არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

პოლიციელები ძმებს ბლოკების გადაზიდვაში დაეხმარნენ

ქუთაისი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია. 13 წლის მანძილზე აქ კონგრესები ერთ ძველ, ნახევრად დანგრეულ შამპანურის ქარხანაში ტარდებოდა. სახურავი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ წვიმა ჩამოდიოდა. ამიტომ, ძმებმა ის სპეციალური ბრეზენტით გადახურეს. მოვიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა; დღეს ქუთაისში და-ძმებს კეთილმოწყობილი, ღია სამეფო დარბაზი აქვთ, რომელსაც კონგრესების ჩასატარებლად იყენებენ. ერთხელ, მშენებლობის დროს 50 მოხალისე სატვირთო მანქანიდან ბლოკებს ტვირთავდა. მათ პოლიციელები მიუახლოვდნენ, რომელთაც გაოცება ვერ დამალეს, როცა დაინახეს, რა თავდაუზოგავად და ხალისიანად მუშაობდნენ ძმები. პოლიციელებმა შეაქეს ისინი და ბლოკების ჩამოტვირთვაშიც დაეხმარნენ. შემდეგ ისიც კი სთხოვეს, რომ აუცილებლად დაეძახათ მათთვის, თუ ვინმე ზედმეტს გაუბედავდა ან უსამართლოდ მოექცეოდა. ბოლოს შეჰპირდნენ ძმებს, რომ დაესწრებოდნენ პირველ კონგრესს, რომელიც ამ საკონგრესო დარბაზში გაიმართებოდა.

საკუთარი ველოსიპედი გაყიდა

მალაქი უხუცესად მსახურობს ბურუნდიში. ერთ დროს ის თავს მიწათმოქმედებით ირჩენდა; ამავდროულად, მუშადაც მუშაობდა: ველოსიპედით გადაჰქონდა ტვირთი. მალაქის ძალიან უნდოდა, ყოველდღიურად ემუშავა სამეფო დარბაზის მშენებლობაზე, რომელიც იმ დროს მის მხარეში შენდებოდა. თუმცა, ეს არ იქნებოდა მისთვის ადვილი, რადგან ძალიან გაუჭირდებოდა, 2 თვის განმავლობაში პარალელურად მშენებლობაზეც ემუშავა და ოჯახიც შეენახა. თუმცა გამოსავალი იპოვა — გაყიდა ველოსიპედი და აღებული ფული ორად გაყო. ნაწილი თავის მეუღლეს მისცა ოჯახის საჭიროებებისთვის, ნაწილი კი შესაწირავების ყუთში ჩააგდო, რათა მშენებლობის ხარჯების დაფარვაშიც შეეტანა თავისი წვლილი. მისი ძალისხმევა ნამდვილად დაფასდა. მშენებლობაზე მან ბევრი რამ ისწავლა სხვა და-ძმებისგან, რაც მოგვიანებით ძალიან გამოადგა. საინტერესოა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მალაქი არ დარჩენილა სამუშაოს გარეშე. მან მალევე იპოვა სამუშაო მშენებლობაზე, რადგან დამსაქმებლებმა დაინახეს, რომ ის გამოცდილი იყო თავის საქმეში. გაგიკვირდებათ და, მალაქიმ ცოტა ხანში ველოსიპედიც იყიდა.

მეზობლები გვეხმარებიან

მალავიში დაშორებულ ტერიტორიებზე სამეფო დარბაზების აშენება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გასულ სამსახურებრივ წელს ძმებმა ისეთ ტერიტორიაზე ააშენეს სამეფო დარბაზი, სადაც საშინლად დანგრეული გზები იყო. ფილიალმა იზრუნა, რომ სამშენებლო მასალა ადგილზე სატვირთო მანქანებით მიეტანათ. ადგილობრივმა ძმებმა აღნიშნეს, რომ იქაურები ძალიან დაინტერესდნენ მიმდინარე სამუშაოებით. ბევრმა, ვინც არ იყო იეჰოვას მოწმე, დახმარება შემოგვთავაზა. ისინი შუაღამემდე მუშაობდნენ ხოლმე და რაში აღარ გვეხმარებოდნენ — იქნებოდა ეს ქვიშისა და ცემენტის ჩამოტვირთვა, ტერიტორიის ქვებისგან გაწმენდა თუ შენობის გადახურვა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მშენებლობის დროს მეზობლები უფრო ბევრნი იყვნენ, ვიდრე ჩვენი და-ძმები. იეჰოვას მოწმეთა თავდაუზოგავი შრომა გარშემომყოფთ ნამდვილად არ რჩებათ შეუმჩნეველი და ეს შემთხვევაც ამის დასტურია; სწორედ და-ძმების მუხლჩაუხრელმა შრომამ აღძრა მეზობლები, მათთვის ასეთი დახმარება აღმოეჩინათ.

„ირისის ბიზნესი“

ერთი წყვილი, რომელიც კოტ-დ’ივუარში სპეციალურ პიონერად მსახურობს, ადგილობრივ ბეტე ენაზე ბიბლიას ასწავლის ცოლ-ქმარს, რომელსაც ათი შვილი ჰყავს. 2013 წლის მაისში ქალაქ დალოაში პირველად უნდა ჩატარებულიყო კონგრესი ამ დაინტერესებულების მშობლიურ ენაზე. მათ ძალიან სურდათ, ათივე შვილთან ერთად დასწრებოდნენ პროგრამას. კონგრესზე წასასვლელად და იქიდან დასაბრუნებლად ერთ კაცს ერთი დოლარისა და 60 ცენტის ეკვივალენტის თანხა სჭირდებოდა, მაგრამ ოჯახისთავს არ შეეძლო ამ თანხების დაფარვა. მას იმდენად უნდოდა ოჯახთან ერთად კონგრესზე წასვლა, რომ გამოსავალი მალევე იპოვა: თავის უფროს გოგონას დაავალა, ირისის კანფეტები გაეყიდა და ამ საქმისთვის 60 ცენტის ეკვივალენტის თანხა მისცა. ის დაუყოვნებლივ შეუდგა კანფეტების გაყიდვას და ზუსტად იმდენი თანხა მოაგროვა, რამდენიც თავისი მგზავრობის ხარჯების დასაფარად სჭირდებოდა. მამამ სხვა შვილებსაც ამდენივე თანხა მისცა, რომ მათაც დაეწყოთ „ირისის ბიზნესი“ და საჭირო თანხა მოეგროვებინათ. საბოლოოდ, ამ ოჯახმა სხვა რამდენიმე და-ძმასთან ერთად შეძლო, დასწრებოდა კონგრესს. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერები იყვნენ, როცა მშობლიურ ენაზე მოისმინეს პროგრამა!