2020 წლის 29 სექტემბერი
აზერბაიჯანი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორი გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ
2020 წლის 24 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ორი გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. პირველი გადაწყვეტილება ეხებოდა საქმეს, „ვალიევი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, მეორე კი — საქმეს, „იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა და-ძმებმა უფრო მეტად ისარგებლონ რელიგიური თავისუფლების უფლებით.
ორივე საქმესთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, სადაც აღიარებდა, რომ ადგილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული უფლებების დარღვევის ფაქტებს. ხელისუფლებამ აგრეთვე თანხმობა განაცხადა, რომ იეჰოვას მოწმეებს გადაუხდიდა ფულად კომპენსაციას 19 000 ევროს (22 146 აშშ დოლარი) ოდენობით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლების ამგვარ მიდგომებს.
იეჰოვას მოწმეებმა 2011 წელს შეიტანეს სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე, „ვალიევი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, რომელიც ეხებოდა ქალაქ განჯაში მცხოვრებ მოწმეებს. წლების განმავლობაში განჯის უფლებამოსილი პირები უარს აცხადებდნენ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარებაზე. შედეგად, სამართალდამცავები ხშირად იჭრებოდნენ მოწმეების მშვიდობიან შეხვედრებზე, აპატიმრებდნენ იქ დამსწრეებს და ზოგ მათგანს დიდი ოდენობით ჯარიმებს აკისრებდნენ. ერთ ძმას არაერთხელ წაუყენეს ბრალი და დააჯარიმეს. მთლიანობაში მას 9 450 აზერბაიჯანული მანათის (იმ დროს არსებული კურსით 11 375 აშშ დოლარი) გადახდა მოუწია. ზოგიერთი და-ძმა დააპატიმრეს კიდეც იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ძალიან დიდი ჯარიმების გადახდა.
ძმებმა 2013 წელს კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე, „იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რაოდენობრივი შეზღუდვა დააწესა ქვეყანაში ლიტერატურის შეტანაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იძლევა იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების უფლებას ქალაქ განჯაში, საერთო ჯამში, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეები პატარა ჯგუფებად იკრიბებიან სახლებში და აღარც სამართალდამცავების მხრიდან აქვს დარბევის ფაქტებს ადგილი. მართალია, ქვეყანაში შეტანამდე მთავრობა ამოწმებს ლიტერატურას, მაგრამ, ხელისუფლების ნებართვით, ჩვენ ძმებს ახლა უკვე შეუძლიათ საკმარისი რაოდენობის ლიტერატურის შეტანა.
ძმა კირილ სტეფანოვი, რომელიც აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეების საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს, აღნიშნავს: „ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დააჩქარებს იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების პროცესს განჯასა თუ აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში. იმედია, მთავრობა მალე გააუქმებს ჩვენი ლიტერატურის შემოწმების პროცედურასაც“.
ჩვენ აშკარად ვგრძნობთ იეჰოვას მხარდაჭერას. იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ღვთის ხალხის „წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული“ (ესაია 54:17).