არჩეულ მასალაზე გადასვლა

ორი იეჰოვას მოწმე სტადიონის წინ სტენდთან დგას.

29 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
სამხრეთი კორეა

ქადაგება 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

ქადაგება 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

2024 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ოთხ ქალაქში გაიმართა. ღონისძიება 19 იანვრიდან 1-ელი თებერვლის ჩათვლით იმართებოდა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 70-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასულმა ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები. პარალელურად 2 600-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ სპეციალურ სამქადაგებლო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში 34 ადგილას დაიდგა ლიტერატურის სტენდი. ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა ოთხ ენაზე იყო მოცემული.

სტენდებით ქადაგება განგვონში (სამხრეთი კორეა)

ერთი ჩინურენოვანი (მანდარინული) ახალგაზრდა მამაკაცი სტენდთან მდგომ ორ იეჰოვას მოწმეს გამოელაპარაკა. როგორც თვითონ აღნიშნა, მანამდე ქალაქში რამდენიმე ადგილას შენიშნა სტენდი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ამ სტენდის ბანერმა მიიქცია. ის ოჯახური ბედნიერების შესახებ იყო. მოწმეებმა აუხსნეს, როგორ შეეძლო ვებსაიტიდან jw.org მშობლიურ ენაზე გადმოეტვირთა ბროშურა „თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!“. მამაკაცმა მაშინვე ნახა ვებსაიტი თავისი მობილური ტელეფონით და მოწმეებს მადლობა გადაუხადა.

იეჰოვას მოწმე წყვილმა ერთ უკრაინელ მამაკაცთან არაფორმალური საუბარი წამოიწყო. მათ ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, ამიტომ სათარგმნი აპლიკაციის მეშვეობით საუბრობდნენ. საუბრისას ამ მამაკაცმა წყვილს დაბომბილი ქალაქის ფოტოები აჩვენა. როდესაც წყვილმა გაიგო, რომ სურათებზე ამ კაცის მშობლიური ქალაქი იყო გამოსახული, თანაგრძნობა გამოხატა მის მიმართ. შემდეგ ცოლ-ქმარმა მას უკრაინულ ენაზე წააკითხა ბიბლიური მუხლი, რომლის თანახმადაც მალე ომები აღარ იქნება. ასეთი დანაპირების საკუთარ ენაზე წაკითხვამ მამაკაცზე ძალიან იმოქმედა. საბოლოოდ მათ შეხვედრა დაგეგმეს, რომ ამ თემაზე კვლავ ისაუბრონ.

იეჰოვას მოწმე არაფორმალურად ქადაგებს წყვილთან განგვონის ოლიმპიურ პარკში.

ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ინ-სუკი, ინგლისურ ენაზე გამოელაპარაკა ერთ ახალგაზრდა სპორტსმენს და მის დედას, რომლებიც ევროპიდან იყვნენ ჩამოსული. საუბრისას ინ-სუკმა რამდენიმე საკითხი ახსენა ჩვენი ვებსაიტის ერთ-ერთი ქვეგანყოფილებიდან „მოზარდებთან ურთიერთობა“. დედას ძალიან მოეწონა ამ თემებზე საუბარი და თქვა, რომ მოგვიანებითაც ეწვეოდა ჩვენს ვებსაიტს.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს და-ძმებს სამხრეთ კორეაში შესაძლებლობა მიეცათ, ამდენი ადამიანის თვალში განედიდებინათ იეჰოვას სახელი (ფსალმუნი 148:13).