არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ოკეანეთი

ოკეანეთი
  • ქვეყნები 29

  • მოსახლეობა 39 508 267

  • მაუწყებლები 96 088

  • ბიბლიის შესწავლები 63 333

„ახლა უკვე მესმის“

ფრედა, რომელიც ყრუა, სიხარულისგან ცას ეწია, როცა გაიგო, რომ პაპუა-ახალ გვინეაში ჟესტების ენაზე პირველად ჩატარებულ კრებას დაესწრებოდა იმ დასთან ერთად, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა. ეს კრება 2013  წლის 1  მარტს ჩამოყალიბდა. ფრედა მიხვდა, რომ როდესაც კრების მსვლელობისას ჟურნალები გვერდზე გადადო და მთელი ყურადღება ჟესტებსა და თვალსაჩინო საშუალებებზე გადაიტანა, უკეთ ჩასწვდა ბიბლიურ სწავლებებს. მისდა გასაკვირად, ეს მას სიმორცხვის დაძლევაშიც დაეხმარა და ის უკვე ყოველ შეხვედრაზე რამდენიმე კომენტარს აკეთებს. 2013 წლის აპრილში ფრედა მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და ახლა სხვა სმენადაქვეითებული ადამიანები მოჰყავს კრებაზე. როდესაც კრებაზე ეკითხებიან, რატომ სდის ხოლმე ხშირად თვალებიდან ცრემლები, ის პასუხობს: „იმიტომ, რომ ახლა უკვე მესმის“.

შეცდომით სხვა მანქანაში ჩაჯდა

ავსტრალიაში მცხოვრები ბარბარა მანქანით სამქადაგებლო შეხვედრაზე მიდიოდა. რომ დარწმუნებულიყო, თან ჰქონდა თუ არა განმეორებითი მონახულებების ჩანაწერები, მანქანა გზის პირას გააჩერა. მოულოდნელად კარი გაიღო და ის-ის იყო უცნობი ჩაჯდომას აპირებდა, რომ ბარბარამ უთხრა:

„უკაცრავად, მგონი მანქანა შეგეშალათ“.

„უი, მაპატიეთ, — მოუბოდიშა ქალმა. — მეგონა თქვენ ის იყავით, ვინც მომიყვანა“. უცებ მან მანქანაში თვალი მოჰკრა ჟურნალებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!-ს“ და თქვა: „ეს ჟურნალები წლების წინ ჩემთან ერთ ქალბატონს მოჰქონდა, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა“. ბარბარამ სიხარულით მისცა მას ჟურნალები და მოგვიანებით მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

„წერილები ღვთისგან“

ახალი ზელანდია: ვიოლეტი წერილების მეშვეობით მრავალს უზიარებს ჭეშმარიტებას

ჩვენი 82 წლის დაუძლურებული და, ვიოლეტი, ახალ ზელანდიაში ქალაქ კრაისტჩერჩში ცხოვრობს. ის ხშირად აგზავნის წერილებს და ბიბლიურ ლიტერატურას თავის ქალაქში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფრებსა და საავადმყოფოებში. მედდები, რომლებიც არიგებენ ამ წერილებს, ამბობენ, რომ მოხუცები მოუთმენლად ელიან, როგორც თავად ამბობენ, „წერილებს ღვთისგან“. წაკითხვის შემდეგ წერილებსა და ლიტერატურას ერთმანეთში ცვლიან, ხოლო მათთვის, ვისაც სუსტი მხედველობა აქვს, ხმამაღლა კითხულობენ. მედდები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ის მოხუცები, რომლებიც წერილებსა და ლიტერატურას კითხულობენ, უფრო წყნარები, პოზიტიურები და მშვიდობისმყოფელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც არ კითხულობენ. ვიოლეტი ამბობს: „ვგრძნობ, რომ იეჰოვა კვლავ მიყენებს სხვების დასახმარებლად. ჭეშმარიტების გაზიარება უდიდეს სიხარულს მანიჭებს“.

მან ვარდების შესახებ წაიკითხა

„მე ეს უკვე წაკითხული მაქვს“. ასეთი მოულოდნელი პასუხი მიიღო ბერნიმ ერთი მობინადრისგან საიპანის კუნძულზე, როდესაც ერთ შაბათ დილას მას „საგუშაგო კოშკის“ ახალი ნომერი შესთავაზა. იგი ძალიან დაინტერესდა, როგორ მოასწრო მობინადრემ, სახელად ბერნადეტმა, რომელიც კოლეჯის სტუდენტია, ამ ჟურნალის წაკითხვა. ბერნიმ სხვა ჟურნალი ამოიღო ჩანთიდან. „ეგეც წაკითხული მაქვს“, — უთხრა ბერნადეტმა. დაბნეულმა ბერნიმ ჰკითხა: „კი მაგრამ, სად წაიკითხეთ? იეჰოვას მოწმე ხომ არ ხართ და აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოხვედით?“. ბერნადეტმა უთხრა, რომ ის არ იყო მოწმე, ამ ჟურნალებს კი ონლაინში კითხულობდა. თურმე ერთხელ, როდესაც ბერნადეტი ყვავილების შესახებ ინფორმაციას ეძებდა ინტერნეტში და საძიებო ფანჯარაში ჩაწერა სიტყვა „ვარდები“, მისი ყურადღება მიიქცია სტატიამ სათაურით „აფრიკის თვალწარმტაცი ვარდები“. ეს სტატია განთავსებული იყო იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდზე, ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“. ბერნადეტმა ბერნის უთხრა, რომ ეს სტატია იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისთვის, რომ გადაწყვიტა, უფრო კარგად გაცნობოდა ამ ვებ-გვერდს. თავდაპირველად, ის მცენარეებისა და ცხოველების შესახებ კითხულობდა, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა გასაოცარი ფაქტები ბიბლიის შესახებ. ბერნიმ შეატყო, რომ ბერნადეტი ინტერესს ავლენდა და მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. განმეორებით მონახულებაზე კი მიუტანა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. როდესაც ბერნი მესამედ მივიდა ბერნადეტთან, მათ განიხილეს ამ წიგნის პირველი თავი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ 2012 წლის ნოემბერში ბერნადეტი მოინათლა. მან ისეთი სწრაფი სულიერი პროგრესი განავითარა, რომ მეგობრები ხუმრობით ამბობენ, ბერნადეტი „ჭეშმარიტებაში შემოვარდაო“. აშკარაა, რომ ასეთი პროგრესის განვითარებაში მას ვებ-გვერდი დაეხმარა.