არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 6 ივნისი
ვენესუელა

უახლესი ამბები ვენესუელიდან: სირთულეების მიუხედავად სულიერი ზრდა გრძელდება

უახლესი ამბები ვენესუელიდან: სირთულეების მიუხედავად სულიერი ზრდა გრძელდება

ვენესუელაში გრძელდება სოციალური და ეკონომიკური კრიზისი. მაღალი ფასებისა და მარაგების შემცირების გამო საკვები, წყალი, საწვავი და მედიკამენტები სულ უფრო და უფრო ძნელად ხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობისთვის. ელექტროენერგიის სისტემა გაუმართავად მუშაობს, რაც ართულებს პროდუქციის შენახვას; ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს ქვეყანაში არსებული საკვები პროდუქტების მარაგებს. დამნაშავეობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, ვენესუელაში მცხოვრები 136 500-ზე მეტი მაუწყებელი გულმოდგინედ განაგრძობს მსახურებას. მართალია, 2019 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით 7 000-ით ნაკლები მაუწყებელი მსახურობდა ქვეყანაში, მაგრამ დარჩენილმა მაუწყებლებმა 90 000 საათით მეტი იმსახურეს. 2019 წლის აპრილში 195 600 ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა ქვეყანაში. პიონერების რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. გახსენების საღამოს კამპანიის დროს დამხმარე პიონერთა რიცხვმა 20 400-ს მიაღწია. ამ და-ძმების მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია; გახსენების საღამოს თითქმის 471 000 ადამიანი დაესწრო, რაც მაუწყებელთა რიცხვს სამჯერ აღემატება. ამასთანავე, კრებაზე დამსწრეთა რიცხვიც მატულობს, რაც გარკვეულწილად იმითაა განპირობებული, რომ ჩვენი და-ძმები აქტიურად არიან ჩართულები სამქადაგებლო საქმეში. ისინი ხალხს პრობლემებიდან გამოსავალს სთავაზობენ და უტყუარ ბიბლიურ იმედს გადასცემენ.

ვენესუელის ფილიალი კვლავაც უწევს ორგანიზებას და-ძმების დახმარების საქმეს, რათა ისინი უზრუნველყოფილნი იქნენ ძირითადი საკვები პროდუქტებით. ყოველთვე, მეზობელი ფილიალის დახმარებითა და მსოფლიო საქმიანობისთვის გაღებული გულუხვი შესაწირავების წყალობით, ვენესუელის ფილიალი უზრუნველყოფს ასობით ტონა შეწირული საკვების მიწოდებას 75 000-ზე მეტი მაუწყებლისთვის 1 595 კრებაში.

ვენესუელაში მცხოვრები ჩვენი და-ძმები მართლა ბევრ სირთულეს ხვდებიან, მაგრამ ძალები გვემატება, როდესაც ვხედავთ, რომ ისინი მაინც ხარობენ იეჰოვათი და მხიარულობენ ჩვენი ხსნის ღმერთით (აბაკუმი 3:17, 18).