არჩეულ მასალაზე გადასვლა

2010 წელს აზერბაიჯანში დაკავებული ჩვენი და-ძმებიდან ზოგიერთი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულ იქნა მათი რელიგიური თავისუფლების უფლება.

2020 წლის 27 თებერვალი
აზერბაიჯანი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანში მცხოვრები და-ძმების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანში მცხოვრები და-ძმების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იეჰოვას მოწმეებმა მოიგეს ორი საქმე, რომლებიც ეხებოდა აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების რელიგიურ თავისუფლებას. იმედი გვაქვს, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა და-ძმებმა უფრო მეტად ისარგებლონ რელიგიური თავისუფლების უფლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

2020 წლის 20 თებერვალს სასამართლომ განიხილა ორი საქმე: პირველი, „ნაზიროვი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, რომელიც 2010 წლიდან იყო შეჩერებული და მეორე, „იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, რომელიც შეჩერებული იყო 2009 წლიდან. ნაზიროვის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-9 მუხლები (ადამიანის თავისუფლება და რელიგიური უფლება), ვინაიდან 2010 წელს სამართალდამცავები აკავებდნენ, სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობდნენ და აჯარიმებდნენ იეჰოვას მოწმეებს იმის გამო, რომ ისინი თავიანთ რწმენას სხვებს უზიარებდნენ. სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას თითოეული იეჰოვას მოწმისთვის 3 000 ევროს გადახდა დააკისრა (მთლიანობაში 21 000 ევრო). საქმეზე „იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლი (აზრის გამოხატვის უფლება), ვინაიდან იეჰოვას მოწმეებს უკრძალავდნენ ზოგიერთი პუბლიკაციის ქვეყანაში შეტანას და გავრცელებას.

აღნიშნულ სასამართლო საქმეებზე მომუშავე ერთ-ერთი იურისტი, ჯეისონ უაიზი ამბობს: „წლების განმავლობაში აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურის შეტანა და გავრცელება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართეთ სასამართლოს. უფრო მეტიც, ჩვენ გვიწევდა სასამართლოებში იმ და-ძმების უფლებებისთვის ბრძოლა, რომელთაც თავიანთი რწმენის შესახებ სხვებთან საუბრის გამო აპატიმრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ამ ორ საქმეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის. საქმეზე „იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა არ აღვივებს რელიგიურ შუღლს და არც რაიმე საზიანო გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ნაზიროვის საქმეზე სასამართლომ დაადასტურა, რომ იეჰოვას მოწმეებს აქვთ უფლება, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში რელიგიური ლიტერატურა შესთავაზონ მათ, ვინც არ არიან იეჰოვას მოწმეები. გვიხარია, რომ სასამართლომ დაიცვა ადამიანის აზრისა და რელიგიის თავისუფლების უფლება აზერბაიჯანში“.

ძმა ფამილ ნაზიროვი თავის გრძნობებს ასე გამოხატავს: „ადრე ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებოდით. ხშირი იყო შემთხვევები, როცა პოლიციის თანამშრომლები აკავებდნენ ჩვენს და-ძმებს, გადაჰყავდათ განყოფილებაში და 4-5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მათი დაკითხვები. მაგრამ იეჰოვას დახმარებით და ჩვენი ძვირფასი ძმების დაუღალავი შრომის შედეგად ასეთი რამ აღარ ხდება; დღეს უფრო თავისუფლად შეგვიძლია ვიქადაგოთ“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებამდე აზერბაიჯანში ჩვენი და-ძმები უკვე სარგებლობდნენ გარკვეული თავისუფლებით. ხელისუფლება ნებას რთავდა ჩვენს ძმებს, ქვეყანაში შემოეტანათ და გაევრცელებინათ ლიტერატურა. 2017 წლიდან არცერთი ჩვენი და-ძმა აღარ დაუჯარიმებიათ შეხვედრებზე დასწრების გამო. ამჟამად შეხვედრები ტარდება ბაქოში არსებულ სამ სამეფო დარბაზში და ჩვენი თანაქრისტიანების სახლებში აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. 2015 წლიდან სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც განიხილავს რელიგიური ორგანიზაციების საქმეს და აზერბაიჯანში არსებული რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციასა და რეგულაციებზე პასუხისმგებელმა სამთავრობო სააგენტომ უფლება მისცეს იეჰოვას მოწმეებს, ჩაეტარებინათ ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო და კონგრესები და ამისთვის ექირავებინათ შენობები.

ვემადლიერებით იეჰოვას ამ შესანიშნავი გადაწყვეტილებებისთვის და იმისთვის, რომ მხარში უდგას აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს (ფსალმუნი 98:1).