არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 5 სექტემბერი
შეერთებული შტატები

ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალმა „დორიანმა“ უდიდესი ზიანი მიაყენა

ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალმა „დორიანმა“ უდიდესი ზიანი მიაყენა

„დორიანი“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო, რაც კი ატლანტის ოკეანეში დაფიქსირებულა. 2019 წლის 1 სექტემბერს, კვირა დილით ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულ დიდ აბაკოს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა „დორიანმა“ გადაუარა. ქარიშხალი „დორიანი“ განსაკუთრებით საშიში იმიტომ იყო, რომ ნელა გადაადგილდებოდა და ძლიერ ქარსა და წვიმას იწვევდა. სანამ ქარიშხლად იქცეოდა, ტროპიკულმა შტორმმა „დორიანმა“ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა ქარზურგა კუნძულებს, პუერტო-რიკოსა და ვირჯინის კუნძულებს.

შეერთებული შტატების ფილიალი კვლავაც აგროვებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაში არიან და-ძმები და რა ზიანი მიადგა ფილიალის კუთვნილ შენობებს. დღევანდელი მონაცემებით, კუნძულ დიდ აბაკოზე, სადაც ორი კრებაა, 46 მაუწყებლიდან არც ერთი არ დაშავებულა. თუმცა ამ კუნძულზე არსებული ერთადერთი სამეფო დარბაზი მიწასთან გასწორდა.

კუნძულ დიდ ბაჰამაზე ოთხი კრებაა, სადაც 364 მაუწყებელი მსახურობს. პირველადი მონაცემებით, 196 და-ძმა გახდა იძულებული, სახლი დაეტოვებინა. თანამორწმუნეების 22 სახლი დაზიანებულია, სამი სახლი კი — მთლიანად დანგრეული.

სანამ ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალი დაატყდებოდა, ფილიალმა სტიქიის ზონაში მცხოვრებ სარაიონო ზედამხედველებსა და უხუცესებს გარკვეული მითითებები მისცა. ფილიალის რჩევით, ყველა მაუწყებელი დედაქალაქ ნასოში ან სხვა უსაფრთხო ადგილას უნდა გადასულიყო.

ვლოცულობთ იმ და-ძმებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვამ კარგად იცის, რისი ატანა უწევთ მათ და კვლავ გააძლიერებს გასაჭირში (ფსალმუნი 46:1, 2).