არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 24 დეკემბერი
აზერბაიჯანი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მხარს უჭერს აღმსარებლობის თავისუფლებას აზერბაიჯანში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მხარს უჭერს აღმსარებლობის თავისუფლებას აზერბაიჯანში

2020 წლის ნოემბერსა და ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ შემდეგ საქმეებზე: „გრიდნევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, „შეველი და შენგელაია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, „ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და „ტაგიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები განამტკიცებს აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი და-ძმების იურიდიულ უფლებებს, რაც გულისხმობს ქადაგების, თაყვანისცემის მიზნით შეკრების და ქვეყანაში ლიტერატურის შეტანის უფლებებს.

ზემოაღნიშნულ საქმეებზე სარჩელი სასამართლოში 2011 და 2012 წლებში იქნა შეტანილი. საქმეებში — „გრიდნევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და „შეველი და შენგელაია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ — მოხსენიებული იყო ინციდენტები, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა დაარბიეს კრების შეხვედრები და ხელი შეუშალეს სამქადაგებლო საქმიანობას; ხოლო საქმეებში — „ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და „ტაგიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ — მოხსენიებული იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ ჩვენს ძმებს ქვეყანაში რამდენიმე პუბლიკაციის შეტანის უფლება არ მისცა ან შეზღუდა მათი შეტანა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოთხი საქმიდან სამის შემთხვევაში („გრიდნევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, „ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და „ტაგიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“) აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ დაირღვა მოწმეების უფლებები და თანხმობა განაცხადა 10 500 ევროს ოდენობით (12 880 აშშ დოლარი) კომპენსაციის გადახდაზე.

საქმე „შეველი და შენგელაია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ უკავშირდებოდა წყვილს, რომელიც მიმოსვლითი საქმიანობის დროს უკანონოდ დააკავეს და ქვეყანა დაატოვებინეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით მათთვის 3 000 ევროს (3 680 აშშ დოლარი) გადახდა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „[წყვილისთვის] სანქციის დაწესება, ლოცვის ან რელიგიური შეხედულების სხვა მხრივ გამოხატვის გამო, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. სახელმწიფოს ამგვარი ქმედება ვერ ჩაითვლება კანონიერად, რადგან ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო კრძალავს იმ რელიგიური უმცირესობების არსებობას, რომლებიც არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებულნი და თავად უდგენს ადამიანს, რა იწამოს“.

ბოლო წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო მეტად იცავენ იეჰოვას მოწმეების უფლებებს და მათ სასარგებლოდ მოქმედებენ. გვიხარია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ჩვენი და-ძმების რელიგიური თავისუფლების უფლებას. რა თქმა უნდა, ამ წყალობისთვის იეჰოვას ვემადლიერებით, რომელიც არის „ჩვენი თავშესაფარი და ძალა“ (ფსალმუნი 46:1).