არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

იურიდიული ანგარიში

იურიდიული ანგარიში

მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი“ (ებრ. 13:3). ჩვენ, იეჰოვას მსახურები არ ვივიწყებთ ერთგულ და-ძმებს და ვლოცულობთ „ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია, რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმ. 2:1, 2; ეფეს. 6:18).

ამ იურიდიულ ანგარიშში გაეცნობით იმ სამართლებრივ საქმეებს, რომელზე მუშაობაც იეჰოვას მოწმეებს გასულ წელს უწევდათ:

რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია და ზოგი ხელისუფლების წარმომადგენელი აქტიურად ცდილობენ შეაჩერონ ჩვენი საქმიანობა. ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენი ძმები „დაუღალავად ასწავლიან და აუწყებენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:42). რუსეთის მთავრობა ჩვენს და-ძმებთან და ლიტერატურასთან მიმართებაში კვლავაც იყენებს კანონს, რომელიც ექსტრემიზმთან ბრძოლას ეხება. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი საკმაოდ ბუნდოვანია. რუსეთის სასამართლოებმა 70-მდე ჩვენი პუბლიკაცია ექსტრემისტულად შერაცხეს, რის შედეგადაც ეს პუბლიკაციები სახელმწიფოს მიერ აკრძალული ლიტერატურის სიაში შევიდა. ამ ლიტერატურის კონფისკაციის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეიდი მოაწყვეს სამეფო დარბაზებსა და ჩვენი და-ძმების სახლებში. აგრეთვე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როდესაც მსახურებაში ბევრ ჩვენს და-ძმას აპატიმრებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და მათგან თითის ანაბეჭდებსაც იღებდნენ. დაშინების მიზნით ხშირად ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

2013 წლის მაისიდან მოყოლებული ქალაქ ტაგანროგში იეჰოვას მოწმეებს უსამართლოდ ექცევიან. 16 და-ძმას ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ორგანიზებას უწევენ ქრისტიანული კრების შეხვედრებს, ესწრებიან და მონაწილეობენ მათში და ქადაგებენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოწმეებს თავიანთი საქმიანობის გამო სისხლის სამართლის დანაშაულში დასდეს ბრალი. ზოგიერთ მხარეში რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე უფლებამოსილი პირები სასამართლოს ძალით ითხოვენ ჩვენი ლიტერატურის აკრძალვას ანუ მათ ექსტრემისტულად გამოცხადებას და ჩვენი ძმების სისხლის სამართლის წესით გასამართლებას.

ჩვენი და-ძმები ერიტრეაში კვლავაც სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, 52 და-ძმა, მათ შორის 70 წელს გადაცილებული 8 ძმა და 6 და, ციხეშია. დაპატიმრებულთა შორის არიან პაულუს ეიასუ, ისააკ მოგოსი და ნეგედე ტეკლემარიამი, რომლებიც 1994 წლის სექტემბერში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს და დღემდე ციხეში სხედან.

დაპატიმრებულების ნახევარზე მეტი მიტერის სამხედრო ციხეში იმყოფება, რომელიც დედაქალაქ ასმერას ჩრდილოეთით მდებარეობს. 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე 25 მოწმე მეტად უცნაური მეთოდით დასაჯეს: ისინი მიწაში ნახევრად ჩაფლულ რკინის კასრში ჩასვეს. ზაფხულში მცველები პატიმრებს უფლებას აძლევდნენ, დღის განმავლობაში ამოსულიყვნენ კასრიდან, რადგან კასრში გაუსაძლისი სიცხე იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ პატიმრები არ იღებენ საკმარისი რაოდენობის საკვებსა და წყალს, რაც მათ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, 2013 წლის აგვისტოში ამ საშინელი პირობების გამო 68 წლის ძმა, იოჰანეს ჰაილი გარდაიცვალა. მსგავსი შემთხვევა პირველად 2011 წელს მოხდა, როდესაც ერიტრეის ციხეში ძმა მისგენე გებრეტინსაე დაიღუპა.

ყირგიზეთი. ეს სამეფო დარბაზი ადგილობრივებმა ორჯერ დაანგრიეს