არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 7 მარტი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის ხელისუფლება უსამართლოდ ეპყრობა დონგ-ჰიუკ შინს

სამხრეთ კორეის ხელისუფლება უსამართლოდ ეპყრობა დონგ-ჰიუკ შინს

სამხრეთ კორეის მთავრობა ასობით ახალგაზრდას აპატიმრებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. სასჯელს ის მამაკაცებიც ექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვისტთა აღრიცხვაზე ყოფნის დროს იღებენ გადაწყვეტილებას, სინდისის გამო მონაწილეობა არ მიიღონ რაიმე სახის სამხედრო სამსახურში.

სამხრეთ კორეაში მცხოვრები დონგ-ჰიუკ შინი გაწვევის მიღებისთანავე შეუდგა სამხედრო სამსახურის შესრულებას და 2005 წელს დაასრულა. კარგი რეკომენდაციის გამო იგი ავტომატურად ჩარიცხეს რეზერვისტთა სიაში. ეს იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო რვა წლის განმავლობაში იგი რეგულარულად უნდა გამოცხადებულიყო სამხედრო წვრთნებზე.

რეზერვისტთა სიაში ჩარიცხვიდან მალევე დონგ-ჰიუკ შინმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. იმის გაგებამ, რომ ბიბლია ყველას მშვიდობისკენ მოგვიწოდებს, მის სინდისზე იმდენად იმოქმედა, რომ უარი თქვა სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე. დონგ-ჰიუკ შინმა, როდესაც 2006 წლის მარტში სამხედრო წვრთნებზე გამოიძახეს, სამხედრო ოფიცრებს განუცხადა, რომ სინდისის გამო წვრთნაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

იზღუდება სინდისის თავისუფლება

სამხრეთ კორეა არ აღიარებს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ამჟამად 40-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს რეგულარულად უგზავნიან სამხედრო წვრთნაზე გამოძახების უწყებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სინდისის გამო უარს ამბობენ ნებისმიერ სამხედრო სამსახურზე.

სამხედრო პერსონალმა უგულებელყო დონგ-ჰიუკ შინის განაცხადი, რომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას სამხედრო წვრთნაში, და 2006 წლის განმავლობაში 30-ჯერ გამოიძახა წვრთნებზე. დონგ-ჰიუკ შინი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაშიც იღებდა გამოძახების უწყებებს. 2006 წლის მარტიდან მოყოლებული 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით ის 118-ჯერ გამოიძახეს სამხედრო წვრთნაზე. a იმის გამო, რომ დონგ-ჰიუკ შინი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა წვრთნებში მონაწილეობაზე, მის წინააღმდეგ 49-ჯერ აღძრეს საქმე. მას 69-ჯერ მოუწია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გამოცხადება და 35-ჯერ გამოუტანეს სასამართლო განაჩენი.

„იძულებული იყო, კანონი დაერღვია“

მოსამართლეებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ დონგ-ჰიუკ შინი ნამდვილად სინდისის გამო ამბობდა უარს წვრთნებში მონაწილეობაზე. 2014 წლის 7 ოქტომბერს ულსანის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამი იყო: „მას შემდეგ, რაც [დონგ-ჰიუკ შინი] იეჰოვას მოწმე გახდა, იძულებული იყო, კანონი დაერღვია, რადგან ვერ შეძლებდა სამხედრო მოვალეობაც შეესრულებინა და, ამავე დროს, საკუთარი სინდისისა და მრწამსის თანახმადაც მოქცეულიყო“.

მართალია, საოლქო სასამართლომ აღიარა, რომ დონგ-ჰიუკ შინი გამოუვალ მდგომარეობაში იყო, მაგრამ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულმა კანონმა სამხრეთ კორეის მოსამართლეებს სხვა არჩევანი არ დაუტავა. სასამართლოების მიერ დონგ-ჰიუკ შინისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმა 16 მილიონ ვონს (13 322 აშშ დოლარი) აღემატებოდა; მას ექვსჯერ მიუსაჯეს სულ მცირე ექვსთვიანი პატიმრობა, თუმცა ექვსივე სასჯელი პირობითი სასჯელით შეუცვალეს. ერთ შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დონგ-ჰიუკ შინს 200 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო უნდა შეესრულებინა.

