არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 23 მარტი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში რელიგიური შეუწყნარებლობა მწვავე ხასიათს იძენს

აზერბაიჯანში რელიგიური შეუწყნარებლობა მწვავე ხასიათს იძენს

აზერბაიჯანში რელიგიურმა შეუწყნარებლობამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო; სამართალდამცავი ორგანოები იეჰოვას მოწმეებს დიდ ფულად ჯარიმებს აკისრებენ და აპატიმრებენ. სამართალდამცავი ორგანოები სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებენ მოწმეების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი თაყვანისცემის მიზნით ერთად იკრიბებიან და თავიანთ რწმენას სხვებს უზიარებენ.

რელიგიური საქმიანობის დანაშაულებრივ ქმედებად შერაცხვა

2014 წლის 5 დეკემბერს ორი იეჰოვას მოწმე, 55 წლის ირინა ზახარჩენკო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, და 38 წლის ვალიდა ჯაბრაილოვა, რომელიც ავადმყოფ დედას უვლის, ბაქოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებს თავიანთ რწმენაზე ესაუბრებოდნენ. ეს ორი ქალი უფასოდ სთავაზობდა მობინადრეებს ბროშურას „ასწავლეთ შვილებს“, რომელიც მშობლებს ეხმარება, უკეთ ასწავლონ შვილებს ბიბლია და მასში ჩაწერილი ისტორიები. a

გამომძიებელმა ეს ორი მოწმე იმაში დაადანაშაულა, რომ ბიბლიურ ლიტერატურას „შესაბამისი ნებართვის გარეშე“ ავრცელებდნენ; სახელდობრ, ამ უკანასკნელმა მათი ქმედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულად შერაცხა. ჩვეულებრივ, ასეთი სახის დანაშაულის გამო დამნაშავეს დიდ ფულად ჯარიმას, 7 000-დან 9 000-მდე მანათს (6 690-დან 8 600 აშშ დოლარი), b აკისრებენ ან ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას უფარდებენ.

გამოძიების მსვლელობის დროს გამომძიებელმა და ქვეყნის უშიშროების სამინისტრომ არაერთხელ გამოიძახეს ეს ქალები დაკითხვაზე. 2015 წლის 17 თებერვალს ისინი დაკითხვაზე მივიდნენ, დაკითხვის შემდგომ კი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდნენ დახურულ სასამართლო სხდომაზე საბაილის რაიონულ სასამართლოში (ბაქო).

გამოძიებისას ეს ორი მოწმე რამდენჯერმე დაიბარეს გამომძიებელთან და უშიშროების სამინისტროში, რის შემდეგაც მათ სასამართლოს წინაშე წაუყენეს ბრალდება და მოითხოვეს მათთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინათ, რადგან გამომძიებლის ვარაუდით, ისინი კვლავ ჩაიდენდნენ მსგავს დანაშაულს და შემდეგ „თავს აარიდებდნენ და დაემალებოდნენ გამოძიებას“. მოწმეების ადვოკატმა გააპროტესტა წარდგენილი ბრალდება და განაცხადა, რომ გარკვეული გარემოებებისა და სამართალდამცავებთან მათი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ამ ორი ქალისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება უსამართლო იქნებოდა. მართალია, მოსამართლემ იცოდა, რომ ეს ორი ქალი მანამდე არ იყო ნასამართლევი, მათი საქმიანობა მაინც „საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებად“ შერაცხა. მან დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და ამ ორ ქალს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა; მათ იმ ციხეში უნდა მოეხადათ სასჯელი, რომელიც საიდუმლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა.

ამ ორი მოწმის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ამიტომ 2015 წლის 26 თებერვალს პოლიციამ ეს ქალები ბორკილდადებულები დაბურულმინებიანი მანქანით ციხიდან ბაქოს სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანა. დახურული სასამართლო სხდომის დროს ვერც პროკურორმა და ვერც გამომძიებელმა, რომელიც უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი იყო, ვერ წარადგინა საჭირო სამხილები, რომლის საფუძველზეც ბრალდებულები წინასწარ პატიმრობას იმსახურებდნენ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უარი განაცხადა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ისევ ციხეში დააბრუნა.

2015 წლის 6 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილებით, უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ორმა სპეცჯგუფმა გაჩხრიკა ირინა ზახარჩენკოს და ვალიდა ჯაბრაილოვას სახლები, ჩამოართვა მათ რელიგიური სახის ლიტერატურა, პირადი ლეპტოპები, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. 2015 წლის 10 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილებით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციამ და რელიგიურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტმა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი (თაყვანისცემის ადგილი) და კრების ერთ-ერთი უხუცესის სახლი გაჩხრიკეს. გარდა ამისა, ბაქოში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთი იეჰოვას მოწმე დაკითხეს ამ საქმის თაობაზე.

