არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 18 თებერვალი
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მთავრობამ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა დამნაშავეებად ცნო და ციხიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის მთავრობამ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა დამნაშავეებად ცნო და ციხიდან გაათავისუფლა

2016 წლის 28 იანვარს პირალაჰის (ბაქო) რაიონული სასამართლოს წინაშე მტკიცედ და გაბედულად იდგნენ ძალაგამოცლილი და დაუძლურებული ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა. ისინი სხდომის დარბაზის გისოსებიან კაბინაში საშიში დამნაშავეებივით იყვნენ გამომწყვდეული და მოსამართლე ეკრამ გეჰრემანოვის განაჩენს ისმენდნენ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავეებად ცნო იმ მიზეზით, რომ ისინი რელიგიურ ლიტერატურას შესაბამისი ნებართვის გარეშე ავრცელებდნენ და თითოეულს ფულადი ჯარიმა, 7 000 მანათი (4 361 ამერიკული დოლარი) დააკისრა. მაგრამ იმის გამო, რომ ისინი თერთმეტი თვე იმყოფებოდნენ პატიმრობაში, მოსამართლემ ორივე მათგანს გაუუქმა დაკისრებული ჯარიმა და ციხიდან გაათავისუფლა.

უსამართლოდ დაპატიმრებულები

აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები უსაფუძვლოდ აცხადებდნენ, რომ ორმა იეჰოვას მოწმემ, ირინა ზახარჩენკომ და ვალიდა ჯაბრაილოვამ, დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც ბაქოში, თავიანთ სამეზობლოში, ერთ ქალს ბიბლიაზე დაფუძნებული ბროშურა შესთავაზეს. უშიშროების სამინისტრო ათი კვირის განმავლობაში აწარმოებდა საქმის გამოძიებას. სამინისტროს თანამშრომლებმა ეს ორი იეჰოვას მოწმე არაერთხელ გამოიძახეს დაკითხვაზე. 2015 წლის 17 თებერვალს მორიგ დაკითხვაზე მისული ირინა და ვალიდა გაოგნებულები დარჩნენ, რადგან ისინი მოულოდნელად დახურულ სასამართლო სხდომაზე a წაიყვანეს. მათ იქ ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას თავიდანვე ისე ექცეოდნენ, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ დამნაშავეებს. იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა: «გაოგნებული ვიყავი იმით, რომ გამომძიებელმა მათი საქმიანობა „საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებად“ მოიხსენია და მათ ბოროტმოქმედებასა და კანონის განზრახ დარღვევაში დასდო ბრალი. სინამდვილეში, ვალიდა იმ ქალთან იყო სასაუბროდ მისული, რომელიც ადრეც სიამოვნებით მსჯელობდა მასთან ბიბლიურ თემებზე და, რომელსაც ვალიდასთვის ბიბლიური ლიტერატურაც კი უთხოვია. ქალმა ვალიდა და ირინა სახლში შეიპატიჟა ჩაის დასალევად და მათგან რელიგიური შინაარსის ბროშურა აიღო».

მოწმეებს უხეშად ეპყრობიან და მათ წინააღმდეგ ილაშქრებენ

გისოსებიანი კაბინა სასამართლო დარბაზში

უშიშროების სამინისტროს ბრძანებით, თერთმეტი თვის განმავლობაში ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა სრულ იზოლაციაში ჰყავდათ. მათთან არ უშვებდნენ მნახველებს, არ აძლევდნენ დარეკვისა და მიმოწერის უფლებას და არც იმის ნებას რთავდნენ, რომ ბიბლია ჰქონოდათ. უშიშროების თანამშრომლები მათზე გამუდმებით ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აუტანელი მოპყრობისა და უძილობის გამო მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა მათი შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე.

დაპატიმრებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ უშიშროების სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით 2015 წლის მაისში, ივლისსა და სექტემბერში გამართულ პროცესებზე მოსამართლემ მათ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. როცა დეკემბერში საბოლოო მოსმენა უნდა გამართულიყო, მოსამართლე გეჰრემანოვმა სამჯერ გადადო პროცესი. სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 28 იანვარს გამოიტანა. ირინამ და ვალიდამ მთლიანობაში თითქმის ერთი წელი გაატარეს ციხეში.

სასამართლო პროცესებზე აშკარად გამოჩნდა უშიშროების სამინისტროს მიზანი, ჩაეხშო იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აზერბაიჯანში. სამინისტრო ითხოვდა, რომ სასამართლოს გაეხანგრძლივებინა ირინასა და ვალიდასთვის პატიმრობის ვადა, რათა ამ დროის მანძილზე დაედგინათ სხვა მოწმეების ვინაობა, რომლებიც მსგავს „დანაშაულს“ სჩადიოდნენ. ვიდრე ბრალდებულები ციხეში იყვნენ, სამართალდამცავები საშინელ დღეში აგდებდნენ იეჰოვას მოწმეებს ბაქოში: მათ გამუდმებით იბარებდნენ დაკითხვებზე, ჩხრეკდნენ მოწმეების სახლებს და არბევდნენ მათი თაყვანისცემის ადგილს.

