არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ევროპა

ევროპა
  • ქვეყნები 47

  • მოსახლეობა 741 892 871

  • მაუწყებლები 1 601 915

  • ბიბლიის შესწავლები 862 555

„სხვაგან ხომ არ მოხვდით?“

შვედეთში ერთი სომალელი ქალი მოწმეებმა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე მიიწვიეს და ისიც დათანხმდა, რომ მივიდოდა. მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა. ადგილზე მისულს არავინ მიესალმა. ყველა გაშტერებული უყურებდა, რამაც თავი უხერხულად აგრძნობინა. ბოლოს ვიღაც მიუახლოვდა და ჰკითხა: „სხვაგან ხომ არ მოხვდით?“.

„კი, მგონი ასეა!“, — უპასუხა მან და იქაურობა დატოვა. მოგვიანებით ის ქალი კვლავ შეხვდა იმ მოწმეებს, რომლებმაც სამეფო დარბაზში დაპატიჟეს და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მეორედ იქ აღარასოდეს მივიდოდა. მოწმეები გაკვირვებულები იყვნენ, ნეტავ რა მოხდაო, რადგან მათ ის დარბაზში მისული ვერ ნახეს. საუბარში გაირკვა, რომ ქალი შეცდომით ეკლესიაში მისულა.

მოწმეებმა ქალს სთხოვეს კიდევ ერთხელ მოსულიყო სამეფო დარბაზში. ის დათანხმდა, მაგრამ დასძინა, თუ თავს არაკომფორტულად ვიგრძნობ, ათ წუთზე მეტს არ გავჩერდებიო. როგორც კი დარბაზში შევიდა, ყველა გულთბილად მიესალმა. ქალმა იქ თავი იმდენად კარგად იგრძნო, რომ ყველაზე ბოლო გამოვიდა სამეფო დარბაზიდან. მას შემდეგ ის ყოველთვის ესწრება კრების შეხვედრებს და უკვე მონათლული მაუწყებელი გახდა.

მან ქუჩაში მოსაწვევი იპოვა

საბერძნეთი: სტერიოსი ახლა სხვებს უზიარებს ნაპოვნ განძს

სტერიოსი გახლავთ საბერძნეთში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი. ერთ დილას, როდესაც ის სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, გადაწყვიტა, შინ სხვა გზით მისულიყო. სტერიოსის ყურადღება ძირს დაგდებულმა ქაღალდმა მიიპყრო. ეს იყო მოსაწვევი ქრისტეს გახსენების საღამოზე. მასში ასეთი შეკითხვა იყო დასმული: „როგორი წარმოგიდგენიათ იესო ქრისტე?“. ირგვლივ მყოფი ხალხის გამო სტერიოსს მოერიდა ძირს დაგდებული მოსაწვევის აღება. სახლში რომ მივიდა, იმ კითხვაზე დაიწყო ფიქრი, რომელიც მოსაწვევზე ეწერა და უფრო მეტად აღეძრა ცნობისმოყვარეობა.

ნაშუადღევს სტერიოსს გადაწყვეტილი ჰქონდა, მეგობრებთან ერთად სადმე ყავა დაელია. მათთან შესახვედრად რომ მიდიოდა, იმავე გზით წავიდა, სადაც მოსაწვევი ნახა, რადგან იმედოვნებდა, რომ ის ისევ იქ იქნებოდა. მისი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო, ვერც ახლა გაბედა მისი აღება. მას შემდეგ, რაც მეგობრებთან ერთად ყავა მიირთვა, იმავე ქუჩისკენ აიღო გეზი. ამჯერად აიღო მოსაწვევი და წაიკითხა. მაშინვე გადაწყვიტა, დასწრებოდა გახსენების საღამოს.

გახსენების საღამოზე დასწრებისას სტერიოსმა ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა. მან კრების შეხვედრებზეც დაიწყო სიარული და სწრაფად წაიწია წინ სულიერად. 2013 წლის მარტში სტერიოსი სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე მოინათლა.

