არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 3 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

2020 წლის ისტორიული მოვლენა — პირველი ვირტუალური რეგიონული კონგრესი

2020 წლის ისტორიული მოვლენა — პირველი ვირტუალური რეგიონული კონგრესი

2020 წლის ივლის-აგვისტოში მილიონობით ჩვენმა და-ძმამ ბიბლიური ცნობით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად უყურა რეგიონული კონგრესის პროგრამას.

რეგიონული კონგრესი სახელწოდებით „ყოველთვის იხარეთ!“, რომელსაც დიდი ხანი ველოდით, 240 ქვეყანაში საკონგრესო და საკონფერენციო დარბაზებში, სპორტულ კომპლექსებსა თუ სტადიონებზე უნდა გამართულიყო. პოტენციურ დამსწრეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით ხელმძღვანელმა საბჭომ არჩია, რომ რეგიონული კონგრესი მთელ მსოფლიოში ვირტუალურად ჩატარებულიყო. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იყო, რადგან 1897 წლიდან მოყოლებული პირველად მოხდა, რომ იეჰოვას მოწმეების კონგრესი ცოცხლად არ ჩატარებულა.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, კენეთ კუკმა, აღნიშნა: „როცა რეგიონული კონგრესები გაუქმდა, მიზნად დავისახეთ, რომ ჩაგვეტარებინა ერთი კონგრესი, რომელსაც მთელი მსოფლიო მასშტაბით ყველა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში უყურებდა. ამისთვის ოთხ თვეზე ნაკლებ დროში ასობით ენაზე უნდა მომზადებულიყო კონგრესის პროგრამა. არადა, ასეთი პროექტის დასაგეგმად და განსახორციელებლად, ჩვეულებრივ, ერთი წელი ან მეტია საჭირო. მართლაც სასიხარულო მოვლენა იყო, როცა 2020 წლის 6 ივლისს კონგრესის პროგრამის პირველი ნაწილი დაახლოებით 400 ენაზე განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე. საბოლოოდ, კონგრესის პროგრამა 511 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი“.

ერთმა იეჰოვას მოწმე დედამ, რომელიც მარტო ზრდის სამ შვილს, შემდეგი რამ თქვა: „მართალია, ძალიან გვინდოდა, რომ თანაქრისტიანებთან ერთად დავსწრებოდით ამ კონგრესს, მაგრამ ვირტუალურად ჩატარებული კონგრესის ყურება პატარებს ძალიან გაუადვილდათ. იმის წყალობით, რომ კონგრესი ნაწილ-ნაწილ ჩატარდა, ბავშვებს აღარ ეფანტებოდათ ყურადღება. როცა ჩემს შვილებს შესვენება მოუნდებოდათ, კონგრესის ჩანაწერს ვაჩერებდით. შედეგად, შეიძლება ითქვას, ერთი წუთიც არ გამოგვპარვია. პარასკევის პროგრამამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შვილები მშობლების ხელში ისრებივით არიან, რომლებიც უნდა დავუმიზნოთ მიზანს — გახდნენ იეჰოვას ბედნიერი მსახურები! სწორედ ამაში დამეხმარა წლევანდელი კონგრესი, რომელიც ვირტუალური სახით ჩატარდა“ (ფსალმუნი 127:4).

ამ ისტორიულმა კონგრესმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ზედამხედველმა, რობერტ ჰენდრიქსმა, აღნიშნა: „ინფორმაცია ამ კონგრესის შესახებ ბევრმა ჟურნალისტმა გააშუქა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ საუკეთესოდ გამოიყენა ტექნოლოგიები საიმისოდ, რომ კონგრესის პროგრამა შეუფერხებლად და ყველასთვის უსაფრთხოდ ჩატარებულიყო“.

2020 წლის რეგიონულმა კონგრესმა, „ყოველთვის იხარეთ“, მართლაც აღგვაფრთოვანა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა ნამდვილად დიდებული მოძღვარია! (ესაია 30:20).