არჩეულ მასალაზე გადასვლა

სეიმურ მამადოვი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება სინდისის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

2022 წლის 20 ოქტომბერი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპატიმრებს სეიმურ მამადოვს

აზერბაიჯანი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპატიმრებს სეიმურ მამადოვს

ამა წლის 22 სექტემბერს გორანბოის რაიონულმა სასამართლომ (აზერბაიჯანი) სინდისის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ცხრათვიანი პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის სეიმურ მამადოვს. სეიმური განაჩენის გამოცხადებისთანავე გადაიყვანეს საპატიმროში. ამ სასჯელით აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორი გადაწყვეტილება.

2019 წლიდან მოყოლებული ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ საქმეზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (მამედოვი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მეხტიევი და აბილოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ). ორივე გადაწყვეტილება მხარს უჭერდა იეჰოვას მოწმეების უფლებას, უარი ეთქვათ სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის საფუძველზე.

ორივე შემთხვევაში აზერბაიჯანმა აღიარა, რომ დაარღვია იეჰოვას მოწმეთა უფლებები და გამოთქვა მზაობა, რომ კომპენსაციის სახის აუნაზღაურებდა მათ როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ზიანს. თუმცა სეიმურ მამადოვის დაპატიმრება აშკარად მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს თავის ვალდებულებას.

სეიმურ მამადოვი პირველად ამა წლის 4 მაისს გამოიძახეს გორანბოის მობილიზაციისა და სამხედრო გაწვევის სახელმწიფო სამსახურში. მან უფლებამოსილ პირებს აუხსნა, რომ სინდისი არ აძლევდა უფლებას, გაევლო სამხედრო სამსახური და სთხოვა, მის ნაცვლად ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების უფლება მიეცათ. თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა, სეიმურ მამადოვმა მტკიცედ დაიცვა თავისი პოზიცია.

ამჟამად სეიმური დაკავებულია და ქალაქ განჯაში იმყოფება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სეიმური პოზიტიურ განწყობას არ კარგავს. მას იმის შესაძლებლობაც კი მიეცა, რომ თითქმის 30 თანამესაკნესთან თავის რწმენაზე ესაუბრა. როგორც სეიმური ამბობს, ზოგი მათგანი დაინტერესდა კიდეც ბიბლიური ჭეშმარიტებით.

სეიმურის ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, განჯის სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და სეიმურს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა კვლავ მხარს დაუჭერს სეიმურს ამ რთულ პერიოდში (ესაია 43:2).