2021 წლის 5 იანვარი
აზერბაიჯანი
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეებს აზერბაიჯანში
2020 წლის 15 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. გადაწყვეტილებები ეხებოდა შემდეგ ორ საქმეს: „რაჰიმა ჰუსეინოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და „სალადინ მამადოვი, რაშად ნიფტალიევი და სადაგათ აბასოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. ორივე საქმესთან დაკავშირებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია იეჰოვას მოწმეთა უფლებები და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოსთხოვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას არიდებული მსგავსი კანონდარღვევები.
საქმე „რაჰიმა ჰუსეინოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ ეხებოდა შემთხვევას, როცა 2014 წლის დეკემბერში სამართალდამცავებმა დააკავეს და რაჰიმა ჰუსეინოვა იმის გამო, რომ ის სხვებს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს უზიარებდა. მოგვიანებით რაიონულმა სასამართლომ მას 1 500 აზერბაიჯანული მანათის (882 აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა ჯარიმის სახით, ვინაიდან იმ დროს იეჰოვას მოწმეების რელიგია არ იყო რეგისტრირებული ბაქოში. a გასაჩივრების დროს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება. და რაჰიმამ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საქმე საერთაშორისო სასამართლოში გაესაჩივრებინა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილებით სახელმწიფომ დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 (1) მუხლი. კომიტეტმა აზერბაიჯანს დაზარალებული მხარისთვის შესაბამისი რაოდენობის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. გარდა ამისა, გამოქვეყნებულ დასკვნაში კომიტეტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აგრეთვე „ვალდებულია, გადადგას ყველა სათანადო ნაბიჯი, რაც საჭიროა მსგავსი კანონდარღვევების თავიდან ასარიდებლად; ამაში შედის ქვეყნის კანონმდებლობის, რეგულაციების და/ან პრაქტიკის გადასინჯვა იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს [სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის] მე-18 მუხლის სრულად დაცვა.
საქმე „სალადინ მამადოვი, რაშად ნიფტალიევი და სადაგათ აბასოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ უკავშირდება შემთხვევას, როცა ქალაქ განჯაში, ძმა სალადინ მამადოვის სახლში და-ძმების პატარა ჯგუფი იყო შეკრებილი ბიბლიის შესასწავლად. 2014 წლის ოქტომბერში პოლიციელებმა გაჩხრიკეს ძმა სალადინის სახლი და შეკრებილი ჯგუფი; მოახდინეს ბიბლიებისა და სხვა ნივთების კონფისკაცია. მათ დააკავეს ძმები სალადინ მამადოვი და რაშად ნიფტალიევი, აგრეთვე და სადაგატ აბასოვა. ისინი გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მათ ექვსი საათი მოუწიათ ყოფნა. ორი დღის შემდეგ ისინი დაიბარეს ქალაქ განჯაში მდებარე ნიზამის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც შეხვედრა, რომელზეც ისინი ესწრებოდნენ უკანონო იყო, რადგან მისი მონაწილეები იმ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც არ იყო რეგისტრირებული განჯაში. სასამართლომ იმ სამი და-ძმიდან თითოეულს 2 000 აზერბაიჯანული მანათის (1 176 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. და-ძმებმა აღნიშნულ საქმეზე საჩივარი შეიტანეს განჯის სააპელაციო სასამართლოში. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ კი მათ საჩივრით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
კომიტეტმა დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის არაერთი მუხლი და რომ მან კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ზემოხსენებულ სამ იეჰოვას მოწმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტის გამოქვეყნებულ დასკვნაში შემდეგი რამ ეწერა: „რაიონულ სასამართლოს არანაირად არ დაუსაბუთებია, თუ რა საჭირო იყო იეჰოვას მოწმეების რელიგიის რეგისტრაცია იმისათვის, რომ რამდენიმე მათგანი კერძო სახლში შეკრებილიყო“. აღნიშნული დასკვნიდან გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს უფლება აქვთ, შეიკრიბონ თაყვანისცემის მიზნით მაშინაც კი, თუ მათი რელიგია რეგისტრირებული არ არის.
კომიტეტმა ამ შემთხვევაშიც მოსთხოვა აზერბაიჯანს „კანონმდებლობის, რეგულაციების და/ან პრაქტიკის“ გადასინჯვა იმისათვის, რომ დაცულ იქნეს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მიერ გათვალისწინებული უფლებები.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში აზერბაიჯანში მდგომარეობა გაუმჯობესდა და აღარც უფლებამოსილი პირები არღვევენ ჩვენი თანაქრისტიანების რელიგიის თავისუფლების უფლებას. ვიმედოვნებთ, რომ ზემოაღნიშნული ორი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სასიხარულო ცნობის კანონით დაცვასა და განმტკიცებას აზერბაიჯანში (ფილიპელები 1:7).
a 2018 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის მთავრობამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია რელიგიურ გაერთიანებად ცნო ბაქოში.