იეჰოვას მოწმეებმა ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საქმის თაობაზე პეტიციით მიმართეს გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, რომელიც მოხსენებებს ამზადებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, და აგრეთვე იმ ჯგუფს, რომელიც თვითნებურ დაპატიმრებებს იძიებს. მოწმეების ადვოკატი ამჟამად ამზადებს წერილობით თხოვნას, რომლითაც ადგილობრივ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რათა ამ უკანასკნელმა ზემოხსენებული ორი ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეცვალოს.

რელიგიურ შეხვედრაზე დასწრების გამო მოწმეებს დიდ ფულად ჯარიმას აკისრებენ და აპატიმრებენ

განჯაში სამართალდამცავებმა დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრეს მათ, ვინც იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრებს ესწრებოდა, და ზოგიერთი დააკავეს კიდეც. ფულადი ჯარიმა 1 500-დან (1 433 აშშ დოლარი) 2 000-მდე მანათს (1 911 აშშ დოლარი) შეადგენდა.

2014 წლის ოქტომბერში განჯის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, სამი იეჰოვას მოწმე და ერთი მამაკაცი, რომელიც მოწმეების რელიგიურ შეხვედრებს ესწრებოდა, დააპატიმრეს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადაუხდელობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილობრივ გადახდილი ჰქონდათ ჯარიმა, სამართალდამცავებმა მაინც დააკავეს ისინი 3-დან 20 დღემდე ვადით.

ზემოხსენებულმა მამაკაცმა, რომელიც მოწმეებთან ერთად ესწრებოდა რელიგიურ შეხვედრას, ასეთი რამ თქვა: „ჩემთვის 1 500 მანათი (1 433 აშშ დოლარი) საკმაოდ დიდი თანხაა ... რასაკვირველია, თავიდან უარზე ვიყავი, რომ ეს თანხა გადამეხადა, რადგან თავს უდანაშაულოდ ვთვლიდი“. დაპატიმრებული ორი იეჰოვას მოწმეც მსგავსად ფიქრობს, რომ უსამართლოდ დააპატიმრეს; მათი განცხადებით, სამართალდამცავები მათ ისე მოექცნენ, როგორც ბოროტმოქმედებს.

მესამე დაპატიმრებული ქალი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, აცხადებს: „არავინ მიიღო მხედველობაში ჩემი ოჯახის უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ის, რომ ავადმყოფ დედაზე მიწევს ზრუნვა, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. არც ის გაითვალისწინეს, რომ ნებაყოფლობით დავიწყე ჯარიმის გადახდა“.

ზემოხსენებული ოთხი ბრალდებულისგან, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი, სასამართლო კვლავ მოითხოვს ფულადი ჯარიმის ბოლომდე დაფარვას. თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ სასამართლოს მოთხოვნას და დროულად არ გადაიხდიან ჯარიმას, კვლავ დააპატიმრებენ.

აღასრულებს აზერბაიჯანის მთავრობა მართლმსაჯულებას?

აზერბაიჯანში მთავრობის წარმომადგენლები არაერთ მეთოდს მიმართავენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ იეჰოვას მოწმეებს რელიგიურ საქმიანობაში. ამჟამად იეჰოვას მოწმეებმა, რომელთა მიმართაც აზერბაიჯანში შეუწყნარებლობას ავლენენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ 19 საჩივარი შეიტანეს. მოწმეები იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანის სასამართლო ხელისუფლება შეცვლის ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას წინააღმდეგ უსამართლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუ აზერბაიჯანის მთავრობა ქვეყანაში აღმოფხვრის ამ და სხვა მსგავს უსამართლო ქმედებებს და წერტილს დაუსვამს რელიგიურ შეუწყნარებლობას, ამგვარად პატივისცემას გამოავლენს თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ, და დაიცავს ადამიანის ძირითად უფლებებს.

a 2014 წლის 11 აგვისტოს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების საქმეს განიხილავს, უფლება მისცა იეჰოვას მოწმეებს, ქვეყანაში შეეტანათ მათ მიერ გამოცემული ბროშურა „ასწავლეთ შვილებს“.

b 2014 წლის აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანში საშუალო თვიური ხელფასი 440 მანათს (420 აშშ დოლარი) შეადგენს.