არჩეულ მასალაზე გადასვლა

დოქტორი გაბრიელე ჰამერმანი, დახაუს ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალური ცენტრის დირექტორი, დამსწრე საზოგადოებას აცნობს მაქს ეკერტის მემორიალურ დაფას

2018 წლის 9 ივლისი
გერმანია

მაქს ეკერტის პატივსაცემად დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მემორიალური დაფა გაიხსნა

მაქს ეკერტის პატივსაცემად დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მემორიალური დაფა გაიხსნა

2018 წლის 7 მაისს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გამართულ ცერემონიალზე დაახლოებით 200-მა ადამიანმა იხილა ძმა მაქს ეკერტის სახელობის მემორიალური დაფა. მაქს ეკერტი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, საიდანაც ის ავსტრიაში, სისასტიკით განთქმულ მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. იგი სახლში არასოდეს დაბრუნებულა. ძმა ეკერტის სიკვდილის მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა მისი ურყევი რწმენის შესახებ დღეს ბევრისთვის გახდა ცნობილი.

დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი დღეს, სადაც მაქს ეკერტი იყო დაპატიმრებული

მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც მაქს ეკერტი გარდაიცვალა

ძმა ეკერტის ისტორიიდან აშკარად ჩანს, რომ მან ბოლომდე შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება. 1935 წელს ის და მისი მეუღლე იმის გამო დააჯარიმეს, რომ სხვებს თავიანთი რწმენის შესახებ ესაუბრებოდნენ. მოგვიანებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან უარი თქვა, ეტარებინა დროშა, რომელზეც სვასტიკა იყო გამოსახული. 1937 წელს ის ერთ-ერთი იყო იმ 600-მდე უშიშარ იეჰოვას მოწმეს შორის, რომლებიც დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ძმა ეკერტი გადაიყვანეს მაუტჰაუზენის ბანაკში, სადაც, სულ მცირე, 90 000 პატიმარი გამოესალმა სიცოცხლეს არაადამიანური პირობების გამო. 1940 წლის 21 თებერვალს ძმა ეკერტის მეუღლემ მიიღო დეპეშა, სადაც ყოველგვარი შესავლის გარეშე ეწერა: „დღეს ბანაკში თქვენი ქმარი გარდაიცვალა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პოლიციას“. ძმა ეკერტი 43 წლის ასაკში დაიღუპა.

დოქტორმა გაბრიელე ჰამერმანმა, დახაუს ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალური ცენტრის დირექტორმა, თავის მოხსენებაში აღნიშნა: „ბიბლიის მკვლევრები [იეჰოვას მოწმეები იმ დროს ამ სახელით იყვნენ ცნობილნი] სასტიკად იდევნებოდნენ იმის გამო, რომ თავიანთი მრწამსის შესაბამისად მოქმედებდნენ და უარს ამბობდნენ ნაცისტურ ორგანიზაციებში გაერთიანებაზე, ჰიტლერისთვის სალმის მიცემასა და სამხედრო სამსახურზე“. შემდეგ მან დასძინა: „სხვა პატიმრები, რომლებიც ბიბლიის მკვლევრების გვერდით იხდიდნენ სასჯელს, დიდი პატივისცემით იხსენებდნენ მათ; ისინი განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მათ სიმტკიცეს და იმას, თუ როგორ ცდილობდნენ სხვების დახმარებას“.

გერმანიაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა ვოლფრამ სლუპინამ აღნიშნა, რომ იქ დამსწრეთაგან ბევრს არაფერი სმენოდა ძმა ეკერტის შესახებ. „ჩვენ ძმა მაქსის სურათიც კი არ მოგვეპოვება“, — თქვა მან. ბოლოს კი დასძინა: „ამ მემორიალური დაფის მეშვეობით ხალხი გაიგებს ძმა ეკერტის მიერ გამოვლენილი სიმტკიცისა და უკომპრომისო რწმენის შესახებ; ის სიკვდილისთვისაც კი მზად იყო“.

უდავოა, იეჰოვას ახსოვს მაქს ეკერტის ძლიერი და შეუდრეკელი რწმენა და ყველა ის იეჰოვას მოწმე, რომლებიც რწმენის გამო დაიხოცნენ (ებრაელები 6:10).