არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

20022013: ზრდა ბოლო წლებში (ნაწილი 2)

20022013: ზრდა ბოლო წლებში (ნაწილი 2)

ჭეშმარიტება სმენადაქვეითებულთა ყურამდეც აღწევს

ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, სიერა-ლეონეში 3 000—5 000-მდე ადამიანია სმენადაქვეითებული; გვინეაშიც მრავალი სმენადაქვეითებული ცხოვრობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იეჰოვას „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“, ჩნდება მეტად ლოგიკური კითხვა: როგორ მოისმენენ სმენადაქვეითებულები ჭეშმარიტებას? (1 ტიმ. 2:4).

მიშელ ვაშინგტონი, გალაადის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც 1998 წელს სიერა-ლეონეში ჩავიდა, იხსენებს: «მე და ჩემი ქმარი კევინი დავინიშნეთ კრებაში, სადაც შეხვედრებს ოთხი სმენადაქვეითებული ესწრებოდა. რადგან ამერიკული ჟესტების ენა ვიცოდი, დიდი სურვილი გამიჩნდა, დავხმარებოდი ამ ხალხს. ფილიალმა შემომთავაზა, რომ სმენადაქვეითებულთათვის კრებისა და კონგრესის პროგრამები მეთარგმნა. ამ სიახლის შესახებ მათ მეზობელ კრებებსაც შეატყობინეს. ფილიალმა აგრეთვე ორგანიზება გაუწია ჟესტების ენის შემსწავლელ კურსებს იმ მაუწყებელთათვის, რომელთაც ამ ხალხის დახმარების სურვილი ჰქონდათ. ქადაგების დროს, ძირითადად, სმენადაქვეითებულებს ვეძებდით და მსურველებთან ბიბლიის შესწავლებს ვიწყებდით. კარგი ის იყო, რომ საზოგადოება აფასებდა ჩვენს შრომას და ხშირად გვაქებდნენ კიდეც. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც გულზე დიდად არ ვეხატებოდით. ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა „ცრუ წინასწარმეტყველები“ გვიწოდა და მკაცრად გააფრთხილა სმენადაქვეითებულები და მათი ოჯახები, რომ თავი შორს დაეჭირათ ჩვენგან. ზოგს იმითაც კი დაემუქრნენ, რომ თუ ჩვენთან კავშირს არ გაწყვეტდნენ, ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდნენ. მალე სმენადაქვეითებულები ორ ბანაკად გაიყვნენ: ერთნი, ვისაც არ მოვწონდით და ამ სასულიერო პირს ემხრობოდნენ და მეორენი, ვინც კარგად იყვნენ ჩვენ მიმართ განწყობილნი და მოძღვრის სიტყვებს ყურს არ უგდებდნენ. ცოტა ხანში ზოგიერთი მათგანი მტკიცედ დადგა ჭეშმარიტების მხარეს და მოგვიანებით მოინათლა კიდეც».

ახლა გიამბობთ ერთი ჩვენი ძმის, ფემის შესახებ. ის დაბადებიდან სმენადაქვეითებულია. თავიდან ძალიან ცუდად იცოდა ჟესტების ენა. არავის ენდობოდა და ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც მისნაირი პრობლემა არ ჰქონდა. ის თავს უბედურად და ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა. მოგვიანებით ფემი ჭეშმარიტებით დაინტერესდა და ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა ერთ ჩვენს ძმას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ჟესტებისენოვან ჯგუფში მსახურობდა. მალე კრების შეხვედრებზე სიარულიც დაიწყო და გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ესწავლა ჟესტების ენა. ფემის იმდენად შეუყვარდა იეჰოვა, რომ ცოტა ხანში თავი მიუძღვნა მას და მოინათლა კიდეც. ახლა ძალიან ბედნიერია და თავად ასწავლის სხვა სმენადაქვეითებულებს იეჰოვას შესახებ.

ფემი (მარჯვენა კუთხეში) იეჰოვას განსადიდებელ სიმღერას მღერის

2010 წლის ივლისში ფრიტაუნში ამერიკული ჟესტებისენოვანი ჯგუფი კრებად იქცა. სასიხარულოა, რომ ჟესტებისენოვანი ჯგუფები ქალაქ ბოსა და კონაკრიშიც ჩამოყალიბდა.

