2022 წლის 26 აგვისტო
ავსტრალია
მიმდინარეობს მუშაობა ფილმზე „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“
ამა წლის 12 აგვისტოს დასრულდა ფილმის „იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით“ პირველი სერიის გადაღების პირველი ეტაპი. მალე გადაღების მეორე ეტაპიც დაიწყება, რომლის დასრულებაც წელს ოქტომბერში იგეგმება.
როგორც თქვენთვისაც ცნობილია, ძმებმა 20 მაისს დაიწყეს გადაღებები. თავიდან გადაღება, მეტწილად, სტუდიაში მიმდინარეობდა, რადგან ჯერ კიდევ ველოდებოდით გარკვეულ დოკუმენტაციას გარე გადაღებების დასაწყებად. 15 ივლისისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო. ავსტრალაზიის ფილიალის საპროექტო-სამშენებლო განყოფილებამ ყველაფერი მოამზადა, რომ რეგიონულ გადამღებ ჯგუფს გარე გადაღებები დაეწყო. გადამღები ჯგუფისა და გადაღებებისთვის განკუთვნილი შენობები უკვე მათ განკარგულებაში იყო.
ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან 500-ზე მეტი მოხალისე მუშაობდა შენობების აგებასა და მათთვის ისტორიული იერსახის მიცემაზე, რომელთა ფართობიც დაახლოებით 7 000 მ2-ზე მეტს შეადგენდა. სამშენებლო კომიტეტის კოორდინატორმა, ძმა რასელ გრიგორშევიჩმა, აღნიშნა: „ბევრ სირთულეს შევხვდით, თუმცა იეჰოვას ხელსაც აშკარად ვგრძნობდით. ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველაფერი იეჰოვას სულმა წარმართა“.
სასწავლო კომიტეტის დამხმარე, ძმა რონალდ კერზენი, პირადად ესწრებოდა ხოლმე გადაღებების პირველ ეტაპს. ის აღნიშნავს: „მშენებლობაზე და ფილიალში მომუშავე და-ძმების თანამშრომლობის დანახვა ძალიან სასიამოვნო იყო. გვიხარია, რომ ამდენი წლის შრომა დაფასდა და გადაღება დაიწყო. ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრები და-ძმების მხარდაჭერა გულს გვითბობს. ეჭვი არ გვეპარება, რომ იესოს ცხოვრებისა და ქადაგების ამსახველი ეს 18-სერიანი ფილმი მსოფლიო მასშტაბით ბევრს არ დატოვებს გულგრილს“.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა, რომელიც გადაღების ბოლო ეტაპზე ავსტრალაზიაში იმყოფებოდა, აღნიშნა: „აშკარაა, იეჰოვა უჭერს მხარს ამ პროექტს. მადლიერები ვართ იეჰოვასი და ყველა იმ მძიმედ მშრომელი და-ძმის, რომლებიც გადასაღები მოედნის მომზადებასა და უშუალოდ გადაღების პროცესში იღებენ მონაწილეობას. ვლოცულობთ, რომ ეს ფილმი ბევრს დაეხმაროს, კიდევ უფრო უკეთ მიჰყვეს იესოს ნაკვალევს და მეტად დაუახლოვდეს იეჰოვას“.
ისტორიული ნაგებობების შესასვლელი
ისტორიული ქალაქის ნაწილი (ზედხედი)
ფარეხი
მოედანი
სამთავრობო ნაგებობები