უკეთესი მომავლის რეალური იმედი
იმედის თვალით უყურებთ მომავალს? დღეს არსებული მწვავე პრობლემების მიუხედავად, ბევრი ცდილობს, არ დაკარგოს მომავლის იმედი. მართლა შესაძლებელია, უკეთესობისკენ შეიცვალოს ცხოვრება? დიახ! ბიბლია უკეთესი მომავლის საფუძვლიან იმედს გვისახავს.
რა იმედს გვისახავს ბიბლია?
ადამიანები უამრავ სირთულეს ხვდებიან. თუმცა ბიბლია გვპირდება, რომ ეს პრობლემები მარადიულად არ იარსებებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
პრობლემა: უსახლკარობა
ბიბლია ამბობს: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში“ (ესაია 65:21).
როგორ შესრულდება: ყველას თავისი სახლი ექნება.
პრობლემა: უმუშევრობა და სიღარიბე
ბიბლია ამბობს: „თავად მოიხმარენ სრულად თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:22).
როგორ შესრულდება: ყველას სასიამოვნო სამუშაო ექნება და ყველას შრომა დაფასდება.
პრობლემა: უსამართლობა
ბიბლია ამბობს: „სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები“ (ესაია 32:1).
როგორ შესრულდება: აღარავის მოექცევიან უსამართლოდ რასობრივი, სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის გამო.
პრობლემა: საკვების უკმარისობა და შიმშილი
ბიბლია ამბობს: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
როგორ შესრულდება: უხვად იქნება ჯანსაღი საკვები; აღარავინ იშიმშილებს და იავადმყოფებს საკვების უკმარისობის გამო.
პრობლემა: ძალადობა და დამნაშავეობა
ბიბლია ამბობს: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ შეაშინებს მათ“ (მიქა 4:4).
როგორ შესრულდება: თავს ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს, რადგან ბოროტი ადამიანები აღარ იარსებებენ და „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმუნი 37:10, 29).
პრობლემა: ომები
ბიბლია ამბობს: „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4).
როგორ შესრულდება: დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს (ფსალმუნი 72: 7). აღარავინ დამწუხრდება იმის გამო, რომ ომში საყვარელი ადამიანი დაკარგა. აღარც ლტოლვილთა თავშესაფრები იქნება საჭირო.
პრობლემა: ავადმყოფობა და დაავადებები
ბიბლია ამბობს: „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
როგორ შესრულდება: აღარავინ გახდება ავად და აღარც ინვალიდები იქნებიან (ესაია 35:5,6). უფრო მეტიც, ბიბლიაში ღმერთი გვპირდება, რომ „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4).
პრობლემა: გარემოს დაბინძურება
ბიბლია ამბობს: „გაიხარებს უდაბნო და ხრიოკი მიწა, გამხიარულდება უკაცრიელი ველი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).
როგორ შესრულდება: ღვთის თავდაპირველი განზრახვა შესრულდება და მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, სადაც ბედნიერი ადამიანები იცხოვრებენ (დაბადება 2:15; ესაია 45:18).
არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ბიბლიური დანაპირები შესრულდება?
ერთი შეხედვით ეს შესაძლოა ასეც ჩანდეს. თუმცა, გირჩევთ, კარგად გამოიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია მომავალთან დაკავშირებით. ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებები სრულიად განსხვავდება იმ დაპირებებისგან, რომელთაც ადამიანები გვაძლევენ. ბიბლიაში ღვთის დაპირებებია ჩაწერილი და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება.
ღმერთი სანდოა. ბიბლიაში ღმერთის შესახებ ნათქვამია, რომ მან „შეუძლებელია იცრუოს“ (ტიტე 1:2). გარდა ამისა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი (ესაია 46:10). ბიბლიაში ჩაწერილი უამრავი შემთხვევა ადასტურებს, რომ ღვთის სიტყვები ყოველთვის ზედმიწევნით სრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს: „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“.
ღმერთს შესწევს ძალა, მოაგვაროს ჩვენი პრობლემები. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთს აქვს ძალა, გააკეთოს ის, რასაც მოისურვებს (ფსალმუნი 135:5, 6). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ვერაფერი შეუშლის ხელის თავისი განზრახვის შესრულებაში. უფრო მეტიც, ღმერთს სურს, რომ დაგვეხმაროს, რადგან ვუყვარვართ (იოანე 3:16).
ბუნებრივია, თუ გაგიჩნდებათ ასეთი კითხვა: თუ ღმერთს სურს დაგვეხმაროს და საამისო ძალაც შესწევს, მაშ რატომღა გვაქვს ამდენი პრობლემა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, უყურეთ ვიდეოს: „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“.
როგორ შესრულდება ეს დანაპირები?
ღმერთი დაპირებებს თავისი სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების, მეშვეობით განახორციელებს. ამ სამეფოს მეფედ მან იესო ქრისტე დანიშნა და იმის ძალაუფლებაც მისცა, იზრუნოს დედამიწაზე და ადამიანებზე. დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ავადმყოფებს კურნავდა, მშივრებს აპურებდა, აკონტროლებდა ბუნების ძალებს და მიცვალებულებსაც კი აღადგენდა (მარკოზი 4:39; 6:41—44; ლუკა 4:40; იოანე 11:43, 44). იესომ ამგვარად აჩვენა, რას გააკეთებდა, როცა ღვთის სამეფოს მეფე გახდებოდა.
იმის გასაგებად, თუ რა კურთხევებს მოგიტანთ ღვთის სამეფო პირადად თქვენ, უყურეთ ვიდეოს: „რა არის ღვთის სამეფო?“.
როდის შესრულდება ეს დანაპირები?
მალე! რატომ შეგვიძლია ასე დარწმუნებით ამის თქმა? ბიბლიამ იწინასწარმეტყველა მოვლენები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო სადაცაა დედამიწაზე დაიწყებს მმართველობას (ლუკა 21:10, 11). მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან აშკარად ჩანს, როგორ სრულდება ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები.
მეტი ინფორმაციის მისაღებად, წაიკითხეთ სტატია „როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?“.
როგორ დაგვეხმარება დღესვე იმედი, რომელსაც ბიბლია გვისახავს?
ბიბლიის ერთმა დამწერმა იმედი, რომელსაც ბიბლია გვაძლევს, შეადარა ღუზას (ებრაელები 6:19). როგორც ღუზა იცავს გემს შტორმის დროს, ისე მომავალთან დაკავშირებული მტკიცე ბიბლიური იმედი გვეხმარება, გავუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას, რომელსაც დღეს ვხვდებით. ეს იმედი გვეხმარება, შევინარჩუნოთ როგორც ,ემოციური და ფსიქიკური წონასწორობა, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა (1 თესალონიკელები 5:8).