არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 4 თებერვალი
აზერბაიჯანი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მხარს უჭერს ოთხი აზერბაიჯანელი დის რწმენის გამოხატვის თავისუფლებას

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მხარს უჭერს ოთხი აზერბაიჯანელი დის რწმენის გამოხატვის თავისუფლებას

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ორი დადგენილება გამოსცა, რომლითაც მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეთა რწმენის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ორივე საქმე ეხებოდა დებს, რომლებიც აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა სხვებთან ბიბლიურ თემებზე საუბრის გამო დააკავეს.

2021 წლის 5 ნოემბერს კომიტეტმა მხარი დაუჭირა მათანათ გურბანოვასა და საადათ მურადჰასილოვას ქადაგების უფლებას. ეს დები ანონიმური საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს, რომელიც პოლიციამ 2014 წლის ნოემბერში მიიღო. ორივე დას ფულადი ჯარიმა დააკისრეს 1 500 აზერბაიჯანული მანათის (880$) ოდენობით. კომიტეტმა დაადგინა, რომ ეს იყო უკანონო დაპატიმრება და მოითხოვა, აზერბაიჯანს მომავალში თავიდან აერიდებინა მსგავსი კანონდარღვევა.

მათანათი და საადათი, რომლებიც დები არიან, აღნიშნავენ: „პოლიციელებსა და მოსამართლეს ჩვენი დაშინება სურდათ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ შემთხვევამ რწმენა ერთიორად გაგვიძლიერა. იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მისი ხელი არ დამოკლებულა და მან კარგად იცის, როდის და როგორ დაიცვას თავისი მსახურები“.

2021 წლის 21 დეკემბერს კომიტეტმა კიდევ ერთი მსგავსი დადგენილება გამოსცა ჯეირან აზიზოვასა და გულნაზ ისრაფილოვას საქმეზე. ისინი აზერბაიჯანელმა პოლიციელებმა იმის გამო დააპატიმრეს, რომ „სხვაგან ეწეოდნენ რელიგიურ მსახურებას და არა თავიანთი ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე“. ეს ქმედება კომიტეტმა უკანონოდ მიიჩნია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დების მხრიდან თავიანთ რწმენაზე საუბარი არ იყო კანონდარღვევა.

2016 წელს ჯეირანი და გულნაზი მეგობრებს სტუმრობდნენ გორანბოის რაიონში, სადაც ხალხს ბიბლიური ცნობა გაუზიარეს. ერთმა ადგილობრივმა სახელმწიფო მოხელემ ამის შესახებ პოლიციას აცნობა, რის შემდეგაც დები დააკავეს. სასამართლომ დებს ჯაშუშობა დასდო ბრალად და 2 000 აზერბაიჯანული მანათის (1 176$) ოდენობით ფულადი ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. ამის შემდეგ დებმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.

ასეთი დადგენილებები ხელს გვიწყობს, თავისუფლად შევასრულოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. ვხარობთ ჩვენს დებთან ერთად, რომლებიც გაბედულად ქადაგების ასეთ კარგ მაგალითს გვაძლევენ (მათე 10:18).