ღარიბნი, მაგრამ „რწმენით მდიდარნი“

ბიბლიიდან ჩანს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანთა უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობდა. მოწაფე იაკობი წერდა: „განა ქვეყნიერების ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები?“ (იაკ. 2:5). სიერა-ლეონესა და გვინეაში ჩვენს და-ძმებს იეჰოვა დიდ ნუგეშს ჰგვრის და ბრწყინვალე იმედს უსახავს გულებში.

ძლიერმა რწმენამ ბევრ ჩვენს და-ძმას შეუძლებელი შეაძლებინა. გულწრფელ შექებას იმსახურებენ ის მოწმეები, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, თვეების განმავლობაში ზოგავენ ფულს, რომ შორეული სოფლებიდან ქალაქებში ჩავიდნენ საოლქო კონგრესებზე დასასწრებად. ზოგმა სპეციალურად დაამუშავა დამატებითი მიწის ნაკვეთი და აღებული შემოსავლით მგზავრობის ხარჯები დაფარა. კონგრესზე რომ წასულიყვნენ, ერთდროულად 20-30 კაცს უწევდა პატარა სატვირთო მანქანით მგზავრობა; ერთმანეთზე თევზებივით მიწყობილი და-ძმები 20 საათის განმავლობაში გაუსაძლის სიცხეში მიჯაყჯაყებდნენ ოღროჩოღრო და მტვრიან გზებზე. სხვა და-ძმები ათობით კილომეტრს გადიოდნენ ფეხით. ერთი ძმა იხსენებს: „80 კილომეტრი გავიარეთ ფეხით. გზაში სახლიდან წაღებულ ბანანებს ვყიდდით; ასე ტვირთსაც ვიმსუბუქებდით და მგზავრობის თანხასაც ვაგროვებდით. საბოლოოდ, იმდენი თანხა შეგვიგროვდა, რომ დარჩენილი გზა სატვირთო მანქანით ვიმგზავრეთ“.

და-ძმები საოლქო კონგრესზე სატვირთო მანქანით მიემგზავრებიან

ბევრმა უარი თქვა პირობების გასაუმჯობესებლად საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გადასვლაზე, რაც უდავოდ მათ ძლიერ რწმენაზე მოწმობს. „ჩვენ ბოლომდე ვენდობით იეჰოვას და ერთი წამითაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ის არაფერს მოგვაკლებს, — ამბობს ემანუელ პატენი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ გაიარა ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის. — ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა და კარგად გვესმის, რომ აქ მსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ (მათ. 6:33). ემანუელი ამჟამად უხუცესად მსახურობს კრებაში; ის და მისი მეუღლე, იუნესი ბევრს აკეთებენ სამეფო საქმის წინსვლისთვის. ემანუელის მსგავსად, ბევრი ძმა იკავებს თავს სხვა ქვეყანაში გადასვლისგან, რადგან არ სურთ, რომ მათი ოჯახების ერთიანობას და სულიერობას საფრთხე დაემუქროს. ერთი ძმა, ტიმოთი ნიუმა, რომელიც სპეციალურ პიონერად და სარაიონო ზედამხედველის დამხმარედ მსახურობს, ამბობს: „უარი ვთქვი ისეთ სამუშაოზე, რომელიც დიდი ხნით მომწყვეტდა ოჯახს. მე და ფლორენსი, ჩემი ცოლი, შევთანხმდით, რომ ბავშვებს ჩვენს რაიონში მიეღოთ განათლება და არსად არ გაგვეგზავნა, რადგან ასეთ დროს არსებობს საშიშროება, რომ ჩვენ მაგივრად სხვებმა აღზარდონ ისინი“.

