არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 24 თებერვალი
ტაილანდი

სპეციალური კამპანია ათასობით ადამიანამდე აღწევს ტაილანდში

სპეციალური კამპანია ათასობით ადამიანამდე აღწევს ტაილანდში

2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2020 წლის 31 იანვრამდე ტაილანდში გაიმართა სპეციალური სამქადაგებლო კამპანია. მასში მონაწილეობის მისაღებად 11 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და-ძმები, რომლებიც ტაილანდურენოვან კრებებსა და ჯგუფებში მსახურობენ. კამპანიის მიზანი იყო, რომ სტუმრად ჩასულ და-ძმებს ადგილობრივ 4 800-მდე მაუწყებელთან ერთად სასიხარულო ცნობა გადაეცათ ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკსა და მის მიმდებარედ მცხოვრები ტაილანდურენოვანი მოსახლეობისთვის. სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა 600-ზე მეტმა მაუწყებელმა კამპანიის პერიოდში, მთლიანობაში, 34 625 საათი იქადაგა. მათ გაავრცელეს 32 718 პუბლიკაცია, 6 637-ჯერ აჩვენეს ვიდეო და 310 ადამიანთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მეორე სამქადაგებლო კამპანია იყო ტაილანდში. პირველი კამპანიის შემდეგ, რომელიც ჩატარდა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე, ტაილანდის ფილიალის კომიტეტში მომსახურე ძმა პლაკორნ პესტანიმ, ანგარიშში ასეთი სიტყვები დაწერა: „კამპანიის პერიოდში დაწყებულმა ბიბლიის შესწავლების რაოდენობამ მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. გარდა ამისა, ამ ღონისძიებამ ძალიან დადებითად იმოქმედა ადგილობრივ კრებებზეც“. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ფილიალმა კიდევ ერთი კამპანია დაგეგმა.

ბოლო კამპანიის პერიოდში ზოგმა ჩამოსულმა მაუწყებელმა დაგეგმილზე მეტი დრო დაჰყო ტაილანდში, რათა უფრო მეტ ადამიანს დახმარებოდა იეჰოვას გაცნობაში. ერთმა კორეელმა წყვილმა ერთი თვით გადადო უკან გამგზავრება. ისინი ბევრ ისეთ ადამიანს შეხვდნენ, რომლებმაც ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინეს. ამიტომ ეს წყვილი კიდევ ორი კვირა დარჩა ტაილანდში. ერთმა კორეელმა დამ კი, რომელმაც კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სამსახური დატოვა, გადაწყვიტა, საერთოდ ტაილანდში გადასულიყო საცხოვრებლად.

მაუწყებლების მიერ გამოვლენილ გულმოდგინებას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა. საქმიან უბანზე ქადაგებისას დედა-შვილი ესაუბრა ერთ ქალბატონს, რომელსაც დაუტოვეს 2019 წლის „გამოიღვიძეთ!“-ის მე-2 ნომერი, სათაურით „რა უნდა ვასწავლოთ შვილებს“. როცა დებმა მას განმეორებით მიაკითხეს, ქალბატონი სიხარულით შეეგება მათ. მას ხელში ის ჟურნალი ეჭირა, რომელიც დებმა წინა ჯერზე დაუტოვეს. ქალმა მათ უთხრა: „ძალიან საინტერესო ინფორმაციაა! მინდა, უფრო მეტი გავიგო თქვენგან“. დები შეუთანხმდნენ მას, რომ კვირაში ერთხელ ჩაუტარებდნენ ბიბლიის შესწავლას მისსავე ოფისში, შესვენების დროს; მათ ქალს ტელეფონში JW ბიბლიოთეკის აპლიკაციაც ჩამოუტვირთეს. ამჟამად მასთან კვირაში ორჯერ ტარდება ბიბლიის შესწავლა. ის სიამოვნებით უჩვენებს ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ გრაფიკულ ანიმაციებს თავის შვილებს.

კიდევ ერთმა მაუწყებელმა უქადაგა ერთ ქალს, რომელიც მოხიბლული იყო იეჰოვას მოწმეების ჩაცმულობით და მათი მეგობრული დამოკიდებულებით. ქალბატონმა თქვა, რომ მეგობრების შესაძენად ეკლესიებში დადიოდა, მაგრამ ამაოდ. ჩვენმა დამ ის კრების შეხვედრაზე დაპატიჟა, რომელიც იმავე დღეს ტარდებოდა. ქალი დაესწრო შეხვედრას და გაიცნო სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის ჩვენი და-ძმები. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, ბროშურით „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“. მას ძალიან მოსწონს კრების შეხვედრები და სურს, რომ ყოველთვის დაესწროს მათ.

ერთი და შეხვდა შუა ასაკის ქალბატონს ბანგინაში, ბანგკოკის ერთ-ერთ უბანში. ქალმა უთხრა მას, რომ ეკლესიაში კი დადიოდა, მაგრამ ბიბლია არ ჰქონდა. დამ მას ტელეფონში JW ბიბლიოთეკა და „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩამოუტვირთა. განმეორებით მისვლისას ქალბატონმა აღნიშნა, რომ უკვე კითხულობდა ჩამოტვირთულ ბიბლიას. დებმა მას ბროშურის, „სასიხარულო ცნობა“, ბოლო გვერდზე მოცემული კითხვები აჩვენეს და სათითაოდ წაუკითხეს. ქალმა თქვა, რომ ყველა ამ კითხვაზე სურდა პასუხის მიღება. დებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, რომელსაც ახლა ადგილობრივი და აგრძელებს. ეს ქალბატონი ძალიან გახარებულია, რადგან ცხოვრებაში პირველად მიეცა შესაძლებლობა, პირადად გამოეკვლია ბიბლიური საკითხები და ბევრი რამ გაეგო ღმერთზე.

კარდაკარ ქადაგებისას ერთი და შეხვდა ტაილანდელ მამაკაცს და მის ლაოსელ მეუღლეს. დამ ჰკითხა მათ, თუ რა იყო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის. „ოჯახი“, — უპასუხეს მათ. ამის შემდეგ დამ მათთან ერთად განიხილა ინფორმაცია ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ბროშურიდან „სასიხარულო ცნობა“. წყვილმა ერთხმად განაცხადა, რომ იქ მოცემული რჩევები ძალიან სასარგებლო იყო. მათ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და მალევე კრების შეხვედრასაც დაესწრნენ. იქ არსებულმა მეგობრულმა და თბილმა გარემომ ისინი ძალიან მოხიბლა; მათ თქვეს, რომ სხვა დროსაც სიამოვნებით მივიდოდნენ კრებაზე.

ტაილანდის კამპანიის დროს მომხდარი ეს და მრავალი სხვა შემთხვევა ცხადყოფს, რომ ამ ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხი ნამდვილად ბევრს შრომობს უფლის საქმეში (1 კორინთელები 15:58).