2019 წლის 11 დეკემბერი
ალბანეთი
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის გამოცემა ალბანურ ენაზე
2019 წლის 8 დეკემბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მდებარე „ასლან რუსის სპორტის სასახლეში“ გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ალბანურ ენაზე. *
ალბანეთში დაახლოებით 2,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა მსოფლიო მასშტაბით თითქმის 7,6 მილიონი ადამიანი საუბრობს ალბანურ ენაზე. იეჰოვას მოწმეებმა ალბანურ ენაზე ჩამოაყალიბეს კრებები და ჯგუფები შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, თურქეთი, ინგლისი, იტალია, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, შეერთებული შტატები და ჩრდილოეთი მაკედონია. ახალი ალბანური ბიბლია დიდ დახმარებას გაუწევს ალბანეთის ფილიალის ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ 5 800-ზე მეტ მაუწყებელს.
გადამუშავებულ ბიბლიაში შესულია ისეთი თავისებურებები, როგორიცაა: დანართები, სქოლიოები, ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი და რუკები. ვხარობთ ჩვენს ალბანელ და-ძმებთან ერთად, რომელთაც უკვე აქვთ ღვთის სიტყვის თანამედროვე, მარტივი და გასაგები ენით შესრულებული თარგმანი (მათე 13:16).
^ აბზ. 2 ალბანურ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია 2005 წელს გამოიცა.