არჩეულ მასალაზე გადასვლა

უზბეკეთის უზენაესი სასამართლოს შენობა ტაშკენტში

2018 წლის 8 ნოემბერი
უზბეკეთი

უზბეკეთის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების უფლებას, იქონიონ ბიბლიური ლიტერატურა

უზბეკეთის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების უფლებას, იქონიონ ბიბლიური ლიტერატურა

უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ და ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება. საქმე, რომელიც 2018 წლის მარტიდან მოყოლებული ექვსი თვე გაგრძელდა, ეხებოდა იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობის უფლებას. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი ოთხი გადაწყვეტილება, ხოლო ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა მეხუთე გადაწყვეტილება.

აღნიშნული სასამართლოები განიხილავდნენ რამდენიმე საქმეს, რომლებიც ეხებოდა იეჰოვას მოწმეებს. პოლიციამ ჩხრეკის შედეგად მათ ჩამოართვა ბიბლიური ლიტერატურა და ელექტრონული მოწყობილობები, რომლებშიც ბიბლია იყო ჩატვირთული. ამის გამო ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ძმები სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნეს და დააკისრეს ჯარიმა იმ კანონის საფუძველზე, რომელიც, ერთ-ერთი ინტერპრეტაციით, კრძალავს რელიგიური შინაარსის შემცველი მასალის გავრცელებას. საბედნიეროდ, უმაღლესი ინსტანციების მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩვენს ძმებს მოუხსნეს დამნაშავის სტატუსი და გაათავისუფლეს ჯარიმის გადახდისგან.

ძმა ტიმურ სატდანოვი, რომელსაც უზბეკეთის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავის სტატუსი მოუხსნა

ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, ტიმურ სატდანოვმა, რომელიც თავდაპირველად ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს, წერილი გაუგზავნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. წერილში იგი მადლიერებას გამოთქვამდა უზენაესი სასამართლოს მიერ ჩვენ სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის გამო. ძმა ტიმურმა წერილში აღნიშნა, რომ თანამორწმუნეებთან ერთად ლოცულობდა მათთვის „ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია, რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმოთე 2:2). უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ სასამართლო გაეცნო წერილის შინაარსს.

მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ახარებთ მსგავსი გადაწყვეტილებები. ისინი ემადლიერებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და, რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას, რომელიც მხარს უჭერს მათ „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“ (ფილიპელები 1:7).