2018 წლის 17 დეკემბერი
აზერბაიჯანი
ვაჰიდ აბილოვი აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოს მიმართავს
2018 წლის 31 ოქტომბერს აზერბაიჯანში განჯის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრი ედება 19 წლის ვაჰიდ აბილოვს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. მართალია, ძმა ვაჰიდი პატიმრობაში არ იმყოფება, მაგრამ მას შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი, რომელიც არაერთ შეზღუდვას ითვალისწინებს. მაგალითად, ის ვალდებულია, ყოველკვირა გამოცხადდეს პრობაციის სამსახურში; გარდა ამისა, მას ეკრძალება აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება. ვაჰიდი აპირებს, მიმართოს უზენაეს სასამართლოს, რაც მისთვის აზერბაიჯანის სასამართლო სისტემაში სამართლის აღდგენის უკანასკნელი შესაძლებლობაა.
ძმა ვაჰიდს ნეიტრალიტეტის დაცვის გამო 2017 წლის მაისიდან შეექმნა პრობლემები. ამ დროს მას 18 წელი შეუსრულდა და როგორც კანონით მოითხოვებოდა, უნდა გამოცხადებულიყო აღდამის რაიონის მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტში. მან წარადგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც ხსნიდა, რატომ ვერ იმსახურებდა სამხედრო სამსახურში. ის წერდა: „ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ მრთავს, ვიმსახურო სამხედრო სამსახურში. არც კი მიფიქრია, თავიდან ამერიდებინა ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულება. უმორჩილესად გთხოვთ, შესაძლებლობა მომცეთ, სამხედრო სამსახურის ნაცვლად, გავიარო ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური“. აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებაზე უფლებამოსილმა პირებმა მას სასტიკი უარი განუცხადეს და 2018 წლის 9 ივლისს ბრალი დასდეს სამხედრო სამსახურის განზრახ თავიდან არიდებაში.
განჯის სააპელაციო სასამართლო მოსმენის დროს, ძმა აბილოვმა კიდევ ერთხელ ახსნა მიზეზები, რის გამოც უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. მან სასამართლოს წინაშე წაიკითხა ესაიას 2:4 და თქვა, რომ ბიბლიის პირადი გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა ესწავლა ომი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, გაითვალისწინებს თუ არა უზენაესი სასამართლო ძმა აბილოვის თხოვნას.
როდესაც 2001 წელს აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი გახდა, საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ მიიღებდა კანონს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შექმნის თაობაზე. თუმცა ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია. ამის შედეგია ის, რომ ჩვენს ძმებს, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე და ნეიტრალიტეტს იცავენ, რეგულარულად ექმნებათ პრობლემები. 2018 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რაიონულმა სასამართლომ სამხედრო სამსახურზე განზრახ თავის არიდების მიზეზით დაადანაშაულა კიდევ ერთი ძმა, ემილ მეჰდიევი და მას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. ძმა ემილმაც შეიტანა სარჩელი უზენაეს სასამართლოში. გარდა ამისა, მსგავს საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოთხი საქმეა განსახილველად გადაცემული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ძმები კვლავაც იეჰოვაზე არიან მინდობილნი და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ (იოანე 15:19).