არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 24 აგვისტო
აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დამნაშავედ ცნო

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დამნაშავედ ცნო

2018 წლის 6 ივლისს აზერბაიჯანში ბარდას რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე ემილ მეჰდიევს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. სასამართლომ 18 წლის ემილი დამნაშავედ ცნო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, თუმცა პატიმრობა არ მიუსაჯა. მას უფლება არ აქვს, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პოლიციის თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, მას ეკრძალება ქვეყნის დატოვება.

2017 წლის დეკემბერში ძმა მეჰდიევი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაიწვია ბარდას რაიონის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტმა. სინდისის გამო მან უარი განაცხადა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ უწყების ჩაბარებაზე. მოგვიანებით ემილმა უფლებამოსილ პირებს აუხსნა, რომ საკუთარი მრწამსი არ რთავდა სამხედრო სამსახურის შესრულების ნებას. მან განაცხადა, რომ მზად იყო, სანაცვლოდ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეესრულებინა. უფლებამოსილმა პირებმა ძმა მეჰდიევს უთხრეს, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მსგავსი სამსახური, ამიტომ მისი საქმე ბარდას რაიონულ პროკურატურას გადაეცემოდა.

აღნიშნული საქმის თაობაზე არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც ბარდას რაიონულმა სასამართლომ ძმა ემილ მეჰდიევი დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი შეუფარდა. მართალია, ემილს პატიმრობა არ მიუსაჯეს, მაგრამ ის სისხლის სამართლის დამნაშავედ ითვლება იმის გამო, რომ დიდი ხნის დაპირების მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დღემდე არ დაუნერგავს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა თავისი მოქალაქეებისთვის.

მოხარულები ვართ, რომ ძმა მეჰდიევი ინარჩუნებს ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს რთული მდგომარეობის მიუხედავად (1 პეტრე 2:19).