არჩეულ მასალაზე გადასვლა

ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა ბაქოში

2017 წლის 11 დეკემბერი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სასამართლო ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას კომპენსაციას უხდის

აზერბაიჯანის სასამართლო ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას კომპენსაციას უხდის

2017 წლის 4 აგვისტოს საოლქო სასამართლომ ბაქოში (აზერბაიჯანი) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორ იეჰოვას მოწმეს, ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას, აუნაზღაურდეს 11-თვიანი უსამართლო პატიმრობის გამო მიყენებული ზიანი. მართალია, მათთვის დადგენილი ფულადი კომპენსაცია უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რის ატანაც მათ მოუწიათ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ირინა და ვალიდა, ემოციური და ფიზიკური ზიანი მიაყენა მათ და რეპუტაცია შეულახა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და კომპენსაციის მოთხოვნა

2017 წლის 8 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას მოუხსნა ბრალდება სახელმწიფო ნებართვის გარეშე რელიგიური ლიტერატურის გავრცელების თაობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ბროშურის „ასწავლეთ შვილებს“ ქვეყანაში შემოტანა ნებადართული იყო და ის საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მოწმეებს სრული უფლება ჰქონდათ, სხვებისთვის საკუთარი მრწამსი გაეზიარებინათ. უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმ უფლებებზე დაყრდნობით მიიღო, რომლებიც აზერბაიჯანის კონსტიტუციითა და ამ ქვეყნის მთავრობის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით არის დაცული.

უზენაესმა სასამართლომ კომპენსაციის გადახდის საკითხი სამოქალაქო სასამართლოებს მიანდო. შედეგად, ირინა ზახარჩენკომ და ვალიდა ჯაბრაილოვამ საჩივარი შეიტანეს ბაქოში ნასიმის საოლქო სასამართლოში და ფინანსთა სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს იმ უსამართლო მოპყრობის გამო, რომლის ატანაც მათ სახელმწიფოს უშიშროების სამსახურისგან და მისი წინამორბედისგან, ეროვნული უშიშროების სამინისტროსგან მოუწიათ. სასამართლო პროცესს ორივე იეჰოვას მოწმე დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ ირინა ზახარჩენკო თავს შეუძლოდ გრძნობდა. მოსამართლე შაჰინ აბდულაევმა უფლება მისცა მათ, მოკლედ მოეყოლათ, რის ატანა მოუწიათ პატიმრობისას.

საოლქო სასამართლო აღიარებს, რომ იეჰოვას მოწმეებს უსამართლოდ მოექცნენ

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწმეების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აზერბაიჯანი ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები. ირინა ზახარჩენკოს, რომელსაც პატიმრობის გამო ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, კომპენსაციის სახით 9 744 მანათი (5 737 აშშ დოლარი) გადაუხადეს, ხოლო ვალიდა ჯაბრაილოვას — 8 200 მანათი (4 828 აშშ დოლარი). გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ „მოსარჩელეები უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებული და უსაფუძვლოდ გახდნენ სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი, რამაც მათ მორალური ზიანი მიაყენა“.

ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა კომპენსაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. 2017 წლის 20 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ბაქოში არ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს საჩივარი და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

შეცვლის უკეთესობისკენ მდგომარეობას სასამართლოს გადაწყვეტილებები?

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში აგრძელებენ თავიანთ რელიგიურ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი რელიგიის თავისუფლების უფლება ირღვევა და მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. თაყვანისცემისთვის განკუთვნილი რელიგიური შეხვედრებისა და მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობის გამო იეჰოვას მოწმეებს აზერბაიჯანში კვლავაც აჯარიმებენ და უსამართლოდ ექცევიან. აზერბაიჯანის მთავრობას დღემდე არ დაუნერგავს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა მათთვის, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ხელისუფლებამ გააუქმა იეჰოვას მოწმეების რეგისტრაცია ბაქოს საზღვრებს გარეთ. ამჟამად იეჰოვას მოწმეებს, რომლებსაც აზერბაიჯანის მთავრობა უსამართლოდ ექცევა, 18 საჩივარი აქვთ შეტანილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გარდა ამისა, მათ 11 საჩივრით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ ბოლო დროს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები უფლებამოსილ პირებს აღძრავს, პატივი სცენ მათი თანამორწმუნეების უფლებებს აზერბაიჯანში.