არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

მოგზაურობა წარსულში

მოგზაურობა წარსულში

ბრუკლინში 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა გამოფენა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამ გამოფენაზე დამთვალიერებლებს ექსკურსიამძღოლის გარეშე შეუძლიათ გაეცნონ იეჰოვას მოწმეთა ისტორიას. აქ გაიგებთ, რა საფრთხეებს ხვდებოდნენ ისინი, ვინც ცდილობდნენ ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ იესოს ნაკვალევს, და რა ბრძოლა უწევდათ რწმენისთვის.

პირველ კვირას გამოფენა 4 200-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. დამთვალიერებლებს შორის იყვნენ როგორც ბეთელის ოჯახის წევრები, ისე სხვები. ერთმა დამ, რომელიც ბეთელთან ახლოს ცხოვრობს, გამოფენა გახსნისთანავე დაათვალიერა. ის გვიზიარებს: „ძალიან მომეწონა დროის დიაგრამა, რომელზეც ნაჩვენები იყო, რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები და რა მნიშვნელობა ჰქონდა თითოეულ მათგანს. ბევრი რამ გავიგე ჩვენი ორგანიზაციისა და მისი თანამედროვე ისტორიის შესახებ“.

დამთვალიერებლებს შეუძლიათ იმოგზაურონ წარსულში, ახ. წ. 33 წლიდან დღევანდელ დღემდე. გამოფენა დაყოფილია ოთხ ნაწილად; თითოეულ ნაწილს წამძღვარებული აქვს ბიბლიური მუხლი და მოკლე ვიდეორგოლი ინგლისურ ენაზე, რომელსაც თანდართული აქვს სუბტიტრები შვიდ ენაზე.

პირველ ნაწილს წამძღვარებული აქვს სიტყვები, „ხალხმა სიბნელე შეიყვარა“. ეს სიტყვები ეკუთვნის იესო ქრისტეს და აღებულია იოანეს 3:19-დან. ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ გამოჩნდებოდნენ ბოროტები, „რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებდნენ“ (საქ. 20:30). მათ, ვინც წინ აღუდგნენ ბოროტთა იდეოლოგიას, ეს ძვირად დაუჯდათ.

მეორე ნაწილს კი საპირისპირო სიტყვები აქვს წამძღვარებული, „გამოანათოს სინათლემ“, რომელიც აღებულია 2 კორინთელების 4:6-დან. ამ ნაწილში წარმოდგენილია XIX საუკუნის მიწურულს განვითარებული მოვლენები, როდესაც ბიბლიის მკვლევრებმა გულწრფელად დაიწყეს საღვთო წერილის გამოკვლევა; უარყვეს ისეთი ღრმად ფესვგამდგარი ტრადიციული სწავლებები, რომლებსაც არ გააჩნდათ ბიბლიური საფუძველი და გაბედულად დაიწყეს იმ სწავლებების შესახებ ქადაგება, რომელთაც თანდათანობით ეფინებოდა ნათელი. ამ ნაწილში ნახავთ, თუ როგორ გაიღრმავეს მათ ბიბლიური შემეცნება და როგორ გაიზარდნენ რიცხობრივად პირველ მსოფლიო ომამდე.

ის, რაც შემდეგ საგამოფენო ოთახშია წარმოდგენილი, იეჰოვას მოწმეებში დღემდე დიდ ინტერესს იწვევს; ეს „შემოქმედების ფოტოდრამაა“. ბიბლიის მკვლევრებმა (როგორც ვიცით, ადრე იეჰოვას მოწმეები ამ სახელით იყვნენ ცნობილი) მისი ჩვენება 1914 წელს დაიწყეს. ეს ფოტოდრამა, რომელიც შედგებოდა მოძრავი ფერადი სურათებისა თუ სლაიდებისგან და გაფორმებული იყო მუსიკით, მილიონებმა ნახეს. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოდრამაში შესული ილუსტრაციის ზოგიერთი ორიგინალი. აგრეთვე მოცემულია ამ ფოტოდრამის შესავალი ნაწილის მოკლე ვიდეორგოლი და 500-ზე მეტი ფერადი სლაიდი.

მესამე ნაწილს წამძღვარებული აქვს სიტყვები, „დრაკონი განრისხდა“, რომელიც აღებულია გამოცხადების 12:17-დან. ამ მუხლში აღწერილია, როგორ დევნას შეხვდებოდნენ ქრისტეს მიმდევრები. ამ ნაწილში წარმოდგენილია იმ ქრისტიანების შემთხვევები, რომლებიც ომის დროს ნეიტრალიტეტს იცავდნენ; სხვადასხვა სურათებისა თუ საინტერესო მასალების გარდა, აგრეთვე ნახავთ პატარა ვიდეორგოლებსაც. პირველ ვიდეორგოლში აღწერილია, თუ რის გადატანა მოუწია ერთ იეჰოვას მოწმეს, რემიჯიო კუმინეტს, რომელმაც უარი თქვა იტალიური სამხედრო ფორმის ჩაცმაზე და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობაზე. მეორე ვიდეორგოლი ავსტრიელ ალოის მოზერზე მოგვითხრობს, რომელმაც უარი განაცხადა, წარმოეთქვა „ჰაილ ჰიტლერ!“. ამის გამო მან სამსახური დაკარგა და ბოლოს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. აქვე წარმოდგენილია ნახევრად ჩაბნელებული საკნის მოდელი, სადაც გამოფენილია იმ იეჰოვას მოწმეთა სურათები, რომლებიც რწმენის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი იაპონიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ყოფილ იუგოსლავიაში თუ სხვაგან.

გამოფენის ბოლო, მეოთხე ნაწილს, წამძღვარებული აქვს სიტყვები, „სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის“, რომელიც დაფუძნებულია გამოცხადების 14:6-ზე. ამ ნაწილში გაიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ბოლო ათწლეულების მანძილზე. ფოტოკოლაჟი ასახავს, თუ რა სწრაფად იზრდებოდნენ რიცხობრივად იეჰოვას მოწმეები, რა გულმოდგინედ ქადაგებდნენ და როგორ ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ ძმურ სიყვარულს. დამთვალიერებელს აგრეთვე შეუძლია ისარგებლოს ინტერაქტიული საინფორმაციო ტერმინალით და მეტი გაიგოს „ბიბლიის სახლისა“ თუ „ბრუკლინის კარვის“ შესახებ, რომლებითაც 100 წელზე მეტი ხნის წინ სარგებლობდნენ მოწმეები.

ეს გამოფენა გაიხსნა ბრუკლინში, კოლუმბია-ჰაიტსის №25-ში. მისი დათვალიერება შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის რვიდან საღამოს ხუთ საათამდე. შესვლა უფასოა. თუ ნიუ-იორკში მოხვდებით, აუცილებლად გვეწვიეთ და ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ წარსულში!