მოწმეები საერთაშორისო სასამართლო ორგანოებს მიმართავენ

ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას ციხიდან გათავისუფლების თაობაზე იეჰოვას მოწმეებმა თხოვნით მიმართეს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. მათ არაერთი საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და თხოვნით მიმართეს გაეროს რამდენიმე ორგანოს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა მოწმეებმა ასობით წერილი გაუგზავნეს აზერბაიჯანის მთავრობას. იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლები აზერბაიჯანში ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მათ აგრეთვე წერილები გაუგზავნეს უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სთხოვეს, ჰუმანურობა გამოეჩინა დაპატიმრებული მოწმეების მიმართ.

2015 წლის 2 დეკემბერს გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ დაპატიმრებული მოწმეებისადმი უხეში მოპყრობით აზერბაიჯანის მთავრობამ დაარღვია მათი უფლებები და ხელი შეუწყო რელიგიურ დისკრიმინაციას. მან აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა, გაეთავისუფლებინა ციხიდან ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა და უსამართლოდ დაპატიმრების გამო მათთვის კომპენსაცია გადაეხადა. 2015 წლის 3 დეკემბერს კი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აზერბაიჯანის მთავრობას მოსთხოვა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ირინა ზახარჩენკო შინაპატიმრობაში გადაეყვანა.

სასამართლოს უსაფუძვლო განაჩენი გამოაქვს

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ეკრამ გეჰრემანოვმა პირველად მოისმინა „დაზარალებულის“ ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირინამ და ვალიდამ მას ბროშურა მისცეს. თუმცა პროცესის მსვლელობის დროს იგი გამუდმებით ცვლიდა ჩვენებას, ფაქტებს არათანმიმდევრულად გადმოსცემდა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა თავისივე ნათქვამთან. მან ვერ ახსნა, რატომ იყო „დაზარალებული“. შემდეგ მოსამართლემ ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას საშუალება მისცა, კითხვები დაესვათ „დაზარალებულისთვის“. ისინი ქალბატონს პატივისცემით ესაუბრნენ და ხაზი გაუსვეს იმას, თუ რა უზუსტობები და არათანმიმდევრულობა იყო მის ჩვენებაში. ბოლოს ირინამ და ვალიდამ „დაზარალებულს“ უთხრეს, რომ აპატიეს მისი საქციელი.

მოსამართლემ აგრეთვე მოისმინა ორი „მოწმის“ ჩვენება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რომელთაც ირინამ და ვალიდამ ვითომცდა რელიგიური ლიტერატურა მისცეს, რისთვისაც შესაბამისი ნებართვა არ გააჩნდათ. ამ მოწმეებს ხელი ჰქონდათ მოწერილი დოკუმენტზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ ირინა ზახარჩენკომ და ვალიდა ჯაბრაილოვამ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ სასამართლო პროცესზე მათ აღიარეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს წაკითხვის გარეშე მოაწერეს ხელი. დაკითხვის დროს მათ თქვეს, რომ არ იცნობდნენ ირინასა და ვალიდას და რომ ამ უკანასკნელთ მათთვის არანაირი რელიგიური ლიტერატურა არ მიუციათ. მესამე მოწმის ჩვენება მოსამართლემ ხმამაღლა წაიკითხა პროცესის მსვლელობისას, რომელშიც უზუსტობები და არათანმიმდევრულობა შეინიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ირინა ზახარჩენკოსა და ვალიდა ჯაბრაილოვას უდანაშაულობაზე მეტყველებდა, მოსამართლე ეკრამ გეჰრემანოვმა ისინი დამნაშავეებად ცნო. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა განაცხადა: „მიმაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება აბსურდულია. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, დაადგინა, რომ ამ ორ იეჰოვას მოწმეს უსამართლოდ მოექცნენ და მთავრობას მათი გათავისუფლება და კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. პარადოქსია, რომ ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოსამართლემ ისინი დამნაშავეებად ცნო“. მსჯავრდებულები გადაწყვეტენ, ისარგებლონ თუ არა უფლებით, გაასაჩივრონ მოსამართლის გადაწყვეტილება.

როდის დაესმება წერტილი აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეების დევნას

მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ხარობენ იმით, რომ ირინა ზახარჩენკო და ვალიდა ჯაბრაილოვა თავისუფლები არიან, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და გადიან საჭირო სამედიცინო მკურნალობას. თუმცა იეჰოვას მოწმეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის მთავრობა უსამართლოდ მოეპყრო ამ ორ უდანაშაულო და მშვიდობიან ადამიანს და რომ ქვეყნის უფლებამოსილმა პირებმა თავიანთი უკანონო საქციელის გამართლების მიზნით ისინი დამნაშავეებად ცნეს.

იეჰოვას მოწმეების გარდა, ბევრი იზიარებს იმ აზრს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ უხეშად დაარღვია რელიგიის თავისუფლების უფლება. საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს იმას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში კვლავაც ეძებენ შესაძლებლობებს, საერთო ენა გამონახონ მთავრობასთან და განიხილონ საკითხები თავიანთი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე.

a 2015 წლის 10 ნოემბერს უშიშროების სამინისტრომ ორი იეჰოვას მოწმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 1672-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა. აღნიშნული მუხლის თანახმად იკრძალება რელიგიური ლიტერატურის გავრცელება შესაბამისი ნებართვის გარეშე.