ამ ქვეყნებში ისეთი და-ძმებიც არიან, რომელთაც უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ მაინც აქტიურობენ ღვთის საქმეში. რა თქმა უნდა, ისინიც რწმენის კარგ მაგალითს იძლევიან. ზემოხსენებული მისიონერი, კევინ ვაშინგტონი აღნიშნავს. „ბევრ ჩვენგანს ისეთი პრობლემები გვაქვს, რომ თავისუფლად შეიძლება გარე სამყაროს მოვწყდეთ და საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ. მაგრამ ღვთის წყალობით ვუძლებთ ამ პრობლემებს და ვცდილობთ, აქტიურად ვიყოთ ჩაბმულნი კრების საქმეებში და მსახურებაში. ზოგს ქრონიკული დაავადება ტანჯავს, სამწუხაროდ, არც მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ და არც წამალზე მიუწვდებათ ხელი, არადა სხვა ქვეყნებში ამ დაავადებების მკურნალობა ძალიან მარტივად ხდება. სხვები ბევრს წვალობენ, რომ როგორმე წერა-კითხვა ისწავლონ. როცა რომელიმე ძმა კრებაში დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებს და მიჩნდება სურვილი, მკაცრი შენიშვნა მივცე, ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, ამის ნახევრის გაკეთებას შევძლებდი, დღე და ღამეს რომ ვასწორებდე მუშაობაში, სახლში უშუქოდ რომ ვიჯდე, ჯანმრთელობა სერიოზულად მქონდეს შერყეული, თვალებიდანაც ვერ ვხედავდე ნორმალურად და წესიერი სათვალეც არ მქონდეს და თანაც საკმარისი ბიბლიური ლიტერატურაც არ გამაჩნდეს?“

დიახ, სიერა-ლეონელი და გვინეელი და-ძმები მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთელი გულით განადიდონ იეჰოვა. ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებიან პირველი საუკუნის და-ძმებისგან, რომლებიც „ყოველმხრივ შუამდგომლობდნენ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ყოფილიყვნენ — ბევრის მოთმენით, გასაჭირით, ხელმოკლეობით . . . როგორც ღარიბნი, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელნი; როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი“ (2 კორ. 6:4, 10).

ნათელი მომავლის იმედი

90 წელზე მეტი ხნის წინ ალფრედ ჯოზეფი და ლეონარდ ბლექმენი იტყობინებოდნენ, რომ სიერა-ლეონე „გადათეთრებული იყო მოსამკელად“ (იოან. 4:35). დაახლოებით 35 წლის შემდეგ მანუელ დიოგომ გვინეიდან ასეთი სიტყვები მისწერა ფილიალს: „აქ სულიერს დანატრებული უამრავი ადამიანია“. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ათობით წელი გავიდა და რა მდგომარეობაა დღეს — ორივე ქვეყანაში კვლავაც ბევრია ისეთი, ვისაც ჭეშმარიტების მოსმენა სწადია.

2012 წელს გვინეაში გახსენების საღამოს 3 479 ადამიანი დაესწრო, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატებოდა ამ ქვეყანაში მაუწყებელთა რაოდენობას. სიერა-ლეონეში კი, სადაც 2 030 მაუწყებელია, გახსენების საღამოს 7 854 ადამიანი დაესწრო, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა მაუწყებელთა რიცხვს. ამ შეხვედრას ერთი 93 წლის და, ვინიფრედ რემი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა. ის და მისი ქმარი, ლიჩფილდი, სიერა-ლეონეში 1963 წელს ჩავიდნენ. გასაოცარია, რომ ეს და 60 წლის მანძილზე მთელ თავის დროს უთმობდა ქადაგებას და ერთგულად მსახურობდა სპეციალურ პიონერად. მან ასეთი სიტყვები თქვა: „მეამაყება, რომ სიერა-ლეონეში ამდენი სულიერად მოაზროვნე და-ძმა გვყავს! მართალია, უკვე მუხლში ძალა აღარ მერჩის, მაგრამ მაინც დიდი სურვილი მაქვს, მეც შევიტანო ჩემი პატარა წვლილი ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში და კიდევ ბევრს დავეხმარო იეჰოვასთან დაახლოებაში“. *

სიერა-ლეონელი და გვინეელი იეჰოვას მოწმეებისთვისაც უცხო არ არის ვინიფრედის გრძნობები. ისინი მთელი გულით განადიდებენ იეჰოვას და ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, წყლის ნაკადულებთან დარგულ ხეებს ჰგვანან, რომლებიც ყოველთვის იძლევიან ნაყოფს (ფსალმ. 1:3). იეჰოვას ძალით ისინი კვლავაც აუწყებენ იმ დიდებული თავისუფლების შესახებ, რომელიც კაცობრიობას მოელის და ეს „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებაა!“ (რომ. 8:21).

ფილიალის კომიტეტის წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ): კოლინ ატიკა, ალფრედ განი, ტამბა ჯოსია და დელროუ უილიამსონი

^ აბზ. 16 სანამ ეს წიგნი დაიბეჭდებოდა, სამწუხაროდ და ვინიფრედ რემი გარდაიცვალა.