არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 28 მაისი
აზერბაიჯანი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იცავს იეჰოვას მოწმეთა უფლებას რელიგიური შეხვედრების ჩატარების თაობაზე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იცავს იეჰოვას მოწმეთა უფლებას რელიგიური შეხვედრების ჩატარების თაობაზე

2021 წლის 26 აპრილს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქმეზე „აზიზ ალიევი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. ეს არის კომიტეტის მიერ მიღებული მესამე გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ, რომელიც მხარს უჭერს მათ უფლებას მშვიდობიან თაყვანისცემასთან დაკავშირებით.

აღნიშნული საქმე ეხება უკანონო ჩხრეკას, რომელიც პოლიციამ ალიაბადის დასახლებაში (ზაქათალის რაიონი) მოაწყო. 2013 წლის 21 სექტემბერს პოლიციის ოფიცრები შეიჭრნენ ძმა აზიზ ალიევის სახლში, სადაც რამდენიმე იეჰოვას მოწმე კრების შეხვედრის ჩასატარებლად შეკრებილიყო. ოფიცრებმა გაჩხრიკეს სახლი, დაემუქრნენ იქ მყოფ და-ძმებს და მოახდინეს მათი კუთვნილი ლიტერატურის, იურიდიული და სამედიცინო დოკუმენტებისა და თანხის კონფისკაცია. შემდეგ ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. გზაში და ჰავა აზიზოვას ეპილეფსიური შეტევა დაემართა და გონება დაკარგა. პოლიციელები იძულებული გახდნენ, რომ ის საავადმყოფოში წაეყვანათ. როგორც კი და ჰავას გონება დაუბრუნდა, მაშინვე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად.

მოგვიანებით ზაქათალის რაიონულმა სასამართლომ ამ და-ძმების უმეტესობას ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა 1 500 აზერბაიჯანული მანათის (1 716 აშშ დოლარი იმ დროისთვის) ოდენობით. შაქის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო განაჩენი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა და-ძმებმა ამაოდ მიმართეს ყველა სათანადო უწყებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათ განცხადება შეიტანეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში.

კომიტეტმა დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ჩვენი ძმების რელიგიური თავისუფლების უფლება და, რომ ადგილი ჰქონდა თავისუფლების თვითნებურად აღკვეთის ფაქტს. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეები სამართალდამცავებისა და პოლიციის ოფიცრების მხრიდან უსამართლო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი „დაპატიმრებით ემუქრებოდნენ მათ და უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ზოგიერთ მათგანს, აუგად იხსენიებდნენ მათ რელიგიას და არ აკონკრეტებდნენ, თუ რა ზიანის მიყენება შეეძლო მათ რელიგიურ მსახურებასა და ლიტერატურას საზოგადოებისთვის“. საბოლოოდ, აზერბაიჯანს დაეკისრა, რომ კომპენსაცია გადაეხადა ჩვენი ძმებისთვის და გადაედგა ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აერიდებინა მსგავსი კანონდარღვევის ფაქტები სამომავლოდ, რაშიც ადგილობრივი კანონმდებლობის გადახედვაც შედიოდა.

გვიხარია, რომ ამ ბოლო წლებში აზერბაიჯანში მცხოვრებ და-ძმებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ შეკრება და თაყვანისცემა. ვემადლიერებით ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, რომ თანამედროვე სასამართლო პროცესების მეშვეობითაც არის შესაძლებელი ჭეშმარიტების კანონით დაცვა (ფილიპელები 1:7).