არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 22 აგვისტო
ავსტრია

ავსტრიაში პატივი მიაგეს 31 იეჰოვას მოწმეს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ

ავსტრიაში პატივი მიაგეს 31 იეჰოვას მოწმეს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ

ტეხელსბერგის მერი იოჰან კობანი (ცენტრში), პიტერ სტოკერი (მარჯვნივ) და კარინტიას გუბერნატორი პიტერ კაიზერი (მარცხნივ) ხსნიან მემორიალურ დაფას

ზელტერსი, გერმანია — 2017 წლის 19 მაისს ტეხელსბერგში (ავსტრია) გაიმართა ცერემონიალი იმ იეჰოვას მოწმეების პატივსაცემად, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ, ომის მსხვერპლთა მემორიალში დაკარგულ ადამიანებს შორის იყვნენ მოხსენიებული. ცერემონიალის დროს გაიხსნა მემორიალური დაფა იმ 31 მოწმის პატივსაცემად, რომლებიც ტეხელსბერგსა და მის შემოგარენში ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ.

პროგრამა გაიხსნა სიმღერით „წინ, მოწმეებო!“, რომელიც 60-მა ვოკალისტმა აკაპელაში შეასრულა. ამ სიმღერას მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური შეხვედრების დროს მღერიან ხოლმე. მისი ავტორია ერიხ ფროსტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა დააპატიმრეს და ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვეს. მუსიკალური შესავლის შემდეგ მოწვეულმა მომხსენებლებმა იოჰან კობანმა (ქალაქ ტეხელსბერგის მერი), პიტერ სტოკერმა (ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლის, გრეგორ ვოლფარტ უფროსის, შვილიშვილი), პიტერ კაიზერმა (მთავრობის წარმომადგენელი) და პროფესორებმა პიტერ გსტეტნერმა და ფინცეც ჯობსტმა დაახლოებით 350 დამსწრეს მიმართეს სიტყვით. ეს ცერემონიალი გაშუქდა ავსტრიის ტელე და რადიომაუწყებლობის (ORF 2 და ORF Kärnten), აგრეთვე სხვა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

პროფესორი პიტერ გსტეტნერი აუდიტორიას მიმართავს

მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრიაში 550 იეჰოვას მოწმიდან 212 საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მათ უსამართლოდ მიიჩნევდნენ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის მტრებად. ამის მიზეზი ის იყო, რომ ისინი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და ომს მხარს არ უჭერდნენ. საკონცენტრაციო ბანაკებში იეჰოვას მოწმეებს აიძულებდნენ, იისფერი სამკუთხედები დაემაგრებინათ ტანისამოსზე, რათა ისინი ადვილად ამოეცნოთ. საერთო ჯამში 154 ავსტრიელი იეჰოვას მოწმე ემსხვერპლა ჰოლოკოსტს.

მემორიალური დაფის გახსნამდე 5 ტეხელსბერგელი იეჰოვას მოწმე: იოჰან სტოსირი, ანტონ ურანი, გრეგორ ვოლფარტი უფროსი, გრეგორ ვოლფარტი უმცროსი და ვილიბალდ ვოლფარტი, რომლებიც ნაცისტებმა დახოცეს, ომის მსხვერპლთა მემორიალში დაკარგულ ადამიანებს შორის იყვნენ მოხსენიებული. პროფესორმა გსტეტნერმა ისაუბრა მემორიალური დაფის მნიშვნელობაზე: „ეს დაფა ისტორიულ ჭეშმარიტებას ააშკარავებს. ამ ადამიანებმა საოცარი სიმამაცითა და თავიანთი მრწამსისადმი ურყევი ერთგულებით დაამტკიცეს, რომ არაადამიანური პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ წასვლა მორალურად გამართლებულია. დიახ, მათ გაიმარჯვეს!“.

ტეხელსბერგში 31 იეჰოვას მოწმის საპატივცემულოდ გახსნილი მემორიალური დაფა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ზოგი მათგანი მოკლეს, ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც სხვა სახით ემსხვერპლა ნაცისტურ რეჟიმს. დაფაზე ციტირებულია ნაწყვეტი ფრანც ვოლფარტის (იხილეთ ჩარჩო ქვემოთ) ლექსიდან და ჩამოთვლილია ხუთი ტეხელსბერგელი მოწმის სახელი, რომლებიც ომის მსხვერპლთა მემორიალში დაკარგულ ადამიანებს შორის იყვნენ მოხსენიებული

ავსტრიაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა იოჰან ციმერმანმა აღნიშნა: „ძალიან ვაფასებთ მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება იმ გაბედულ და ძლიერი რწმენის მქონე იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სასტიკი დევნების მიუხედავად, ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველასთვის კარგი შეხსენება იქნება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფს ქვეყნის მტრებად რაცხავენ“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ავსტრია: იოჰან ციმერმანი, ტელ. +43-1-804-53-45

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49-6483-41-3110