არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 31 დეკემბერი
ტაილანდი

75 წელი ტაი ენაზე პირველი „საგუშაგო კოშკის“ გამოსვლიდან

„მიენდეთ იეჰოვას, მუხლჩაუხრელად იშრომეთ და მთარგმნელიც გამოჩნდება“

75 წელი ტაი ენაზე პირველი „საგუშაგო კოშკის“ გამოსვლიდან

2022 წლის 1-ლ იანვარს 75 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ტაი ენაზე პირველად გამოიცა ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“.

პირველად ტაილანდში სასიხარულო ცნობა 1931 წელს იქადაგეს. თავიდან ძმებმა ათასობით პუბლიკაცია გაავრცელეს იაპონურ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. იმ პერიოდში ტაი ენაზე ნათარგმნი იყო ერთადერთი ბროშურა, „მფარველობა“.

ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ჩასული სამი პიონერი ძმა მსახურობდა. ისინი მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მეტი პუბლიკაციის გადათარგმნა ტაი ენაზე, ჭეშმარიტებას ხალხის გულამდე რომ მიეღწია. ამის შესახებ ძმა უილი უნგლაუბემ ძმა რუტერფორდს მისწერა და დახმარება სთხოვა. პასუხად ძმა რუტერფორდმა ასეთი რამ მოსწერა: „მიენდეთ იეჰოვას, მუხლჩაუხრელად იშრომეთ და მთარგმნელიც გამოჩნდება“.

1939 წლის დეკემბერში ძმები, კურტ გრუბერი და უილი უნგლაუბე, ტაილანდის ჩრდილოეთით მსახურობდნენ. ჩიანგმაიში მათ მიერ გავრცელებული ერთი ინგლისური პუბლიკაცია ხელში ჩაუვარდა პრესვიტერიანული ქალთა სკოლის დირექტორს, ჩომჩაი ინტაფანს. ის საკმაოდ კარგად ფლობდა როგორც ტაილანდურ, ისე ინგლისურ ენებს. ჩომჩაი მაშინვე მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა.

ჩომჩაი ინტაფანი

ჩომჩაი სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდა. მან სკოლიდანაც მიიღო საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება, თუმცა უარი თქვა ამაზე და სკოლაც დატოვა და ეკლესიაც. ის მალევე მოინათლა. პირველი პუბლიკაცია, რომლის თარგმნაც მას დაავალეს, იყო წიგნი „ხსნა“. მოგვიანებით ის ბანგკოკში ბეთელის ოჯახის ერთ-ერთი პირველი წევრი გახდა და მრავალი წელი ერთადერთი მთარგმნელი იყო ტაიენოვან მთარგმნელობით განყოფილებაში. დროთა განმავლობაში ტაილანდში სხვებმაც მიიღეს ჭეშმარიტება და მათგან ზოგიერთი და მთარგმნელობით საქმიანობაში ჩაება.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ტაილანდში მთარგმნელობითი საქმიანობა შეჩერდა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ მალევე განახლდა. მთარგმნელებმა თარგმნეს 1947 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და მისიონერთა სახლში მიმეოგრაფით 200 ასლი დაამზადეს. ჟურნალების ამ მეთოდით გამოცემა 1952 წლამდე გაგრძელდა. იმ დროისთვის ისინი ყოველთვიურად უკვე 500-მდე ასლს ამზადებდნენ. ამის შემდეგ ძმებმა ერთ-ერთ კომერციულ ფირმას მიმართეს ჟურნალების დასაბეჭდად. 1993 წლის სექტემბერში ტაი ენაზე „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის!“ ბეჭდვა იაპონიის ფილიალმა დაიწყო, რის შემდეგაც ეს ჟურნალები მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება.

ტაიენოვანი და ჟესტურენოვანი მთარგმნელები ტექნიკური ჯგუფის წევრებთან ერთად

დღეს დაახლოებით 80 და-ძმაა ჩართული მთარგმნელობით საქმეში. ზოგი ტაილანდის ფილიალში მსახურობს, ზოგი კი — მთარგმნელობით ოფისებში. ტაი ენის გარდა „საგუშაგო კოშკი“ ითარგმნება აკჰა, ლაოსურ, ლაჰუ და ტაილანდურ ჟესტურ ენებზე.

5 000-ზე მეტი მაუწყებელი, რომლებიც ტაილანდის ფილიალის ტერიტორიაზე მსახურობენ, უზომოდ ემადლიერებიან იეჰოვას, რომ მშობლიურ ენაზე შეუძლიათ წაიკითხონ „საგუშაგო კოშკი“ (იგავები 10:22).