არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 13 დეკემბერი
აზერბაიჯანი

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

იეჰოვას მოწმეები აზერბაიჯანში სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

2016 წლის 2 დეკემბერს აზერბაიჯანში გორანბოის რაიონული პოლიციის განყოფილებამ ადგილობრივ სასამართლოში საქმე აღძრა იეჰოვას მოწმე ზიად დადაშოვის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის რელიგიურ მსახურებას ასრულებდა. სასამართლოში ზიად დადაშოვის ოთხმა თანასოფლელმა დაადასტურა, რომ ბრალდებული მათ საკუთარ მრწამსს უზიარებდა და ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა. გორანბოის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შირზად ჰუსეინოვმა უკანონო რელიგიურ საქმიანობაში a ბრალდებული ზიად დადაშოვი დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმა 1 500 მანათი (846 აშშ დოლარი) დააკისრა. ზიად დადაშოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და მის გასაჩივრებას აპირებს.

გორანბოის რაიონში იეჰოვას მოწმეები ჯაარი სულეიმანოვა და გულნაზ ისრაფილოვა თვეების განმავლობაში სტუმრობდნენ ერთ ქალბატონს, რომელიც სიამოვნებით მსჯელობდა მათთან ბიბლიურ თემებზე. იმის გამო, რომ გორანბოის რაიონში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი რეგისტრირებული არ არის, რაიონული პოლიციის განყოფილებამ ეს ორი იეჰოვას მოწმე უკანონო რელიგიურ მსახურებაში დაადანაშაულა. 2016 წლის 17 ნოემბერს გორანბოის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ისმაილ აბდურაჰმანლიმ მათ ჯარიმის სახით 2 000 მანათი (1 128 აშშ დოლარი) დააკისრა. ჯაარი სულეიმანოვა და გულნაზ ისრაფილოვა ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საერთაშორისო სამართლის იურისტი ჯეისონ უაიზი აღნიშნავს: „აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაცია იმაზე მოწმობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება პატივს არ სცემს ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო სტანდარტებს რელიგიის თავისუფლების შესახებ, თუმცა გორანბოის რაიონის მაღალჩინოსნების ქმედება საპირისპიროზე მეტყველებს“.

a აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იეჰოვას მოწმეების რელიგია ოფიციალურადაა რეგისტრირებული. ზიად დადაშოვი ადმინისტრაციული კოდექსის 515.0.4 მუხლის დარღვევაში დაადანაშაულეს, რომლის თანახმადაც „ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს ეკრძალებათ რელიგიური მსახურების შესრულება იმ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სადაც რეგისტრირებული არიან“.