა-ლეონედან. ეს ფილიალი იმის უტყვი მოწმე იყო, რომ იეჰოვას მოწმეები არსად არ აპირებდნენ გადახვეწას.

დაუღალავი მისიონერები

საქადაგოდ გასული და-ძმები ბრინჯის ტალახიან მინდვრებში მიიკვლევენ გზას

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული სიერა-ლეონესა და გვინეაში ძალიან ბევრი მისიონერი ჩავიდა. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი საქმიანობის წინსვლაში. ზოგი მანამდე აფრიკის სხვა ქვეყნებში მსახურობდა და ადვილად შეეგუა ამ ახალ პირობებს. ზოგი აფრიკაში საერთოდ პირველად იყო. საინტერესოა, როგორ შეეგუებოდნენ ისინი ეგრეთ წოდებულ თეთრკანიანების სასაფლაოს?! მოდი, პირადად მათ მოვუსმინოთ:

„იქ საოცრად თავმდაბალი ხალხი იყო. ისინი სულიერს იყვნენ მოწყურებულნი. ძალიან მახარებდა იმის დანახვა, თუ როგორ ცვლიდა მათ ბიბლიური ჭეშმარიტება“ (ჰანელორე ალტმაიერი).

„ნამდვილად არ იყო ადვილი ტროპიკულ კლიმატთან შეგუება და იქ გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლა. მაგრამ იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, როცა ხედავ, რომ შენც შეგაქვს პატარა წვლილი ღვთის საქმეში და სუფთა გულის ადამიანებს იეჰოვასთან დამეგობრებაში ეხმარები“ (შერილ ფერგესენი).

«აქ ცხოვრებამ მოთმინება მასწავლა. მახსოვს, ერთხელ ერთი და სტუმრებს ელოდებოდა. დამაინტერესა და ვკითხე, როდის მოვლენ-მეთქი შენი სტუმრები. „ან დღეს ან ხვალ ან შეიძლება ზეგაც“, — მიპასუხა წარბშეუხრელად. როგორც ჩანს, ჩემდა უნებურად ისეთი გაოცებული სახე მიმიღია, რომ მან კიდევ ერთხელ მითხრა: „ნუ ღელავ, აუცილებლად მოვლენ!“» (კრისტინ ჯოუნზი).

„ფრიტაუნის მისიონერთა სახლში სხვადასხვა ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობის 14 მისიონერი ვცხოვრობდით. მხოლოდ ორი საპირფარეშო, ერთი საშხაპე, ერთი სარეცხი მანქანა და ერთი სამზარეულო გვქონდა. საკვები პროდუქტებიც შეზღუდული რაოდენობით გვქონდა და ისიც არცთუ ისე ხარისხიანი. შუქი მოულოდნელად ქრებოდა ხოლმე და ზოგჯერ დღეების მანძილზე ვისხედით უშუქოდ. ბევრი ჩვენგანი მალარიით და სხვა ტროპიკული ავადმყოფობებით დაავადდა. ადვილად შეიძლებოდა, რომ ამ ყველაფერს გავეტეხეთ, მაგრამ პირიქით მოხდა; ჩვენ ვისწავლეთ ერთად ცხოვრება და ერთმანეთის შეცდომებზე თვალის დახუჭვა; ისიც ვისწავლეთ, თუ როგორ შეგვენარჩუნებინა იუმორის გრძნობა რთულ სიტუაციებში. ქადაგება ყველას დიდ სიხარულს გვანიჭებდა. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ჩვენ შორის ძლიერი, მეგობრული კვანძები გაიბა“ (რობერტ და პოლინ ლანდისები).

პოლინ ლანდისი ბიბლიის შესწავლას ატარებს

„არასდროს დაგვავიწყდება სიერა-ლეონეში გატარებული წლები; ეს იყო ყველაზე საუკეთესო პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში. დღეს, როცა წარსულს ვიხსენებთ, არაფერს ვნანობთ და არაფერზე გვწყდება გული. ძალიან გვენატრება იქაურობა“ (ბენჯამინ და მონიკა მარტინები).

«ერთხელ დაინტერესებულ ქალთან დავრჩით, რომელმაც საკმაოდ უცნაური კერძი შემოგვთავაზა. „ეს გველისგანაა მომზადებული, — გვითხრა მან. — მიირთვით, არ მოგერიდოთ! შხამიანი კბილები მოვაცალე“. ყველანაირად შევეცადეთ, თავაზიანად გვეთქვა უარი, მაგრამ ვერაფერს გავხდით. მას მერე არაერთხელ მოვხვედრილვართ ასეთ უხერხულ სიტუაციაში, თუმცა ძნელია, არ დააფასო ასეთი თბილი ხალხის სტუმართმოყვარეობა! ძალიან შეგვაყვარეს თავი» (ფრედერიკ და ბარბარა მორისები).

„43 წელი მისიონერად ვიმსახურე და მთლიანობაში დაახლოებით 100 მისიონერთან ერთად მომიწია ცხოვრება. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ამდენი ადამიანი გავიცანი! ყველას ერთი და იგივე მიზანი, ღვთის მსახურება, გვაერთიანებდა! არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა იეჰოვასთან თანამშრომლობ და საკუთარი თვალით ხედავ, როგორ უთბობს ხალხს გულს ბიბლიური ჭეშმარიტება!“ (ლინეტ პეტერსი).

„არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა იეჰოვასთან თანამშრომლობ და საკუთარი თვალით ხედავ, როგორ უთბობს ხალხს გულს ბიბლიური ჭეშმარიტება!“

1947 წლიდან მოყოლებული სიერა-ლეონეში 154-მა მისიონერმა იმსახურა, გვინეაში — 88-მ. მათ დასახმარებლად იქ ბევრი იეჰოვას მოწმე ჩავიდა. დღეს სიერა-ლეონეში 44 მისიონერი მსახურობს, გვინეაში კი — 31. მათი მუხლჩაუხრელი შრომისა და უანგაროდ გაღებული მსხვერპლის წყალობით უამრავი ადამიანი დაადგა სიცოცხლის გზას. ალფრედ განი, რომელიც წლებია ქვეყნის ფილიალის კომიტეტის წევრია, ამბობს: „ჩვენ ყოველთვის დიდი სითბოთი ვიხსენებთ ამ მისიონერებს!“.

„არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა იეჰოვასთან თანამშრომლობ და საკუთარი თვალით ხედავ, როგორ უთბობს ხალხს გულს ბიბლიური ჭეშმარიტება!“