თოქ-შოუმ მცდარი შეხედულება დაამსხვრია

2010 წლის იანვარში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ფინი, სასეირნოდ გავიდა და თან რამდენიმე ჟურნალი გაიყოლა. ერთ ვიწრო ქუჩას რომ მიუყვებოდა, თავისკენ მომავალი ასაკოვანი მამაკაცი შენიშნა. ძმამ მას 2009 წლის დეკემბრის ჟურნალები შესთავაზა, რომლებშიც განიხილებოდა რამდენიმე საკითხი შობაზე. მამაკაცმა ჟურნალები რომ გამოართვა, ფინს მისი ხმა ეცნო. ის ცნობილი რადიო თოქ-შოუს წამყვანი აღმოჩნდა. მეორე დღეს ფინი მის თოქ-შოუს უსმენდა და ძალიან გაოცდა, როცა წამყვანმა გადაცემაში აღნიშნა, რომ გუშინ მას საინტერესო ჟურნალები მისცეს. შემდეგ მან სტატიებიდან გარკვეული მონაკვეთები ამოიკითხა პირდაპირ ეთერში. მათ შორის ის ადგილიც, სადაც იესოს დაბადებისას ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ ეწერა და აღნიშნა, რომ ეს ვარსკვლავი უსათუოდ სატანისგან იქნებოდა.

ამ ამბით აღფრთოვანებულმა ფინმა გადაწყვიტა, თოქ-შოუს წამყვანს შეხვედროდა. საუბარში მოკრძალებით იკითხა, შეიძლებოდა თუ არა, მის გადაცემაში ბიბლიური თემები განეხილათ. ორი კვირის შემდეგ ძმამ დადებითი პასუხი მიიღო. იეჰოვას მოწმეებზე საუბარს და ბიბლიური თემების განხილვას მთლიანობაში 30-ზე მეტი ორსაათიანი გადაცემა დაეთმო. თოქ-შოუს წამყვანი და ფინი შერჩეულ თემებს განიხილავდნენ და ეთერში შემოსულ ასობით ზარს პასუხობდნენ.

ერთმა მსმენელმა რადიოში დარეკა და თავისი ტელეფონის ნომერი დატოვა. მას ძმებთან შეხვედრა სურდა. ძმებიც სიამოვნებით შეხვდნენ. აღმოჩნდა, რომ ის წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეების შესახებ თავისი მეგობრებისა და ოჯახისგან მხოლოდ ცუდს ისმენდა, მაგრამ ახლა, ამ რადიოგადაცემებმა დაამსხვრია მისი მცდარი შეხედულება. ძმებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. 2013 წელს ის დაესწრო ქრისტეს გახსენების საღამოს და სპეციალურ მოხსენებას. ის ყოველკვირა ესწრება კრების შეხვედრებს და გააზრებულ კომენტარებს აკეთებს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე. ამ რადიოგადაცემის წყალობით სხვებიც დადებითად გამოეხმაურნენ ჭეშმარიტებას.

მან მოსაწვევი მათ კართან დატოვა

იტალიაში საოლქო კონგრესის ბოლო დღეს, პროგრამის დასასრულს, ლუჩო თავის მეგობრებს ემშვიდობებოდა, როცა მათთან ერთი წყვილი მივიდა. ლუჩომ მათ ჰკითხა, თუ რომელი კრებიდან იყვნენ. „ჩვენ არა ვართ კრებიდან“, — უპასუხეს მათ.

 — ვინმემ დაგპატიჟათ კონგრესზე? — იკითხა ლუჩომ

 — არა, თვითონ გადავწყვიტეთ მოსვლა, — მიუგეს მათ.

 — უკაცრავად, აბა რამ გიბიძგათ, აქ რომ მოსულიყავით? — უფრო მეტად დაინტერესდა ლუჩო.

 — კართან მოსაწვევი ვნახეთ და მოვედით, — უპასუხეს მათ.

როდესაც ლუჩოს უთხრეს, თუ სად ცხოვრობდნენ, ესთერმა, ლუჩოს ცოლმა, წამოიძახა: „ის მოსაწვევი მე დავტოვე! კამპანიის ბოლო დღეს გადავწყვიტე, გადაყრის ნაცვლად მორჩენილი მოსაწვევები ყველა იმ კართან დამეტოვებინა, სადაც არავინ დამხვდა“. მოსაწვევის წაკითხვის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, კვირა დღეს დასწრებოდა კონგრესს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ ლუჩომ და ესთერმა ეს წყვილი ვახშამზე დაპატიჟეს თავისთან და საუბარი სახლში განაგრძეს. ახალდაინტერესებულებმა მიიღეს მათი წინადადება და დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ისინი ყოველთვის მომზადებულები მიდიან შესწავლაზე, ესწრებიან კრების შეხვედრებს და აკეთებენ კომენტარებს.