არჩეულ მასალაზე გადასვლა

როიალ კარიმოვი და სეიმურ მამადოვი

2023 წლის 4 იანვარი
აზერბაიჯანი

როიალ კარიმოვი და სეიმურ მამადოვი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს

როიალ კარიმოვი და სეიმურ მამადოვი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს

როიალ კარიმოვი და სეიმურ მამადოვი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს. ორივე მათგანმა სინდისის საფუძველზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც დააპატიმრეს.

სასამართლომ უარყო სეიმურის თხოვნა, შეესრულებინა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. ის გაასამართლეს და 2022 წლის 22 სექტემბერს 9-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ გადაწყვეტილებით აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებული ორი გადაწყვეტილება. სეიმურის ადვოკატებმა გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, 2022 წლის 12 დეკემბერს, განჯას სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა პირობითი სასჯელით შეცვალა. მართალია, სეიმური ამჟამად თავისუფალია, მაგრამ ის აპირებს, აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს უსამართლოდ გამოტანილი განაჩენი.

ციხეში ყოფნისას სეიმურს ეკრძალებოდა ბიბლიის ქონა და წერილების მიღება, თუმცა იეჰოვა სულ მხარს უჭერდა. იგი იხსენებს: «სასამართლო მოსმენის წინა დღეს ფურცელზე დავწერე იესო ნავეს ძეს 1:5, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან. თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!“». სწორედ ამ სიტყვებმა შემატა ძალა სეიმურს, როცა დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ის ამბობს: „ფაქტობრივად, ციხეში ყოფნის დროს ჩემთვის ეს სიტყვები გახდა ყოველდღიური მუხლი“.

2022 წლის 30 მაისს როიალი გადაბეის რაიონის მობილიზაციისა და სამხედრო გაწვევის სამსახურში დაიბარეს. როიალმა უარი განაცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულებაზე და მოითხოვა მისთვის ალტერნატიული სამსახურის შესრულების უფლება მიეცათ, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2022 წლის 25 ივლისს როიალი დააკავეს და 2022 წლის 1 ნოემბრამდე სამხედრო ნაწილში უკანონოდ ჰყავდათ მოთავსებული. როიალი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა გამოიძიონ გადაბეის რაიონის მობილიზაციისა და სამხედრო გაწვევის სამსახურის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებები.

როიალი იხსენებს: „როდესაც მითხრეს, რომ სამხედრო ნაწილიდან ჩემს გაშვებას არ აპირებდნენ, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. თუმცა ვცდილობდი, არ დამვიწყებოდა, რომ ეს ჩემი რწმენის გამოცდა იყო“.

როცა როიალი პატიმრობაში იმყოფებოდა, მის დას უფლება მისცეს, მოენახულებინა ის. მან როიალს ბიბლია მისცა, რომელიც სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა. როიალი ამბობს: „ზოგჯერ იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა იეჰოვა ძალას მაძლევდა. განსაკუთრებით ბიბლიის კითხვა და ლოცვა მგვრიდა სიმშვიდეს“.

ვლოცულობთ, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს ჩვენი ძმების დაკავება და ხელმისაწვდომი გახადოს ალტერნატიული სამსახური, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ (1 ტიმოთე 2:1, 2).