დონგ-ჰიუკ შინი აღნიშნავს: „ძალიან დამწუხრებული ვიყავი და განვიცდიდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს გამოცდა არასოდეს დამთავრდებოდა. ჩემი ოჯახის წევრებიც ძალიან განიცდიდნენ იმას, რომ სასამართლოებში ხშირად მიწევდა სიარული. ვფიქრობ, ამ ცხრა წლის განმავლობაში დედაჩემიც ჩემსავით იტანჯებოდა; ამდენმა დარდმა მას ჯანმრთელობა სერიოზულად შეურყია. გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ განიცდიდა დედა ჩემს მდგომარეობას. ამ ყოველივემ ფინანსურადაც დამაზარალა. იმის გამო, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე არაერთხელ აღიძრა, ხშირად მიწევდა სასამართლოში გამოცხადება და სამუშაოს გაცდენა. საერთო ჯამში შვიდჯერ შევიცვალე სამსახური“.

ირღვევა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები

დონგ-ჰიუკ შინმა მის წინააღმდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის სხვადასხვა სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ. უზენაესმა სასამართლომ ოთხჯერ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი. ვინაიდან სამხრეთ კორეაში ვეღარაფერს გახდებოდა, დონგ-ჰიუკ შინმა 2016 წლის ივნისში საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართა. საჩივარში მან განაცხადა, რომ მრავალგზის გამოძახებით, სასამართლო პროცესითა და მსჯავრდებით სამხრეთ კორეამ დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. საჩივარში სამ მხარეზე იყო ყურადღება გამახვილებული:

  • იმ ადამიანების მრავალჯერ გამოძახება, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, და მათი მრავალგზის დასჯა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

  • სამხედრო წვრთნაზე მრავალჯერ გამოძახება და სისხლის სამართლებრივი დევნა იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებს იძულებით შეასრულებინოს სამხედრო სამსახური. სისხლის სამართლებრივმა დევნამ დონგ-ჰიუკ შინს ცხოვრება გაუმწარა. მან სინდისის გამო თქვა უარი სამხედრო სამსახურზე, რაც სასამართლომ დანაშაულებრივ ქმედებად შერაცხა. ეს დონგ-ჰიუკ შინისთვის ძალიან დამამცირებელი იყო.

  • დონგ-ჰიუკ შინმა სამხედრო სამსახურზე უარი თავისი მტკიცე რწმენის გამო თქვა. ამიტომ ის თვლის, რომ დარღვეულ იქნა მისი სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება.

შვების მოლოდინში

ვინაიდან ზემოხსენებულმა კომიტეტმა რამდენჯერმე გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც სამხრეთ კორეამ უნდა აღიაროს მათი უფლებები, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, დონგ-ჰიუკ შინი იმედს არ კარგავს, რომ მის საჩივარს დააკმაყოფილებენ. b იგი იმედოვნებს, რომ კომიტეტი ისეთ გადაწყვეტილებას მიღებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სამხედრო რეზერვისტების მდგომარეობა. დონგ-ჰიუკ შინი აღნიშნავს: „არ ვნანობ, ჩემი რელიგიური პრინციპებისა და სინდისის თანახმად რომ მოვიქეცი. ვთვლი, რომ უსამართლოდ მომექცნენ. იმედი მაქვს, სამხრეთ კორეის ხელისუფლება აღიარებს ადამიანის უფლებას, უარი თქვას ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მის სინდისს ეწინააღმდეგება“. მსგავსად ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში.

a დონგ-ჰიუკ შინი 2006 წელს სამხედრო წვრთნაზე 30-ჯერ გამოიძახეს, 2007 წელს — 35-ჯერ, 2008 წელს — 15-ჯერ, 2009 წელს — 9-ჯერ, 2010 წელს — 17-ჯერ და 2011 წელს — 12-ჯერ. 2012 და 2013 წლებში დონგ-ჰიუკ შინს რეზერვისტთა წვრთნებში მონაწილეობის ახალი უწყებები არ მიუღია, თუმცა მას მაინც უგზავნიდნენ იმ უწყებებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიუღია.

b გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ხუთჯერ მიიღო დადგენილება, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ დაარღვია საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით გათვალისწინებული „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“. ეს ხუთი დადგენილება შემდეგ საქმეებს ეხება: „იაო-ბემ ოუინი და მიუნგ-ძინ ჩოი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ №1321-1322/2004, (2006 წლის 3 ნოემბერი); „ეუ-მინ იუნგი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1593-1603/2007 (2010 წლის 23 მარტი); „მინ-კიუ ჩეონგი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1642-1741/2007 (2011 წლის 24 მარტი); „იონგ-ნამ კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1786/2008 (2012 წლის 25 ოქტომბერი); „იანგ-კუან კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №2179/2012 (2014 წლის 15 ოქტომბერი).